აზია-წყნარი ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სტარტაპი, რომელმაც უნიქორნის სტატუსი სულ ახლახან დაიმსახურა, მალე საფონდო ბირჟაზე აქციათა განთავსებას გეგმავს. კომპანიის ამბიციური გეგმები ინვესტორთა სიმრავლითაც შეიძლება აიხსნას. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ინვესტორთა სიაში Softbank-იც გვხვდება.
Carro – ეს გახლავთ სამხრეთ-აღმოსავლეთაზიური ონლაინავტობაზრობა, რომელიც ავტომანქანების შესახებ შეთანხმებებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამარტივებს. კომპანია 2015 წელს დაარსდა და მან უნიქორნის სტატუსს, ანუ 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებას მიმდინარე წლის ივლისში მიაღწია. ინვესტირების ბოლო რაუნდის შემდეგ Carro-მ 360 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შეძლო.
აზიური კომპანია აღნიშნული სტატუსის მიღებით შეუერთდა სფეროს გიგანტთა რიგებს, რომლებიც მის კონკურენტებს წარმოადგენენ. მალაიზიური Carsome და გერმანული Carmudi ბაზრის წამყვანი ონლაინპლატფორმებია. Carmudi-ის საერთო ღირებულება 50 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და საკმაოდ სწრაფად იზრდება.
შეგახსენებთ, რომ მეორეული ავტომობილების ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინდუსტრიაა, აზიის რეგიონი კი ამ მხრივ საკმაოდ სარფიან არეალს წარმოადგენს. რეგიონში ავტომანქანების გაყიდვის სრული მაჩვენებლიდან უდიდესი წილი სწორედ მეორეულ ავტომობილებზე მოდის მათი შედარებით დაბალი ღირებულების გამო. იმავეს თქმა არ შეიძლება შეერთებული შტატების ბაზრის შემთხვევაში, რადგან აქ მეორეული ავტომობილების ბაზარი სერიოზული პრობლემების წინაშეა.