ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ადამიანები, რომლებსაც გუნება-განწყობის აშლილობის, მათ შორის დეპრესიისა და შიზოფრენიის სპექტრული დარღვევების დიაგნოზი აქვთ დასმული, COVID-19-ის დაავადების მძიმე ფორმით განვითარების მაღალი რისკის შემცველ ჯგუფში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია CDC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილება ქვეყანაში მცხოვრებ ზემოხსენებული სახის მენტალური დარღვევების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერული დოზა გაიკეთონ.
მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ისგან განკურნებული ადამიანების მესამედზე მეტს, ვირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ ნევროლოგიური ან მენტალური პრობლემები შეექმნა. ამ გართულებებმა განსაკუთრებით იჩინა თავი იმ პაციენტებში, რომლებშიც დაავადება შედარებით მძიმე ფორმით მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, მიმდინარე თვეში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გუნება-განწყობის აშლილობასა და კორონავირუსით ინფიცირების, ასევე, დაავადების გართულების გამო ჰოსპიტალიზაციისა და COVID-19-ით სიკვდილის მაღალ რისკს შორის კავშირი დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ცოტა ხნის წინ ფარმაცევტული კომპანიების – Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და Johnson and Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერული დოზების გამოყენების ნებართვა გასცა. ის ჯერჯერობით COVID-19-ის დაავადების მძიმე ფორმით განვითარების მაღალი რისკის შემცველ ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი.
დატოვე კომენტარი