კლიმატური ცვლილებების გავლენა ბიზნესზე ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორებისთვის უკვე შესამჩნევი ხდება. კლიმატური კრიზისის პასუხად ხელმძღვანელები მკაცრი ზომების შემოღებას და ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად ემისიების შემცირებას იწყებენ.
გაეროს გლობალური შეთანხმებისა და Accenture-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები უკვე არა აბსტრაქტული პერსპექტივა, არამედ რეალობაა. კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და 113 ქვეყანასა და 21 ინდუსტრიაში მოღვაწე 1,200-ზე მეტ აღმასრულებელ დირექტორს მოიცავს. გამოკითხული CEO-ების ნახევარი კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე მიწოდების ჯაჭვის პრობლემატურობას, სურსათისა და სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენლები კი წარმოებაზე კლიმატის გავლენას უსვამს ხაზს.
მიმდინარე წლის დასაწყისში, კლიმატური ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის მოხსენების თანახმად, გლობალური ტემპერატურა, ადამიანის საქმიანობის გამო წარმოებული სათბურის გაზებისა და კლიმატური ცვლილების გავლენით, უკვე გაზრდილია 1.1˚C-ით. 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევა საუკეთესო საშუალებაა ტემპერატურის 1.5˚C-ზე მეტით გაზრდის შესაკავებლად. მიუხედავად ამისა, კომპანიების უმრავლესობა სამომავლო კლიმატური გამოწვევებისთვის თავს მოუმზადებლად მიიჩნევს და მთავრობებისგან მკაფიო მითითებების განსაზღვრას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების 31% ინვესტორებს უმნიშვნელოვანეს და გავლენიან ფიგურებად ასახელებს სამომავლო მდგრადობის გეგმის განხორციელებისთვის. ასევე მონაცემები ცხადყოფს, რომ G20-ის ქვეყნების უმსხვილესი ორგანიზაციებიდან, სტატისტიკურად სამიდან ერთი კომპანია აწესებს ნულოვანი ემისიის მიზნებს, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს ყოველი მეხუთე კომპანიის შემთხვევაში ხდებოდა.
გაეროს გლობალური შეთანხმებისა და Accenture-ის კვლევაში მონაწილე CEO-ების უმეტესობა (64%) აცხადებს, რომ მათ უკვე დაიწყეს ნულოვანი ბიზნესის მოდელებზე გადასვლისთვის მზადება, თუმცა მათი მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ მოწინავე დონეზე არიან და ზომავენ ღირებულების ჯაჭვის ემისიებს. გარდა ამისა, Microsoft-ისა და გოლდსმიტის უნივერსიტეტის ანგარიშმა აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში გამოკითხულ 1,700 კორპორაციულ ლიდერს შორის მხოლოდ 17%-ს აქვს შედგენილი დეტალური პროგრამა ორგანიზაციის ნულოვანი ემისიის მიღწევისთვის, მაშინ როდესაც 64%-ს საკითხი ორგანიზაციის გარემოსდაცვით სტრატეგიაში აქვს შეტანილი.
დატოვე კომენტარი