დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის საჯარო მოვალეობების შესრულებას გადადებს, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სასახლეში აღნიშნავენ, 75 წლის ჩარლზი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში, დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა, „დადებითად არის განწყობილი“ მისი მკურნალობის მიმართ და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე განაახლოს საჯარო მოვალეობების შესრულება.
გასულ თვეში ჩარლზმა სამი ღამე გაატარა საავადმყოფოში, სადაც მას გადიდებული პროსტატის გამო მაკორექტირებელი პროცედურა ჩაუტარდა. სასახლეში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში ვიზიტის დროს მეფის ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც გამოიკვეთა, თუმცა სიმსივნის ფორმისა და ბუნების შესახებ დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება. როგორც წყარო აღნიშნავს, ეს არ არის პროსტატის კიბო.
„მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო რეგულარული მკურნალობის რეჟიმი, რომლის დროსაც მას ექიმებმა ურჩიეს გადაედო საჯარო მოვალეობები”, – განაცხადეს სასახლეში. „ამ პერიოდის განმავლობაში, მისი უდიდებულესობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს სახელმწიფო საქმიანობისა და ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებას“.