სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ახალი საქველმოქმედო პროექტი „ჩართე“ გამოჩნდა. Charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევს, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტი და კომპიუტერი დაუფინანსონ. 2000-ზე მეტი ყოველთვიური შემომწირველის წყალობით, პროექტ „ჩართეს“ ფარგლებში უკვე 1000-ზე მეტ უფროსკლასელს აქვს წვდომა ინტერნეტზე. გარდა ამისა, მოსწავლეებს „ჩართეს“ პარტნიორების საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის საშუალებაც ეძლევათ, პროექტის წარმომადგენლები მათ ტრენინგებს უტარებენ და დონორობას უწევენ.
რაც ყველაზე მთავარია, „ჩართეს“ საქმიანობა ყველასთვის, უპირველესად კი მათი დონორებისთვის სრულად გამჭვირვალეა. პროექტში ჩართვის სურვილის შემთხვევაში თქვენ ყოველთვიურად მიიღებთ „გამჭვირვალობის ანგარიშს“ და გეცოდინებათ, თუ როგორ დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა. „ჩართეს“ პროექტის მასშტაბები საქართველოში სულ უფრო მეტად ფართოვდება, ამის პარალელურად კი პროექტი გლობალურად გასვლასაც გეგმავს. პროექტის მიზნების, მის მიერ გამოღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Forbes Georgia „ჩართეს“ თანადამფუძნებელს, რუსუდან ჯაყელს ესაუბრა.
პირველ რიგში, გვითხარით, როდის და საიდან გაჩნდა „ჩართეს“ შექმნის იდეა?
„ჩართე“ 2017 წლიდან საქმიანობს. პლატფორმისა და პროექტის შემქმნელია Educare Georgia – საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს, ტექნოლოგიების დახმარებით, საქართველოში ნებისმიერ ადამიანს მისცეს წვდომა მსოფლიო დონის განათლებაზე. Educare Georgia 2015 წლიდან აქართულებს ისეთ წამყვან საგანმანათლებლო რესურსებს, როგორიცაა „ხანის აკადემია“ (Khan Academy) და Code.org. დღეს ქართულ „ხანის აკადემიას“ თვეში საშუალოდ 130 ათასი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს უფასოდ, ქართულად, საკუთარი ტემპით. უკვე ხელმისაწვდომია 5 ათასზე მეტი ვიდეოგაკვეთილი და ათასობით საკითხავი მასალა ისეთ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა.
2017 წელს, როდესაც გუნდი „ხანის აკადემიისა“ და სხვა რესურსების პოპულარიზაციასა და დანერგვაზე მუშაობდა, თანამშრომლები ხშირად სტუმრობდნენ რეგიონულ სკოლებში. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც განსაკუთრებით სჭირდებოდა უფასო ონლაინსწავლების რესურსები (იმისათვის, რომ სასკოლო მასალა აეთვისებინათ და თანატოლებს არ ჩამორჩენილიყვნენ), არ ჰქონდათ ინტერნეტი და კომპიუტერი და, შესაბამისად, ვერ იყენებდნენ ამ რესურსებს.
ასე გაჩნდა პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.
„ჩართეს“ შექმნიდან დაახლოებით რა პერიოდში გაჩნდა დაინტერესება პირველი დონორის მხრიდან და როგორ გახდა ეს პროექტი მისთვის ცნობილი?
თავდაპირველად პროექტს, ძირითადად, კერძო დონორები უჭერდნენ მხარს, თუმცა 2018 წლიდან უკვე რამდენიმე კორპორაციაც შემოგვიერთდა.
ამჟამად „ჩართეს“ დონორებს შორის მრავალი კომპანია თუ ინდივიდუალური პირი გვხვდება. როგორ ხდება დაფინანსება და რა განსხვავებაა კომპანიებისა და ერთი პირის დონორობას შორის?
„ჩართეს“ ჰყავს როგორც კერძო დონორები, ისე კორპორაციული პარტნიორები. კერძო დონორები რიგითი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ, პლატფორმის მეშვეობით თუნდაც 1 ლარით და სულ რამდენიმე დაწკაპუნებით დააფინანსონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელის ინტერნეტისა და კომპიუტერის ხარჯები. შეუძლიათ, ასევე, მიუთითონ, შემოწირულების რა ნაწილი უნდა დაეთმოს ადმინისტრაციულ ხარჯებს (მარკეტინგს, პლატფორმის განვითარებას და ა.შ.).
კორპორაციული პარტნიორები, როგორც წესი, მოსწავლეებისთვის აფინანსებენ კომპიუტერებს, ინტერნეტს და ტრენინგებს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინგანათლებაში. ნებისმიერ კომპანიას თუ ორგანიზაციას შეუძლია, დაუკავშირდეს „ჩართეს“ და პროექტს მხარი სასურველი თანხით დაუჭიროს.
როგორც ვიცით, თქვენს ინვესტორებს შორის უკვე არიან უცხოური ორგანიზაციებიც, მათ შორის ფრანგული Secours Populaire და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება. რა ხდება ამ მიმართულებით და რამდენად დიდია ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან, „ჩართეს“ დონორები გახდნენ?
„ჩართეს“ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უჭერს მხარს, რომლებიც საქართველოშიც საქმიანობენ. მაგალითად, ღია საზოგადოების ფონდი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გაეროს განვითარების პროგრამა და Secours Populaire (ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში უჭერს მხარს ჩვენს პროექტებს) და ა.შ. ძირითადად, ეს ორგანიზაციები ზრუნავენ ახალგაზრდებისთვის ან მათი სეგმენტისთვის შესაძლებლობების, განათლების უზრუნველყოფაზე. ზოგიერთი ორგანიზაცია ასევე „ჩართეს“ გაძლიერებაშიც იღებს მონაწილეობას.
ბენეფიციარების მოძიების პროცესზე რას გვეტყვით, რა ძირითად კრიტერიუმებს ექცევა ყურადღება შერჩევისას?
როდესაც ამა თუ იმ რეგიონში ვიწყებთ მუშაობას, ადგილობრივ სკოლებს ვუკავშირდებით. მათგან გამოვითხოვთ იმ სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა სიას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:
- მათ აქვთ 70,000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა (ანუ იღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან);
- მათ არა აქვთ ინტერნეტი ან/და კომპიუტერი;
- ისინი არიან დამამთავრებელ კლასებში (10-12).
რამდენი რაიონია ამჟამად ათვისებული? ასევე, კონფლიქტისპირა სოფლებშიც მუშაობის გამოცდილებაზე რას გვეტყვით?
თავდაპირველად მუშაობა თბილისსა და ახლომდებარე კონფლიქტისპირა დასახლებებში დავიწყეთ. მხარდაჭერების მატებასთან ერთად ჩვენი მასშტაბებიც გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, კომპიუტერები და ინტერნეტი დავუფინანსეთ სამეგრელოს, გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პროექტში უკვე 1 500 -მდე მოსწავლეა ჩართული.
ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა, მუდმივად ვცდილობდით, კონფლიქტისპირა დასახლებებში აქტიურად გვემუშავა.
მოგეხსენებათ, კონფლიქტისპირა დასახლებებში სოფლების შესასვლელებთან განთავსებულია საპოლიციო პოსტები და ზოგიერთ დასახლებაში შესასვლელად ნებართვაა საჭირო, რაც სამუშაო პროცესს აფერხებდა. გვქონდა შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მარტო გადაადგილება საშიში იყო და პოლიციის ესკორტთან ერთად გვიწევდა მუშაობა. მოსახლეობის მხრიდანაც ვიღებდით რეკომენდაციას, რა გზები არ უნდა გამოგვეყენებინა, რადგან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად გადმოდიან რუსი ჯარისკაცები , რომლებიც გარკვეულ საფრთხეს უქმნიან იმ გზაზე მყოფ პირებს, განსაკუთრებით – საღამოს საათებში.
რა შედეგი მოჰყვა „ჩართეს“ საქველმოქმედო საქმიანობას? როგორ შეცვალა ბენეფიციარების ცხოვრება „ჩართემ“?
„ჩართეს“ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, ჩვენი მოსწავლეები პროექტში მონაწილეობიდან ერთ წელიწადში საშუალოდ აუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და წიგნიერებას, განათლებისთვის ინტერნეტის მოხმარების სიხშირეს, ზოგად და მენტალურ კეთილდღეობასა და სხვა. იხილეთ წინასწარი შედეგების სრული ანგარიში.
- იხილეთ ვიდეო ჩვენი გუნდისგან ინტერნეტის მნიშვნელობასა და გავლენაზე აქ
- დონორებსა და საზოგადოებას ასევე მუდმივად ვუზიარებთ მოსწავლეების წარმატების ისტორიებს. ვიდეომასალასა და ტექსტებს იხილავთ აქ.
დაბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვიამბოთ. როგორც ვიცით, „ჩართე“ უკვე გლობალურადაც გეგმავს გასვლას. რა ცვლილებებია მოსალოდნელი ორგანიზაციაში?
ჩვენმა გუნდმა დაარეგისტრირა ორგანიზაცია ამერიკაში და განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მხარდაჭერით ახლახან გაუშვა ახალი საერთაშორისო პლატფორმა GiveInternet.org. საიტზე მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტისა და კომპიუტერის ხარჯები მოწყვლად ახალგაზრდებს. პროექტზე, მათ შორის, შესაძლებელია „ჩართეს“ მოსწავლეების დაფინანსებაც. ამჟამად საიტზე განთავსებულია სხვა პროექტებიც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უგანდა და ბანგლადეში.
როგორც „ჩართეზე“, ისე GiveInternet.org-ზეც განთავსებულია თითოეული მოსწავლის ისტორია, თითოეული პროექტი, ხარჯი და ფინანსური დოკუმენტი. დონორები იღებენ გამჭვირვალობის დეტალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს, როგორ დაიხარჯა მათი თანხა, ვის დაეხმარნენ და როგორ შეცვალეს მათი ბენეფიციარების ცხოვრება.
გუნდი მომავალ თვეებში გეგმავს, მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია პლატფორმის შესახებ და მოიზიდოს საერთაშორისო დონორები, რომ მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ წერტილში მისცეს წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს.
დატოვე კომენტარი