ისეთ, პირველი შეხედვით, წმინდად ესთეტიკურ საკითხს, როგორიცაა საპირფარეშოების მოწყობის ხარისხი, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ეკონომიკაზე, ტურიზმზე და ერის ჯანმრთელობაზეც კი. ამ პრობლემის მოგვარებაც უფრო მრავალგანზომილებიანია, ვიდრე კარგად ნაცნობი ჩეჩმის აგებულება. დაგეგმვის თვალსაზრისით, საფუძველი ჩაყრილია: განსახორციელებელი ჯერ ბევრია.
ამ იანვარს ყაზბეგში თოვლი წამოვიდა. პირველივე დღეს ნახევარ მეტრზე მეტი დადო, რამდენიმე დღეს არ გაჩერებულა და თოვლმა ჩემს უსაყვარლეს სოფელ სიონში ერთ მეტრსა და ორმოცდაათ სანტიმეტრს გადააჭარბა. ჩემმა მეზობლმა, ვაჟა კობაიძემ, დილით, როცა ორგანიზმმა შესახსენებელი შეახსენა, კარი გამოაღო და გახედა ეზოს ბოლოში მდგარ მეტად საჭირო პარალელეპიპედს. ფეხსალაგს ოცმეტრიანი, კისრამდე თოვლით დაფარული მანძილი აშორებდა. შორიდან მდინარე ტერხენას მონოტონური ხრიალი ისმოდა. ორგვარი გრძნობა ვაჟას ემოციებს ნაირგვარად შლიდა: ორწლიანი უთოვლობის შემდეგ სპეტაკი, ფაფუკი მასა სადღაც მზის წნულიდან აკანკალებდა და ბავშვურ თავაწყვეტილ სიხარულს იწვევდა, თუმცა წუხანდელ დალეულზე ამღვრეული მუცელი ამ სიხარულს ჩანასხშივე აბათილებდა და, თანდათან, ვაჟას განგაშის სიგნალით იპყრობდა, მერე ბოლომდე შეიპყრო და ვაჟა ნამქერში გმინვით შევარდა. თუმცა ორი ნაბიჯის შემდეგ მიხვდა, რა საშიშროების წინაშე იდგა, მობრუნდა და ბოსელში შეასწრო.
ყაზბეგიდან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ ალექსანდერპლაცზე კი ერთი წიგნის მაღაზიაა, რომელიც ძირითადად გამვლელ ტურისტებზე მუშაობს. გარეთ ყოველთვის უყრიათ შესაბამისი თემატიკის წიგნები, რომელმაც შეიძლება გამვლელის ყურადღება მიიპყროს. წიგნები ჰიპსტერულ-დრაგ-ბერლინურია, გამვლელების ცნობიერებაც ძირითადად წიგნების თემას ემთხვევა და ასე შენდება მათი სოფელი. მეც ვიყიდე ერთხელ გავლისას ენდი უორჰოლის პოლაროიდების ალბომი. მართლა ძალიან კარგი წიგნი, ყოველგვარი გავლა-გამოვლის გარეშე.
ამ მაღაზიაში ერთხელ სეილზეც შევიარე, ერთ- ერთ წიგნს, ლონდი პადელსკის “Outhouses”-ს, 80%-იანი ფასდაკლება ჰქონდა. რიგში ჩამდგარ ბევრ ადამიანსაც შევუნიშნე ხელში ხსენებული ეგზემპლარი. ავიღე და გადავათვალიერე, თან მაინტერესებდა, რას ნიშნავს “აუთჰაუსი”.
აუთჰაუასი თურმე არის ჩეჩმა. ამ წიგნში თავმოყრილია ამერიკის ყველაზე ეგზოტიკური ჩეჩმები: კარზე ამოჭრილი გულით, შიგნით სავარძლით, ზოგიც დეტექტივებით – მოკლედ, მთელი სპექტრი. წერისა და გადაღების რომანტიკულ სტილზე ავტორს ეტყობა, რომ სიმთვრალეში ჩეჩმის თავზე არასოდეს ჩაკუზულა და ადგომისას არ წაქცეულა სიმყრალეში.
ჩეჩმის პრობლემის სიმწვავეს პირველად მაშინ მივხვდი, როცა ყაზბეგში, ჩემი ყოფილი შეყვარებული ნოემი სამი დღე ვერ შედიოდა ტუალეტში.
უფრო განზოგადებულად რომ ვიფიქროთ, ალბათ ვერც დავთვლით, რამხელა ზარალს აყენებს ქვეყანას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა. ერთ- ერთმა ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც ნარჩენების გადამუშავების პრობლემაზე ვესაუბრებოდი, თქვა, “რა დროს ნარჩენებია, ქვეყნის 70% ჩეჩმაში შვრება“. ძალიან სამწუხაროა, როცა ქვეყანა, რომლის გადარჩენის შანსის უდიდესი ნაწილი ტურიზმზე მოდის, ამ ძირეულ პრობლემას ჯერჯერობით ვერ ჭრის.
რაიონებში კაპიტალური კანალიზაცია მხოლოდ რაიონულ ცენტრებშია გაყვანილი, ისიც ძირითადად საბჭოთა პერიოდში, ხშირად მოძველებული და ამორტიზებული. სოფლები, საკმაოდ პროზაულად, ღია დეფეკაციას ახდენენ. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი საშინლად არაესთეტურია, დაავადებების გავრცელების საშიშროებაც დგას. გადაუმუშავებელი ბიოლოგიური და ქიმიური ნარჩენები განუზომელ ზარალს აყენებს ქვეყანას, სადაც ტურისტული და ბიოპროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის ნიშის დაკავებაზე ფიქრობენ. პატარა, რესურსების არმქონე ქვეყნისთვის ეს რაციონალური გამოსავალია.
“2015 წლამდე საქართველოსთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტი არ იყო, – ამბობს ქალბატონი ნელი კორკოტაძე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. – არ არსებობდა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც კანალიზაციის პრობლემაზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებასა და მსგავს საკითხებზე იქნებოდა პროფილირებული. არ არსებობს გამოკვეთილი პრობლემატური რეგიონი, რომლის საკანალიზაციო წყლებით დაბინძურება სხვა რეგიონის დაბინძურებაზე აქტუალური პრობლემა იყოს.
ყველასათვის ცნობილია, რომ სოფლებში ბიოლოგიური და საყოფაცხოვრებო ქიმიური ნარჩენები პირდაპირ ჩაედინება მდინარეში, ან ნიადაგის გავლით ხვდება მიწისქვეშა წყლებში. წელს უკვე შემოვა სანქციები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკურ პირს 150-დან 500 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება, იურიდიულ პირს – 500-დან 2000-მდე“. ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს აიძულებს, წყლის სისუფთავე კანონით დაიცვას. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგეგმილი აქვს 2015 წლიდან ხანგრძლივი და ძვირი პროექტის დაწყება, რომლის მიზანიცაა სრულიად საქართველო მოიცვას კანალიზაციით.
ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება იმედს იძლევა, რომ ჩეჩმის უზარმაზარი პერიოდი საქართველოს ისტორიაში დასასრულს უახლოვდება. ჩეჩმის ეპოქის დასრულებას გვპირდება საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, თუმცა დასძენს, რომ ეს იქნება დაახლოებით ათწლიანი და ძვირი პროცესი. სასიხარულო ის ფაქტია, რომ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მუნიციპალიტეტის თანამედროვე სტანდარტის წყალკანალიზაციით აღჭურვა უკვე დასრულებულია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მათ მიერ აღებული ვალდებულებით, წყლისა და კანალიზაციის სისტემა ევროსტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამას აუცილებლად შეასრულებენ:
“აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით სამინისტრომ ანაკლიაში, განმუხურსა და მესტიაში საკანალიზაციო ქსელი უკვე გაიყვანა, მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. გაფორმებულია ხელშეკრულება ურეკი-შეკვეთილში კანალიზაციის ქსელის მშენებლობაზე, რომელიც 2017 წელს დასრულდება. საერთო ჯამში ამ რეგიონებზე დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება.
შვედეთის განვითარების ფონდმა გამოყო 11 მილიონი ევრო, რომლის მეშვეობითაც წყალტუბოსა და თელავში დაიწყება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
დაახლოებით ორ წელში მოგვარდება ქუთაისისა და მესტიის კანალიზაციის პრობლემა, რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, დროთა განმავლობაში ყველა რეგიონის პრობლემის მოგვარება მოხდება. დღეისათვის კი ყველა მათგანის მდგომარეობა თანაბრად მძიმეა“, – აცხადებს გიორგი ამაშუკელი.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონებიდან ერთ- ერთი პირველი გუდაური იქნება, სადაც წყალმომარაგებაც და კანალიზაციაც მოსახლეობისა და დამსვენებლების რაოდენობის შესაბამისად მოეწყობა. ადგილობრივი ბიზნესმენების თქმით, გუდაურში მოხდება არა მხოლოდ შემომავალი, არამედ გამავალი წყლის მოცულობის აღრიცხვა და გადასახადის დაწესება.
“გუდაურის კანალიზაცია გაყვანილია საბჭოთა კავშირის დროს. ის გათვლილი იყო გაცილებით მცირე რაოდენობის დამსვენებელზე, ვიდრე ახლა ჩადის გუდაურში. შესაბამისად, მომარაგება და გამწმენდი ნაგებობა 4000 ადამიანს გაჭირვებით ჰყოფნის. ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მუშავდება პროექტი, რომლის განხორციელებაც გაზაფხულიდან დაიწყება და დაახლოებით ორ წელს გასტანს. შედეგად, გუდაურის წყალმომარაგება აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, წყალი აღარასოდეს გაიყინება მილებში და კანალიზაციის პრობლემაც მოგვარდება. თანხებს, რომელთა მოცულობა ჯერ დადგენილი არაა, მთლიანად სამინისტრო მოიძიებს და გაიღებს“, – ამბობს გუდაურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.
ახალ რეგულაციებთან ერთად სასტუმროებსა და კერძო პირებს მოუწევთ კუსტარულად გაკეთებული საკანალიზაციო სისტემების სტანდარტიზაცია, რაშიც მათ ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაეხმარება.
ქალაქური გადმოსახედიდანაც, გუდაურში ახალი გამწმენდი ნაგებობის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოლექტორიდან გამოსული გადამუშავებული მასა არაგვში ჩაედინება, არაგვით კი ივსება ჟინვალის წყალსაცავი, საიდანაც თბილისის დიდი ნაწილი სასმელ წყალს იღებს. მე მაპატიეთ, ახლა თუ ოდნავ არასასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ, უბრალოდ, ეს ჩვენი რეალობაა.
საქართველოს მთავრობამ წელს კიდევ ერთი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა სოფელი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელით უნდა დაიფაროს. მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყო ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა, რომელსაც მწვავე დემოგრაფიული კრიზისი აქვს. ისინი საზღვრისპირა სოფლებს ინტერნეტს უფასოდ მიაწვდიან. დემოგრაფიული პრობლემა საქართველოს მთაშიც არსებობს. ერთადერთი გამოსავალი, რომ მთა არ დაიცალოს, მაღალმთიანი რეგიონების მაქსიმალურად აღჭურვაა სხვადასხვა სახის კომუნიკაციებით. ამ შემთხვევაში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და მოწესრიგებული კანალიზაცია მნიშვნელობით შეგვიძლია ერთმანეთს გავუთანაბროთ.
ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე, ახალი კანონი წყლის შესახებ, ნიადაგის შესახებ, კანონი ნარჩენების მართვის შესახებ – წინაპირობებია. თუ ხელისუფლება ამ წინაპირობებს რეალობად აქცევს, შესაძლოა კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდეთ წარმატებული, თანამედროვე ქვეყნების სიას. ოღონდ, ჩვენებური ჩეჩმა რამდენად დაუახლოვდება პადელსკის “Outhouses“-ის ნიმუშებს, ეს მაინც რიგით ქართველზეა დამოკიდებული
დატოვე კომენტარი