ჩეხური ინვესტიციები, ჩეხეთის მთავრობის პროექტები საქართველოში და ჩეხური გამოცდილება, რაც შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში დაეხმაროს – ამ და სხვა საკითხებზე BMG-მ და Forbes Georgia-მ ინტერვიუ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან ჩაწერა. დიპლომატი გულწრფელად აფასებს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას მეტი ინვესტიციების მოზიდვაში ხელს უშლის. ინტერვიუს ჩეხ დიპლომატთან გთავაზობთ სრულად:
ბატონო ელჩო, რას ფიქრობთ, როგორ უმკლავდება საქართველო კოვიდ-კრიზისს როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის კუთხით?
ნათელია, რომ კოვიდ-ვითარება ძალიან რთულია. თუმცა, ის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა უმკლავდება ამ სიტუაციას, ყველას აღფრთოვანებას იწვევს, მათ შორის – სხვა ქვეყნებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის. თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. ეკონომიკური დანახარჯები ნამდვილად მაღალია. ხოლო გზა, რომლითაც მთავრობა ამ ვითარებას უმკლავდება, ძირითადად გარე ფაქტორებიდან გამომდინარეობს, იქნება ეს სესხები თუ ფინანსური მხარდაჭერა. ეს კი მომავალში შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს. ვინაიდან ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რამდენად მდგრადია ეს, როგორ განვითარდება პანდემია, რამდენ ხანს გაგრძელდება, როგორ იმუშავებს დანარჩენი სამყარო და რა პასუხისმგებლობებსა და შესაძლებლობებს მოიტანს ყოველივე ეს, ამიტომაც ამ გაგებით, ეს შესაძლოა საშიში იყოს, და ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ ამ კუთხით.
რა არის თქვენი რეკომენდაცია?
სესხები და გრანტები, რომლებიც გარედან მოდის, გააზრებულად უნდა დახარჯონ, დახარჯონ წამყვან სექტორებზე, და ინვესტირება მათ სამომავლო განვითარებაში მოახდინონ და არა მხოლოდ ყოველდღიურობაში.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველო კვლავ მწვანე ქვეყანაა, რომელთანაც საზღვრების გახსნა შეიძლება?
ვითარება იცვლება. ფორმალურად მწვანე ქვეყნები, მაგალითად, ჩეხეთიც, რომელიც ევროკავშირში დიდი ხნის „ჩემპიონი“ იყო, ახლა რიგით მეორე ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ევროპის კავშირში, ასე რომ, ვითარება იცვლება. თუმცა საქართველოში სიტუაცია სტაბილურია. საქართველო მწვანეა. თუ მეორე კუთხიდან შევხედავთ, ანუ რამდენად საფრთხის შემცველია უცხოელების ჩამოსვლა საქართველოში, ეს უკვე ლეგიტიმური კითხვაა. უცხოელი მოქალაქეების ნაკადი საქართველოში ნიშნავს საკმაოდ მაღალ რისკს მოსახლეობისთვის. ამიტომაც ეს არის უდიდესი ამოცანა მთავრობისთვის, რომ დააბალანსოს ეკონომიკური შესაძლებლობები – შემოსავალი, რაც უცხოელებს საქართველოში შემოაქვთ და რისკები, რომელთაც უცხოელები პოტენციურად უქმნიან საქართველოს მოსახლეობას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად აბალანსებს ამ სიტუაციას. ვიმედოვნებ, რომ ასეც გაგრძელდება.
რაც შეეხება ჩეხეთს, როგორ ფიქრობთ, უნდა გაუხსნას ჩეხეთმა საქართველოს მოსახლეობას საზღვარი?
პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა ამ სიტუაციაში ვშიშობ, რომ საქართველომ არ უნდა გაუხსნას ჩეხეთის მოქალაქეებს საზღვარი. ჩვენ ყოველდღე ვარეგისტრირებთ იმ ჩეხი ტურისტების მოთხოვნებს, რომელთაც საქართველოში არდადეგების გატარება სურთ. მათ ვეუბნებით, რომ ახლა არ შეუძლიათ ჩამოსვლა და უნდა გადადონ შვებულება. ეს ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა და ჩვენ ეს გვესმის.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაზარალებული ქვეყნებისთვის 7.3 მლნ ევრო გამოყო. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველო, მოლდოვა, ბოსნია, კამბოჯა, ეთიოპია და ზამბია. საინტერესოა, რატომ მოხვდა საქართველო ამ ქვეყნებს შორის?
ეს მარტივია. ეს ექვსი ქვეყანა არის პრიორიტეტული ქვეყნები ჩვენი თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტ თანხებს უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნებისთვის. ჩვენ ვიცით საჭიროებები, ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ მთავრობასა და სხვადასხვა ინსტიტუტთან. უფრო მარტივია, ფოკუსი გააკეთო შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებზე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩეხეთი პატარა ქვეყანაა და, გვინდა თუ არა, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველას დავეხმაროთ. ასე რომ, ჩვენ პრიორიტეტულად ვირჩევთ ქვეყნებს და ეს ექვსი ქვეყანა არის ჩვენი დახმარების ბენეფიციარი ქვეყნები კოვიდ-სიტუაციის მართვაშიც და სხვა პროექტების ფარგლებშიც.
ჩეხეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით საქართველოში ბოლო წლებში ვარდნა შეინიშნება. მაგალითად, 2019 წელს 17,4 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს რიცხვი 129 მლნ დოლარი იყო. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს და როგორ გავზარდოთ ეს რიცხვი?
ჩეხეთი პატარა ქვეყანაა შეზღუდული რესურსებით. ჩვენ არ ვითვლით ასობით ინვესტორს, რომლებიც უცხოეთში მიდიან. ვფიქრობ, ასეთი ათობით კომპანიაა, რომლებიც ფოკუსირებულები არიან კონკრეტულ პროექტებზე კონკრეტულ ქვეყნებში. ლოგიკურია, თუ საქართველოში ჩამოდის ახალი ინვესტორი ან კომპანია, პირველადი ინვესტიცია უფრო მაღალია, ვიდრე საოპერაციო. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ერთგვარი ციკლია და ეს არ არის დაკავშირებული რაიმე შიდა პროცესებთან ან ფაქტორებთან. ეს უბრალოდ დაკავშირებულია თითოეული კომპანიის განვითარების სტრატეგიასთან. თუ, მაგალითად, ვნახავთ, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინვესტიციები საქართველოში ჩამოსვლისას უზარმაზარი იყო, შემდეგ, როცა მათ ოპერირება დაიწყეს, საოპერაციო ინვესტიციები, ბუნებრივია, შემცირდა. ვიმედოვნებ, რომ იქნება კიდევ ინვესტიციების ზრდა ჩეხეთიდან. ჩემი იმედები ასევე ემყარება სხვადასხვა პროექტს, მათ შორის აჭარაში „მწვანე კურორტის“ პროექტს, სადაც ახალი საკურორტო ზონა აშენდება, უკვე დაწყებულია პროექტის განხორციელება, ეს ბევრ ინვესტორს მოიზიდავს.
რადგან ახსენეთ „ენერგო პრო ჯორჯია”, აქვე გკითხავთ, რას იტყვით მის შესახებ? მის დამფუძნებლებზე? რას საქმიანობს ეს კომპანია სამშობლოში? აქვს თუ არა პროექტები ჩეხეთს მიღმა?
უკვე ათ წელზე მეტია, ამ კომპანიას და მის დამფუძნებლებს ვიცნობ, მათ შორის ბატონ [ირჯი] კრუშინას და [იარომირ] ტესარს ვიცნობ მას შემდეგ, რაც პირველად საქართველოში ჩამოვედი ათ წელზე მეტი ხნის წინ. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრს ვახლდი, ვიყავი ბიზნესდელეგაციის ხელმძღვანელი. ნათელი იყო, რომ ბიზნესვიზიტი ვერ განხორციელდებოდა „ენერგო პროს“ გარეშე. ასე რომ, როგორც მზადების, ასევე უშუალოდ ვიზიტის დროს ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვიყავით ამ კომპანიასა და მის წარმომადგენლებთან. ახლაც ვაგრძელებ ამ კონტაქტებს, მათ შორის საქართველოში „ენერგო პროს“ წარმომადგენლებთან. ამ ორმა ადამიანმა ნულიდან დაიწყო. მათ ჩეხეთში ჰქონდათ ორი პატარა ჰიდროელექტროსადგური. ტურბინების მწარმოებელი კომპანია იყიდეს და შემდეგ გაფართოვდნენ ჯერ პოლონეთში, შემდეგ ბულგარეთში, თურქეთში, საქართველოში. ახლა კი ისინი, თუ არ მეშლება, 37 ჰიდროელექტროსადგურს ფლობენ ამ ხუთ ქვეყანაში. ისინი 3 მილიონ მომხმარებელს ემსახურებიან ამ ქვეყნებში. ეს არის ძალიან წარმატებული კომპანია, რომელიც ათიათასობით ადამიანს ასაქმებს. ეს კომპანია არის წარმატებული ინვესტირების მაგალითი საზღვარგარეთ.
თქვენი აზრით, რა არის საქართველოს უმთავრესი პრობლემა, რაც ხელს გვიშლის უცხოელი ინვესტორების მოზიდვაში?
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთავრობამ ჩემზე უკეთ იცის. თუმცა, მოდი, დავიწყოთ რეგიონში არსებული ვითარებით. განსაკუთრებით ახლა. ასევე პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი ბაზრის ზომა: როგორც წესი, ინვესტორები მიდიან დიდ ბაზრებზე, ვინაიდან ოპერირება უფრო მოგებიანი იქნება. ასევე ვფიქრობ წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობებზე – რადგან საქართველო პატარა ბაზარია პატარა ეკონომიკით, ის ფოკუსირებული უნდა იყოს ექსპორტზე. დღეს საქართველოში არ არის ექსპორტზე ორიენტირებული ბევრი სექტორი. საექსპორტო შეთავაზებები არ არის განვითარებული. ესეც პრობლემაა. ასევე არის პროფესიული მომზადების დონის პრობლემა. ჩვენ გვქონდა „ენერგო პროსთან“ დისკუსიები მათ საჭიროებებზე, მათ გვითხრეს, რომ ამ კუთხით გასაჭირში არიან – მათ უკვე აიყვანეს ყველა კარგი ინჟინერი, ელექტროინჟინრები კიდევ სჭირდებათ, , თუმცა, აღარ არიანო.
კიდევ ერთ დაბრკოლებად ვხედავ ნაკლებად განვითარებულ კავშირებს მთავარ ეკონომიკებსა და ბაზრებთან. ევროკავშირთან დაკავშირებით გვაქვს ასოცირების შეთანხმება და DCFTA, რომელიც ბევრ შესაძლებლობას აძლევს ქართველებს, თუმცა ჯერ კიდევ ყველამ არ იცის პირობების და იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყონ ექსპორტი ევროპის ბაზარზე წარმატებით. ეს არ არის იოლი, მანძილის, სხვადასხვა წესისა და სტანდარტის გამო. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამასთან დაკავშირებით ცნობიერება გავზარდოთ: გასულ წელს ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად განვახორციელეთ პროექტი ცნობიერების ამაღლების მიზნით. საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა, რომლებიც მეწარმეებს აძლევდა ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ ექსპორტი ევროპის ბაზარზე.
დაგვისახელეთ ჩეხური კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში და აქვთ კავშირი ჩეხეთის საელჩოსთან საქართველოში.
მთავარი ინვესტორი არის „ენერგო პრო“ საქართველოში და ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მეორე არის ნავთობმომპოვებელი კომპანია KBOC-ი, ჩვენ მუდმივად კავშირზე ვართ ამ კომპანიებთან. ზოგჯერ მათ სჭირდებათ საელჩოს დახმარება და რაღაც საკითხების განხილვა. სხვა კომპანიებია, მაგალითად, „შკოდა“, KOPOS-ი, რომელიც სამშენებლო მასალების მწარმოებელია. ასევე საინტერესოა კომპანია „სენკორი“, ეს წარმოშობით იაპონური კომპანიაა, რომელიც ჩეხმა ინვესტორმა შეიძინა. გასულ წელს საელჩოს დახმარებით ისინი ჩამოვიდნენ საქართველოს ბაზარზეც. ეს კომპანია საოჯახო ტექნიკას აწარმოებს.
რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ეს არის ჩეხური ლუდი. ჩეხური ლუდის იმპორტი ხორციელდება, რა თქმა უნდა, თუმცა მისი აქ წარმოებაც ხდება. მაგრამ აწარმოებენ არა ჩეხები, არამედ ადგილობრივები ლიცენზირებით. მაგალითად, „სტაროპრამენი“, „კრუშოვიცა“, „კოზელი“. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ არიან 100%-ით ქართული მწარმოებლები, რომლებიც აწარმოებენ ქართულ ლუდს ჩეხური ტექნოლოგიებით. ზოგჯერ ეს ლუდი ჩეხურზე უკეთესია. გასულ წელს ბათუმში ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დავით ზალკალიანმა გახსნეს ახალი ლუდსახარში, რომელიც ჩეხური ტექნოლოგიებით აშენდა, ახლა ჩეხები და სლოვაკები ტექნიკურ დახმარებას უწევენ აღნიშნულ საწარმოს და როდესაც მე ბათუმში ჩავდივარ, მხოლოდ ლუდ „ბათუმურს“ ვსვამ…. ჩემთვის ეს საუკეთესო ლუდია.
10-დან რამდენი ქულით შეაფასებდით საქართველოში ბიზნესგარემოს?
ეს ძალიან რთული კითხვა, პირველ რიგში უნდა ვიყო თავაზიანი ამ ქვეყნის მიმართ. მეორე მხრივ უნდა ვიყო ობიექტური. თავდაპირველად ვიტყვი, რომ ვითარება იცვლება როგორც საგარეო, მაგალითად, კოვიდის გამო, ასევე შიდა ფაქტორების – მაგალითად, საარჩევნო პერიოდის გამო. უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაწყების და ასევე ოპერირების პროცესიც. ბევრი ახსნის გარეშე ვიტყვი, რომ 10-დან 6 ქულა. ყოველთვის არის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ასევე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგია 6 ქულა, ეს ასახავს ბიზნესის კეთების სიმარტივეს, თუმცა ასევე ზოგჯერ ოპერირების სირთულეებსაც.
დაასახელეთ ის პროექტები, რომლებითაც ამაყობთ და რომლებიც საქართველოში ჩეხეთის მხარდაჭერით განხორციელებულა.
ძირითადად პროექტებს ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო, რომელიც სამთავრობო სააგენტოა. ძალიან ვამაყობ – ეს სააგენტო ნამდვილად ღრმად არის ჩართული საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებაზე, ეს არის კომპლექსური განვითარება, ეს ეხება დაცულ ტერიტორიებზე წესების შემუშავებას, განათლებას, ეკოტურიზმს, ჯანდაცვას, სამედიცინო პუნქტებისა და ასევე ინტერნეტკავშირების უზრუნველყოფას. მაგალითად, ჩვენ არ ვჩერდებით თუშეთში, ვავითარებთ არაგვის მიმდებარე სხვა ტერიტორიებს სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის მიმართულებით, ძალიან ვამაყობ ჩვენი მხარდაჭერით მოწყვლად ჯგუფებთან. მათ შორის ასაკოვნებთან, შშმ პირებთან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. ასევე აღვნიშნავდი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას. გასულ წელს ჩვენ გავხსენით სკრინინგ-ცენტრი ზუგდიდში, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტომ უზრუნველყო და ასევე შემოგვიერთდა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოც. ეს არის ხელოვნების ნიმუში – შესანიშნავი ცენტრია, თანამედროვე აღჭურვილობით. სამეგრელოსა და ასევე აფხაზეთის მოსახლეობა მიდის იქ, იტარებს სკრინინგს, თუ პრობლემა აღმოჩნდება, ადრეულ ეტაპზე მისი მკურნალობაც იქვე ხდება. სწორედ ეს არის პირველადი ჯანდაცვა. ასევე ვამაყობ ჩვენი სტიპენდიების სისტემითაც. ჩვენ 20 სრული სამთავრობო სტიპენდია უზრუნველვყავით.
საინტერესოა თქვენი პროექტები აჭარაშიც, სადაც რამდენიმე თვის წინ იქაურ სავაჭრო–სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გამართეთ. რა გეგმები და პროექტები გაქვთ ამ რეგიონში?
ძალიან ბევრი სოციალური პროექტი გვაქვს განხორციელებული. ახლა მთავარი პროექტი არის ეკოლოგიურ კატასტროფასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც ეხება ნავთობტერმინალის ყოფილ ტერიტორიას ბათუმში, ეს ძალიან პრივილეგირებული ადგილია, სადაცქვიშა დაბინძურებულია. ტერმინალი იქ აღარ მუშაობს, თუმცა გარემო ძალიან დაზიანებულია. ჩვენი პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე უნდა შევისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. მეორე ეტაპზე უკვე პრაქტიკული სამუშაოს ჩავატარებთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ნარჩენების მართვის საკითხზე. შემოდგომაზე ნარჩენების სეპარირების საწარმო უნდა გახსნილიყო ბათუმში. ის უკვე მზადაა, ტექნიკოსები უნდა ჩამოსულიყვნენ და ტექნიკური აღჭურვილობა უნდა ჩამოეტანათ სექტემბერ-ოქტომბერში. თუმცა ახლა აღარავინ იცის, ეს როდის მოხერხდება.
სად ხედავთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ პოტენციალს? რამდენად შეიძლება, ეს იყოს ახალი ტექნოლოგიები, ტრანსპორტირება, კომუნიკაციები და ციფრული აბრეშუმის გზა?
ჩემთვის პირველ რიგში ეს არის ენერგოსექტორი, მეორე ადგილზეა ტურიზმი. და ბოლოს ტრანსპორტის სფერო. ციფრული გზის კუთხით კი არ ვიცი, რამდენად სწორი პარტნიორები ვართ ჩვენ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ცნობილია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ ჩეხეთის ცხოვრების დონე და ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაზარდა. რა საუკეთესო პრაქტიკა შეიძლება გადმოვიღოთ ჩეხეთისგან?
ჩვენ გვაქვს ტრანსფორმაციის მხარდაჭერის პროგრამა, ვინაიდან გვაქვს ეს გამოცდილება და გვაქვს ასევე განვითარებული დემოკრატიების და ეკონომიკების მხარდაჭერის გამოცდილება. სწორედ ამ სფეროში გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ჩვენი გამოცდილებით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ცალკეულ სექტორებში დავმარცხდით და თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა. თუმცა არის სხვა სექტორები, რომლებშიც ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი ეკონომიკური წარმატების ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი დემოკრატიული განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. თუმცა ამ გაწევრიანებით მივიღეთ ბევრი პასუხისმგებლობა და ბევრი შესაძლებლობა თავისუფალ ბაზარზე. დღეს ჩეხეთიდან ექსპორტის დაახლოებით 80% ევროპულ ბაზარზე ხორციელდება. ასევე ჩვენ ავიღეთ ცალკეული პასუხისმგებლობები, ეს ვალდებულებები კი ძირითადად ინსტიტუციური მოწყობა და რეგულაციებია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მთავრობას, მაგალითად, ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების შექმნაში. ასევე, თუ როგორ ვიმუშაოთ ევროპულ ფონდებთან, და ა.შ.
ჩვენ ასევე ვისურვებდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებაში, ვინაიდან ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს ეხმარება ქვეყანას, იყოს ნაკლებად მოწყვლადი და დაზარალებული პოლიტიკური არეულობების შედეგად. თუ გაქვს ძლიერი ინსტიტუტი, ქვეყანა მიდის თავისით. პირადად ჩემთვის კი იდეალური ქვეყანა არის ის, სადაც ხალხი მშვიდად ცხოვრობს, ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო მედიაში „ჰედლაინებს“ არ ქმნის, ქვეყანა, რომელიც სტაბილურად ვითარდება.
დატოვე კომენტარი