ცოტა ხნის წინ, ლონდონის „ჩელსიმ“ „ბენფიკისგან“ ენცო ფერნანდესი შეიძინა. პორტუგალიური კლუბის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 121 მილიონ ევროს შეადგენს. The Athletic-ის ცნობით, გადახდა ექვს ეტაპად განხორციელდება, პირველი ტრანში კი 34 მილიონი ევრო იქნება.
უკანასკნელი გარიგებით, 2022/23 წლების სეზონში „ჩელსის“ სატრანსფერო დანახარჯებმა €600-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა და მთლიანობაში 629 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ფეხბურთის ისტორიაში, ერთ სეზონში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, წინა რეკორდი კატალონიის „ბარსელონას“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2017/18 წლების სეზონში ტრანსფერებში საერთო ჯამში 380 მილიონი ევრო დახარჯა.
თავის მხრივ, ზემოხსენებული ტრანსფერის წყალობით რეკორდი არგენტინელმა ენცო ფერნანდესმაც დაამყარა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახდა ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი პრემიერ ლიგის ისტორიაში, ასევე ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი ნახევარმცველებს შორის ფეხბურთის ისტორიაში და ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი არგენტინელ ფეხბურთელებს შორის.
აქვე გეტყვით, რომ ენცო ფერნანდესის გარდა „ჩელსიმ“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ შვიდი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის დონეცკის „შახტარიდან“ მიხაილო მუდრიკი – ლონდონელებმა უშუალოდ ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ შეიძინეს, მთლიანობაში კი ტრანსფერის განხორციელება 100 მილიონი ევრო დაჯდა.
რაც შეეხება 2022/23 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას – „ჩელსიმ“ რვა ფეხბურთელში €282 მილიონი დახარჯა. შეგახსენებთ, კლუბმა ზაფხულში რაჰიმ სტერლინგი, კალიდუ კულიბალი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა.
დატოვე კომენტარი