სტატია დაწერილია 2018 წლის 25 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე.
“It’s coming home, it’s coming home, it’s coming, football’s coming home, three lions on a shirt…” – ინგლისის გულშემატკივრებმა ამ ცნობილი სიმღერის გახსენება ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაიწყეს და მანამდე მღეროდნენ, სანამ ხორვატიის ნაკრებმა სანუკვარი თასის კუნძულზე ჩატანის ბოლო იმედი არ გადაწურა. თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე თვეში, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალში მხოლოდ ინგლისური გუნდები იასპარეზებდნენ და ეს ჰიტი თემატურად კვლავ აქტუალური გახდებოდა. დიახ, ეს გახლავთ სრულმასშტაბიანი შურისძიება ექსპერტებზე, რომლებიც ინგლისური ფეხბურთის კრიზისზე საუბრობდნენ და სილის გაწნა ესპანური ფეხბურთის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სრულად დომინირებდნენ. კუნძულის ბინადარმა კლუბებმა კუდი მოიქნიეს, თანაც ისე, რომ კვალი მთელ ევროპას დაამჩნიეს.
ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლის ჯერ კიდევ არდასრულებული სეზონი მართლაც საოცარი გამოდგა და, მგონი, პირველად გაამართლა უკვე კარგად გაცვეთილი ფრაზა, რომელსაც თითქმის ყველა ჩემპიონატის დროს გაიგებთ: “ასეთი ჯერ არ ყოფილა, ასეთი ჯერ არ გვინახავსო”. მართლაც, ძალიან რთულია, დაივიწყო “ლივერპულის” მიერ “ბარსელონას” წინააღმდეგ დადებული დაუჯერებელი “ქამბექი”, “ტოტენჰემის” გასაოცარი და დრამატული მატჩები “სიტისა” და “აიაქსის” წინააღმდეგ. ასევე თავად “აიაქსი”, რომელმაც ჯერ მიუნხენის “ბაიერნი” გაავარჯიშა, შემდეგ მოქმედი ჩემპიონი – მადრიდის “რეალი” დაღეჭა და ტურინის “იუვენტუსიც” ზედ მიაყოლა, თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ არის. სპორტული და სანახაობრივი თვალთახედვის გარდა, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ფინანსური ასპექტითაც გახლდათ. “უეფას” 295 მილიონი ევრო დაუჯდა წლევანდელი ევროპული ტურნირების – “ჩემპიონთა ლიგის”, “ევროპის ლიგისა” და ამ ორ ტურნირში გამარჯვებული გუნდების ერთმატჩიანი ჭიდილის, ანუ “უეფას სუპერთასის” ორგანიზება. კალკულატორის ეკრანზე გამოსახული მონაცემი გვეუბნება, რომ შარშანდელთან შედარებით საორგანიზაციო ხარჯები €13 მილიონით არის გაზრდილი, და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი კლუბებზე გადასანაწილებელი თანხისგან შედგება. 2018-2019 წლების სეზონში, მხოლოდ “ჩემპიონთა ლიგასა” და “სუპერთასზე” მონაწილე კლუბები ჯამურად 2 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებენ. ამას უნდა დავუმატოთ “ევროპის ლიგა”, სადაც გუნდებისთვის €510 მილიონი იყო გამოყოფილი. წლევანდელი საპრიზო თანხა უეფას ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდულად მაღალია. თუმცა, რადგანაც ყველაზე დიდი ყურადღება “ჩემპიონთა ლიგას” ექცევა, ამიტომ ჩვენც უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ, თუ რა კრიტერიუმებით გამოიმუშავებენ ამ ჩემპიონატზე მონაწილე კლუბები თანხას:
ფიქსირებული ხარჯები (€585 მლნ): ამ სექციიდან თანხის მიღება კლუბების ასპარეზობაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის €15.8 მილიონია გამოყოფილი. მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე ყოველი გამარჯვება €2.7 მილიონი ღირდა, ხოლო ფრე 900 000 ევროდ შეფასდა. 1/8 ფინალში მონაწილე გუნდემა დამატებით €9.5 მლნ გამოიმუშავეს, ხოლო ¼ ფინალში მონაწილეობა €10.5 მილიონად დაფასდა. ½ ფინალში გასული გუნდების ბიუჯეტი €12 მილიონით შეივსო, ხოლო ფინალისტობა საკმაოდ მსუყე თანხა, 15 მილიონი ევრო დაჯდა. ეს ყველაფერი არაა, რადგანაც “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” შორის გამარჯვებული დამატებით €4 მილიონს გამოიმუშავებს და ამავდროულად მიიღებს შესაძლებლობას, რომ “სუპერთასის” ფინალშიც ითამაშოს, რაც თავის მხრივ დამატებით €3.5–მილიონიან შემოსავალს გულისხმობს.
კოეფიციენტით რანჟირება (€585 მლნ): აღნიშნული სისტემა უეფას მიერ დანერგილ სიახლეს წარმოადგენს და ეფუძნება მოდელს, რომლის თანახმადაც კლუბებზე თანხის გადანაწილება გასული ათი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის შეფასების მიხედვით ხდება. საანგარიშო პერიოდი მოიცავს როგორც “ჩემპიონთა ლიგაზე” დაფიქსირებულ შედეგებს, ასევე “ევროპის ლიგასა” და “სუპერთასის” შედეგებსაც, თუკი ასეთი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მოდელის თანახმად, კლუბები კოეფიციენტების მიხედვით ფასდება, ხოლო თავად თითო კოეფიციენტის ფასი 1.1 მილიონ ევროს შეადგენს. საფეხბურთო გუნდისთვის ყველაზე დაბალ შეფასებას ერთი ქულა წარმოადგენს, ხოლო ყველაზე მაღალ კოეფიციენტად 32 ქულა ითვლება, რომელიც მიმდინარე წელს მადრიდის “რეალს” ხვდა წილად და მან დამატებით 35 მლნ ევრო გამოიმუშავა. კოეფიციენტების სისტემის პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1) მადრიდის “რეალი”; 2) “ბარსელონა”; 3) მიუნხენის “ბაიერნი”; 4) მადრიდის “ატლეტიკო”; 5) “მანჩესტერ იუნაიტედი”. ამ ჩამონათვალში კიდევ დიდხანს იქნება რთული მადრიდის “რეალის” ჰეგემონიის დაძლევა, ვინაიდან უკანასკნელ ექვს წელიწადში კლუბი სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი, რაც უნიკალურ შედეგს წარმოადგენს.
სარეკლამო ფონდი კიდევ ერთი წყაროა, საიდანაც კლუბები საკმაოდ სოლიდურ თანხებს მიიღებენ. ამ სეზონში ფონდის ბიუჯეტი 292 მილიონი ევროთი განისაზღვრა, ხოლო თანხების გადანაწილება სატელევიზიო სტრანსლაციების საფუძველზე განხორციელდება.
ტრადიციულად მრისხანეა ტურნირის სპონსორი კომპანიების სია, რაც ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება. მთავარი პარტნიორების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: “ნისანი”, “ფლეისთეიშენი”, “გაზპრომი”, “პეპსი”, “ბანკო სანტანდერი”, “მასტერქარდი”, “ექსპედია ჯგუფი” და, რა თქმა უნდა, ლუდი “ჰაინეკენი”, რომლის გარეშეც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარეობა ძნელი წარმოსადგენია. შთამბეჭდავია მაყურებელთა დასწრების მაჩვენებელიც. ამ დრომდე, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებს ჯამში 6.1 მილიონ გულშემატკივარზე მეტმა უცქირა სტადიონიდან. უკვე ტრადიციულად, დასწრების ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი “ბარსელონას” ჰქონდა, “ნოუ კამპზე” საშუალოდ თავს 86 178 ადამიანი იყრიდა. სუსტი სეზონისა და თამაშის დაბალი ხარისხის მიუხედავად, მეორე ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედი” გავიდა, საშუალო დასწრების მაჩვენებელმა 73 708 შეადგინა. შემდეგ მოდის მიუნხენის “ბაიერნი” – 69 536 , მადრიდის “რეალი” – 66 314 და დორტმუნდის “ბორუსია”, რომელიც ხუთეულს 66 099-იანი მაჩვენებლით ხურავს. სტადიონზე დასწრების ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი მონაკოში “ლუი მეორის” სახელობის მოედანზე დაფიქსირდა და მხოლოდ 9 218 ქომაგით შემოიფარგლა. ორი წლის წინ ტურნირის ნახევარფინალში გასული მონაკო წელს ისე სუსტად გამოიყურებოდა, რომ დაცარიელებული ტრიბუნები მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ნამდვილად არ მიკვირს იმ გულშემატკივრების, რომლებმაც სტადიონზე მისვლას სახლში დარჩენა ან სანაპიროზე გასეირნება ამჯობინეს.
საინტერესო გახლავთ “ჩემპიონთა ლიგის” 2018/2019-ის სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომელსაც “Transfermarket”-ის მონაცემებზე დაფუძნებით გაგაცნობთ. პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1) კილიან მბაპე (პსჟ) – €200 მლნ ; 2) ნეიმარი (პსჟ) – €180 მლნ ; 3) ლეო მესი (ბარსელონა) – €160 მლნ ; 4) მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კევინ დე ბრუინი (მან. სიტი) – ოთხივეს ფეხბურთელი ამ დროისთვის €150 მილიონადაა შეფასებული; 5) რაჰიმ სტერლინგი (მან. სიტი) – €120 მლნ. ამ ჩამონათვალიდან მოჰამედ სალაჰი ფინალს ნამდვილად ითამაშებს და მას საკუთარი ფასის გაზრდა კიდევ უფრო შეეძლება. ეგვიპტელი ფეხბურთელისგან განსხვავებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჰარი კეინის საკითხი, რომელსაც ტრავმა ამ დრომდე არ მოუშუშებია.
დასასრულს კვლავ სპორტულ მხარეს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 124 შეხვედრა გაიმართა და ჯამში 364 გოლი გავიდა. თუკი უფრო წვრილად ჩავყვებით ამ მონაცემებს, ვნახავთ, რომ თითო შეხვედრაში საშუალოდ სამი ბურთი გადიოდა, რაც ყოველ 32 წუთში გატანილ ერთ გოლს ნიშნავს. ყველაზე მეტი – 30 გოლი პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” გაიტანა, ხოლო ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი “ბარსელონამ” შექმნა. ესპანური გუნდის ფეხბურთელების ანაგარიშზე კარისკენ წასული 77 სახიფათო მომენტის შექმნა ფიქსირდება. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, თუმცა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე “ბინძური” გუნდის სტატუსის “აიაქსისთვის” გადაცემა. ლამაზ და დინამიკურ ფეხბურთთან ერთად, ამსტერდამელებმა მიმდინარე სეზონში 164 ჯარიმა მიიღეს და ამ მაჩვენებლით ყველა გუნდს აჯობეს. თუმცა ფინალური მატჩის შემდეგ, დიდი ალბათობით, ამ “ტიტულს” ლონდონის “ტოტენჰემი” გადაიბარებს, რადგანაც ჰოლანდიელებს მხოლოდ ორი ჯარიმით ჩამორჩებიან. ყველაფერი გარკვეულია ბომბარდირების ნაწილშიც, სადაც ლეო მესის 12 გატანილი ბურთი დაუგროვდა და ტურნირზე დარჩენილი ფეხბურთელებიდან ყველაზე ახლო მდევარს, 7 გატანილი გოლით უსწრებს.
1 ივნისს მადრიდში “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გამართული ფინალით დაიხურება ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი, დრამატული და გამოსარჩევი სეზონი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს ძნელად დაავიწყდებათ. ტოტალიზატორებში გაკეთებული ფსონების მიხედვით, “ტოტენჰემის” მოგებას 22% ვარაუდობს, ფრეს – 27%, ხოლო “ლივერპულის” გამარჯვებისკენ მოთამაშეთა 51% იხრება. ამ სტატიის გამოქვეყნების დროს გამარჯვებული უკვე ცნობილი იქნება, ამიტომ შევამოწმოთ, რამდენად მართალი აღმოჩნდება გულშემატკივართა დიდი ნაწილის ინტუიცია. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: წლევანდელი “ჩემპიონთა ლიგით” პირველ რიგში ფეხბურთმა გაიმარჯვა, ამიტომ თუკი რომელიმე ფინალისტი გუნდის გულშემატკივარი არ ხართ, თქვენც ჩემსავით დატკბებით ფინალური მატჩის ხილვით და შემდეგ მშვიდად გააცილებთ სრულიად გამორჩეულ სეზონს.
დატოვე კომენტარი