"ჩემპიონთა ლიგა" - ყველა გამარჯვებულია

"ჩემპიონთა ლიგა" - ყველა გამარჯვებულია

აჰა, თითქმის გაილია კიდევ ერთი “ჩემპიონთა ლიგა”, მგონი, რიგით სამოცდამეორე და უთქმელად ხომ არ დავტოვებდით? რამდენიმე დღეც და მრგვალი ბურთის ხმას ტელევიზორიდან სექტემბრამდე ვეღარ გავიგონებთ. კი, მართალია, რომ ზაფხულშიც ზოგიერთი მოუსვენარი გუნდი, მომავალ სეზონში ლიგაზე მოხვედრის იმედად ახმაურდება და საკუთარ პატარა, ხშირად ფეხბურთთან ახლად დამეგობრებულ ქალაქებში მეტოქეს გამეტებით დაუპირისპირდება, მაგრამ აბა, ეგ რა სათქმელია? ფეხბურთი ისაა, აი სულ რამდენიმე დღეში მთელ მსოფლიოს რომ გააგიჟებს და ნერვიულ გულშემატკივრებს ჯერ ტელევიზორთან, ხოლო შემდეგ ვირტუალურ სამყაროში ცქმუტვას დააწყებინებს. მოკლედ, სანამ ფინალი მოსულა, დრო ვიხელთოთ და 2016-2017 წლის ჩემპიონთა ლიგას თვალი გადავავლოთ.

მგონი, წელს გამართლდა ფრაზა, რომელსაც თითქმის ყველა ჩემპიონატის დროს გაიგონებთ: “ასეთი ჯერ არ ყოფილაო”. ჯერ კიდევ დაუსრულებელი წლევანდელი ლიგა შარშანდელს ნამდვილად სჯობია. ცხადია, არა მხოლოდ საფეხბურთო ნაწილით, არამედ ციფრებით, რომლებიც მილიონობით დოლარს, ამდენივე გულშემატკივრის გულს და უამრავ სპონსორს ითვლის. მიმდინარე წელს “უეფას” 282 მილიონი ევრო დაუჯდა “ჩემპიონთა ლიგის”, მისი პატარა ძმის – “ევროპის ლიგის” და ამ ორ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდების ერთმატჩიანი ჭიდილის, ანუ “უეფას სუპერთასის” ორგანიზება. აღნიშნული თანხა მთლიანი ბიუჯეტის (€2,35 მილიარდი) მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ეს მოკრძალებული დასაწყისია, ევროში გამოსახული შთამბეჭდავი მაჩვენებლები ახლა იწყება.

მხოლოდ “ჩემპიონთა ლიგის” საპრიზო ფონდი წელს რეკორდულად დიდ თანხას – 1,31 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 10%-ით აღემატება 2015-2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (€1,25 მილიარდი). მონაწილე გუნდები ამ ფულს ორი კრიტერიუმით ინაწილებენ :

1) ფიქსირებული ფონდი (€761.9 მლნ) – ამ პორციიდან ფულადი კომპენსაციის მიღება გუნდის ასპარეზობაზეა დამოკიდებული. მარტო ასპარეზობისთვის ოცდათორმეტივე გუნდმა 12.7 მლნ ევრო მიიღო. ჯგუფურ ეტაპზე ყოველი გამარჯვება დამატებით €1,5 მლნ ღირდა, ხოლო ფრე 500 000 ევროდ დაფასდა. 1/8 ფინალში მონაწილე გუნდებმა €6 მილიონი მიიღეს, ხოლო ¼ ფინალში გასვლით €6.5 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. მადრიდის “რეალი”, “იუვენტუსი”, “მონაკო” და “ატლეტიკო”, ანუ ნახევარფინალისტები დამატებით €7.5 მილიონს გამოიმუშავებენ. ფინალში დამარცხებულს €11 მილიონი შეხვდება, ხოლო გამარჯვებულისთვის €15,5 მილიონი არის გამოყოფილი. საბოლოო ჯამში, ჩემპიონი კლუბი სანუკვარ თასთან ერთად, ჯამურად €54 მილიონიდან 57.2 მილიონამდე მიიღებს მხოლოდ ამ კომპონენტიდან. მეორე კომპონენტის – ტელეტრანსლაციიდან მიღებული ფულის ჩათვლით, გამარჯვებული “ჩემპიონთა ლიგიდან” დაახლოებით 100 მილიონ ევროს წაიღებს.

2) საბაზრო ფონდი (€507 მილიონი) – გულისხმობს სატელევიზიო ტრანსლაციიდან მიღებულ თანხებს, რომლებიც მოასპარეზე გუნდის ქვეყანასა და ჩატარებული თამაშების რაოდენობაზეა დამოკიდებული. “დიდი ოთხეულის” (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია) წევრი ქვეყნის კლუბები ტრადიციულად ამ ნაწილში ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს. მაგალითისთვის, გასულ წელს, მადრიდის “რეალმა” €40.6 მილიონი გამოიმუშავა ამ კომპონენტიდან, რასაც ფიქსირებული შემოსავალი – €53,4 მლნ დაემატა და ჯამურად €94 მილიონი შეადგინა.

რეკორდულია ტურნირზე მოთამაშე ფეხბურთელების საერთო ღირებულებაც და ის € 8,28 მილიარდს შეადგენს. კლუბების “ღირებულების” თვალსაზრისით პირველ ადგილზე მადრიდის “რეალია”, რომლის ფეხბურთელების საბაზრო ფასი ჯამურად €764,8 მილიონს შეადგენს. თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი აქვს სახლში დროზე ადრე დაბრუნებულ “ბარსელონას”, რომლის ფეხბურთელებიც წელს €756,5 მილიონად არიან შეფასებული. შემდეგ მოდის მიუნხენის “რეკორდმაისტერსი” (€566 მლნ) მანჩესტერის “სიტი” (€525 მლნ) და მადრიდის “ატლეტიკო”(€501 მლნ). მიმდინარე სეზონის ყველაზე “ღარიბი” გუნდი ქართველი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ვარშავის “ლეგია” იყო, რომლის ფეხბურთელების საერთო ღირებულებამაც €32,3 მილიონი შეადგინა. ლიგაზე მოასპარეზე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ხუთეულში ორი ესპანური გრანდის წარმომადგენლები მოხვდნენ, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

1) ლეო მესი (“ბარსელონა”) – €120 მლნ, 2) კრისტიანო რონალდო (“რეალი”) – €100 მლნ, 3) ნეიმარი (“ბარსელონა”) – €100 მლნ, 4) გარეტ ბეილი (“რეალი”) – € 90 მლნ, 5) ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – €90 მლნ. ყველაზე “იაფი” კი “პორტოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი რუბენ ნევესია, რომლის საბაზრო ფასიც 10 მილიონი ევროა.

ტრადიციულად მრისხანეა ტურნირის სპონსორი კომპანიების ჩამონათვალი. 2016-17 სეზონში მთავარი პარტნიორები შემდეგი კომპანიები არიან: “ფორდი”, “უნიკრედიტი”, “სონი”, “მასტერქარდი”, “ადიდასი”, “ნისანი”, “გაზპრომი”, “პეპსი” და “ლეისი”. უცვლელი დარჩა წესი, რომ კლუბს მაისურზე მხოლოდ ერთი სპონსორი კომპანიის რეკლამირება შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქვეყანაში სტუმრად მყოფი გუნდის სპონსორი კომპანიის პროდუქციის რეკლამირება აკრძალულია (მაგალითად, ალკოჰოლის), მაშინ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა “სუფთა” მაისურით მოუწევთ. შთამბეჭდავია მაყურებელთა რაოდენობაც. ამ დრომდე ჯამში 5,7 მილიონი ადამიანი დაესწრო ჩემპიონთა ლიგის მატჩს სტადიონზე. პირველ ადგილზე ბარსელონის სტადიონია, თამაშს საშუალოდ 85,8 ათასი ადამიანი ესწრებოდა. დარჩენილი კლუბებიდან კი მადრიდის “რეალი” ლიდერობს – მის თამაშს ტრიბუნებიდან 75,1 ათასი ქომაგი ადევნებდა თვალს. დასწრების 100%- იანი შედეგი კი მიუნხენის “ბაიერნის” სტადიონზე დაფიქსირდა, რომელიც 70 ათას ადამიანს იტევს და მთელი სეზონის განმავლობაში იქ არცერთი თავისუფალი ადგილი არ დარჩენილა. პროცენტულად ყველაზე ცოტა გულშემატკივარი ზაგრების “დინამოს” თამაშებზე დაფიქსირდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. წელს ხორვატები ისე საშინლად აგორავებდნენ ბურთს, რომ სტადიონზე ყოფნას სახლში დარჩენა და კარგად გამოძინება სჯობდა. “მაქსიმირის” არენაზე დაცარიელებული ტრიბუნები ფეხბურთელებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

დავუბრუნდეთ ისევ სპორტულ მხარეს. ტრადიცია არც წელს დაირღვა – ინგლისის კლუბებმა კვლავ დროზე ადრე მიაშურეს მშობლიურ ალბიონს. ერთადერთი ნუგეში შარშან მოულოდნელად გამარჯვებული “ლესტერი” იყო, რომელმაც ¼ ფინალამდე გმირულად იბრძოლა, თუმცა დიეგო სიმეონეს “ხიტრობებს” ვერაფერი მოუხერხა. შექსპირის ბიჭებმა კიდევ ერთხელ ჩაგვისახეს იმედი, რომ ფეხბურთი ჯერ არ მომკვდარა და მისი თამაში დიდი ფულის გარეშე, უწინდელი შემართებით კვლავ შესაძლებელია. თუნდაც მარტო ამიტომ იმსახურებს “ლესტერი” ჩვენგან მადლობას, ინგლისელებზე რომ არაფერი ვთქვათ. კარგი დღე არც გერმანულ კლუბებს დაადგათ, იტალიიდან კი თავი ტრადიციულად ტურინის “იუვენტუსმა” გამოიჩინა, რომელიც ამ სტატიის დაბეჭდვიდან რამდენიმე დღეში “მონაკოს” დამარცხებას და ფინალში გასვლას შეეცდება. ხო, “მონაკო” ცალკე აღნიშვნის ღირსია. ბურთის კოხტად გამგორებელი ახალგაზრდები მთელი წელია, გულშემატკივარს ლამაზი ფეხბურთით ანებივრებენ. კილიან მბაპე – ეს სახელი და გვარი კი მოკლე დროში მთელმა მსოფლიომ დაიმახსოვრა. მონაკოელების მთავარი დამრტყმელი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა ბევრი მის კოჭებში მომავალ ტიერი ანრის ხედავს. მასთან ერთად გუნდი ნახევარფინალში იტალიელების დამარცხებას და 13 წლის შემდეგ პირველად, ფინალში გასვლას გეგმავს. ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა მორიგი ამბიციური მიზნის მიღწევას. მეორე მხარეს ესპანელები, უფრო კონკრეტულად კი მადრიდელები გაარკვევენ ურთიერთობას. “ატლეტიკომ” ბოლოსამ წელიწადში ორჯერ წააგო ლიგის ფინალი “რეალთან”, ამიტომ წელს შესანიშნავი შანსი ეძლევა, სასურველი რევანში რეალობად აქციოს. თავის მხრივ დამატებითი მოტივაცია აქვს ზინედინ ზიდანის გუნდს. ფინალში გასვლისა და ტურნირის მოგების შემთხვევაში, მადრიდის “რეალი” გახდება პირველი გუნდი, რომელიც “ჩემპიონთა ლიგის” ტიტულს ზედიზედ ორჯერ მოიგებს. სამეფო კლუბს უპრეცედენტო ისტორიული ფაქტების დაფიქსირება კი ძალიან უყვარს. მაისის პირველ ნახევარში მადრიდში ნამდვილ ესპანურ კორიდას ვიხილავთ. ამ ეტაპზე ჯამში 120 მატჩია ნათამაშები და 365 გოლია გასული. წლევანდელ წელს ერთ მატჩში საშუალოდ სამი გოლი გადის, ანუ ყოველ 31 წუთში – ერთი გოლი. ბომბარდირი ლეო მესია 11 გოლით, თუმცა მისი გუნდი ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. დარჩენილი ფეხბურთელებიდან მასთან ყველაზე ახლოს კრისტიანო რონალდოა – 7 გატანილი გოლით. არგენტინელთან სხვაობის შესამცირებლად მას მინიმუმ ორი თამაში აქვს წინ.

ხუთი თამაშიც და წლევანელ ჩემპიონთა ლიგას ზაფხულის მზის ჩასვლამდე დავემშვიდობებით. ერთი მეგობრული რჩევა მექნება – თუკი რომელიმე დარჩენილ გუნდზე გაგიჟებით არ ხართ შეყვარებული, მაშინ “იუვენტუსს” უგულშემატკივრეთ. განა მის კარიერას ჩრდილს მიაყენებს, მაგრამ იმსახურებს 39 წლის ჭაღარა ბერიკაცი ამ თასის აღმართვას. მოკლედ, წარმატებები ჯანლუიჯი ბუფონს. 

სტატია დაწერილია 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *