ცნობილ ჩინელ მილიარდერ სუნ დავუს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ჩინეთის ჩრდილო პროვინცია ხებეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აგროკულტურული ბიზნესის ხელმძღვანელია. ბიზნესმენი ხშირად საუბრობს ადამიანთა უფლებებსა და სხვა პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე.
სუნ დავუს ბრალი ედება კონფლიქტის წახალისებასა და დესტაბილიზაციის შექმნაში – ხელისუფლება ამ ბრალდებას ხშირად იყენებს აქტივისტების წინააღმდეგ. მას ასევე ედავებიან მიწის არალეგალურად დაკავებას, ხალხის წახალისებას, თავს დასხმოდნენ მთავრობის წარმომადგენლებს და ხელი შეეშალათ საჯარო პირებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. დაკავებასთან ერთად ის დაჯარიმდა 3.11 მილიონი იუანით ($478,687).
სუნის კომპანია აწარმოებს ხორცსა და საკვებს ცხოველებისთვის.
მისი განცხადების თანახმად, თანამშრომელთა დიდი ნაწილი პოლიციასთან შეტაკებისას დაზარალდა.
სუნ დავუს ახლო ურთიერთობა აკავშირებს რამდენიმე ჩინელ პოლიტიკურ დისიდენტთან. ის ასევე არ ერიდება მთავრობის კრიტიკას – მან ღიად დააფიქსირა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წელს დამალა აფრიკის ღორის ცხელების ვირუსის (ASF-ის) სწრაფი გავრცელების ფაქტი, რამაც დააზარალა მისი ფერმა და, ზოგადად, ინდუსტრია. იგი 2003 წელსაც იყო დაკავებული არალეგალური დაფინანსებისთვის, თუმცა ხალხის ძლიერი მხარდაჭერის შედეგად სუნ დავუ მალევე გაათავისუფლეს.
ბიზნესმენი უარყოფს ბრალდებებს და საკუთარ თავს კომუნისტური პარტიის გამორჩეულ წევრს უწოდებს. თუმცა აღიარებს შეცდომებს – მაგალითად, ვირტუალურ სივრცეში აქტიურობას.
ჩინეთში მწარმოებლებსა და ბიზნესმენებს მკაცრად აკონტროლებენ. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების – Alibaba-ს, Didi-ს და Tencent-ის საქმეებს სხვადასხვა დარღვევის ბრალდებით იძიებენ.
დატოვე კომენტარი