ჩინელი მილიარდერები კიდევ $1.5 ტრილიონით გამდიდრდნენ. შედეგად მათი საერთო ქონება უკვე $4 ტრილიონს შეადგენს. CNBC-ის ცნობით, აღნიშნული ზრდა ყველაზე სწრაფია ჩინეთის ისტორიაში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში მილიარდერების რიცხვი 257-ით გაიზრდა, რაც იმას ნიშნავს რომ საშუალოდ კვირაში ქვეყანას ხუთი ახალი მილიარდერი ემატებოდა. ჯამში ამჟამად ჩინეთში 878 მილიარდერია, მაშინ როდესაც აშშ-ში მათი რიცხვი 788-ია.
“მსოფლიოს არასოდეს უნახავს ერთ წელიწადში ამდენი ქონების დაგროვება. ჩინელი მეწარმეები იმაზე უკეთ არიან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მათი ქონება რეკორდულად გაიზარდა“, – განაცხადა Hurun Report-ის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა რუპერტ ჰუგევერფმა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში საფონდო ბირჟები რეკორდულად იზრდება, აქციების პირველადი საჯარო განთავსების ნაკადი არ წყდება. ტექნოლოგიური სექტორი ფართოვდება. ამ ყველაფერმა ბუნებრივია კიდევ უფრო გაზარდა მდიდართა ქონება.
ყველაზე მდიდარი ჩინელი კვლავ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მაა. მისი ქონება $59 მილიარდს შეადგენს, ჯეკ მას ქონება 45%-ით მას შემდეგ გაიზარდა ძირითადად, რაც მისმა ფინტექ-კომპანია Ant Group-მა აქციების პირველადი საჯარო განთავსება გადაწყვიტა.
ჩინელი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს პონი მა იკავებს, რომელიც ტექნოლოგიური კონგლომერატის Tencent-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მისი ქონება 50%-ით გაიზარდა და ახლა $57.4 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული კომპანია სათამაშო ბიზნესითაა დაკავებული და ასევე ფლობს WeChat-ს.
სხვა ჩინელ მილიარდერებს შორის, რომელთათვისაც 2020 წელი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, არის საკვების მიტანის კომპანია Meituan-Dianping-ის დამფუძნებელი, რომლის ქონებაც გაოთხმაგდა და $25 მილიარდი შეადგინა.
დატოვე კომენტარი