იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, რამდენიმე დღის წინ ჩინეთიც დაემატა. გარდა ამისა, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ გასულ თვეს საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ კოვიდ-ვაქცინა აჩუქა. შეიძლება ითქვას, ეს ის ბოლო სიახლეებია, რაც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს უკავშირდება. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, პერსპექტივებსა და შედეგებს, ამ საკითხზე Forbes Georgia-მ ჩინეთის ელჩთან საქართველოში ლი იენთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქალბატონო ელჩო, უკვე თითქმის ოთხი წელია, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. როგორ შეაფასებდით ამ შეთანხმებას, რა შედეგები მოუტანა ამან ორ ქვეყანას?
ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ოფიციალურად ამოქმედდა. ეს პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის რეგიონის ქვეყანასთან გააფორმა. ეს ხელშეკრულება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის დიდ ნიშანსვეტს წარმოადგენს.
შეთანხმება ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობას საგრძნობლად უწყობს ხელს, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ყოველ წელს სტაბილურად იზრდება. 2018 წლიდან მოყოლებული ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა იმისა, რომ ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას, იგი ქართული პროდუქციის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრადაც იქცა. 2020 წელს, ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ტენდენციების მიუხედავად, ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა 9.5%-ით გაიზარდა და სავაჭრო ბრუნვამ 1.185 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამატებითი შემოსავლების მიღებას შეუწყობს ხელს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ლიბერალიზაციის დონეს გაზრდის და ვაჭრობას გაამარტივებს, კომპანიებისთვის უფრო ღია, გამჭვირვალე და სტაბილურ სავაჭრო გარემოს შექმნის, ხოლო ორი ქვეყნის მოსახლეობას უფრო ხარისხიან და კონკურენტუნარიანი ფასის მქონე საქონელსა და მომსახურებაზე ექნება წვდომა. ჩინური მხარე მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ყოველმხრივ გაღრმავებას და “სარტყელისა და გზის” თანამშრომლობის ხელშეწყობით უფრო ნაყოფიერი შედეგების მიღწევას.
საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე აქტიურად გადის ღვინო. თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა მოიაზრება ჩინეთში ქართული ღვინის კონკურენტად? გარდა ამისა, რომელ ქართულ პროდუქტზე შეიძლება იყოს ასევე მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე? და რა უნდა გაკეთდეს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის გაზრდისთვის?
ბოლო წლებში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზეგავლენით, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება, ექსპორტის მოცულობამ 2018 წელს – 198 მილიონი აშშ დოლარი, 2019 წელს – 227 მილიონი აშშ დოლარი, 2020 წელს კი – 476 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.3% შეადგინა.
2019 წელს საქართველოდან ჩინეთში 7.09 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. საქართველოს მევენახეობისა და ღვინის დაყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს და იგი ნამდვილად „ღვინის სამშობლოა“. ქართული ღვინის ნაირსახეობას, ხარისხსა და ფასს შორის კარგ თანაფარდობას ჩინეთის სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფის მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია, ამიტომ ქართული ღვინის პოპულარობა ჩინეთში სულ უფრო იზრდება. დღეისათვის ჩინეთის ბაზარზე ისევ ფრანგული, ავსტრალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები დომინირებს, მაგრამ ქართულ ღვინოს ჩინური ბაზრის უკეთ ათვისების დიდი პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ჩინელი მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა ისეთი მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებმა, როგორიცაა ყველი, მინერალური წყალი, თაფლი, ფრინველის ხორცი და სხვ. მჯერა, რომ თუ უკეთ გამოვიყენებთ ჩინეთის საინვესტიციო და სავაჭრო პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ჩინეთის საექსპორტო საქონლის გამოფენა-გაყიდვა, ხელს შევუწყობთ ძლიერი და გამორჩეული კომპანიების მონაწილეობას ამ გამოფენებში, ეს ქართული პროდუქციის პოპულარობას გაზრდის – უფრო მეტი ჩინელი შემსყიდველი და მომხმარებელი შეაჩერებს ქართულ ნაწარმზე არჩევანს.
სტატისტიკის მიხედვით, მზარდია ჩინური ინვესტიციები საქართველოში. ბოლო ათ წელიწადში ჩინეთის მონაწილეობით ქვეყანაში ათობით ახალი კომპანია დარეგისტრირდა. თქვენ როგორ აფასებთ ამას? თქვენი აზრით, კიდევ რომელი სფეროებით შეიძლება ჩინელი ინვესტორების დაინტერესება?
საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევრაზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გახდეს, აქტიურად უწყობს ხელს საავტომობილო გზების, რკინიგზის, გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ბოლო წლებში დიდ სამშენებლო პროექტებზე ტენდერებს ერთმანეთის მიყოლებით აცხადებს. ჩინურ კომპანიებს ამ სფეროში ტექნიკისა და ღირებულების მხრივ კონკურენტული უპირატესობა აქვთ, ბევრმა მათგანმა მოიგო ტენდერი და ქართულ ბაზარზე შემოვიდა. ამჟამად, ჩინური კაპიტალით დაარსებული 20-მდე კომპანია მეტწილად ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ინვესტიციების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.
საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, შედარებით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რაც უცხოელ და, მათ შორის, ჩინელ ინვესტორებს იზიდავს. საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველია სავაჭრო რეჟიმისა და საგადასახადო სისტემის კუთხით, ეკონომიკური ლიბერალიზაციის დონით, ხოლო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიო რეიტინგებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ, მარკეტიზაციის პრინციპის შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ჩინური კომპანია საქართველოსთან საინვესტიციო, სამშენებლო, სავაჭრო და სხვა სფეროებში თანამშრომლობს, აფართოებს ორმხრივი თანამშრომლობის არეალს და ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის რეალურ სიკეთეს ქმნის.
ამბობენ, რომ ჩინურ სამშენებლო კომპანიებს ევროპული კომპანიები კონკურენციას ფასში ვერ უწევენ და ეს განპირობებულია იმით, რომ ჩინური კომპანიები ძირითადად სახელმწიფო კომპანიები არიან. არის თუ არა ეს ჩინეთისთვის სხვა ქვეყნებში წარმომადგენლობის ზრდის სტრატეგია?
ჩინური სამშენებლო კონტრაქტორი კომპანიები ცდილობენ, ყოველმხრივ გამოიყენონ საკუთარი უპირატესობები – მასშტაბის, ტექნიკის, ღირებულების, სანდოობის, სამუშაოს შესრულების და სხვა მიმართულებით, შესაბამისად, მათ დღეს საზღვარგარეთის ბაზარზე გარკვეული წილი უჭირავთ, რასაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს და მიესალმება. საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობენ, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის ქვეშ არიან და სხვა ქვეყნების კომპანიებთან ერთად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობენ. ჩინური კომპანიები მკაცრად იცავენ ჩინეთისა და საქართველოს სახელმწიფო კანონებსა და რეგულაციებს, შემოთავაზებული სატენდერო პროექტების ყოვლისმომცველ შეფასებას აკეთებენ და ფასებს ისე ადგენენ. ჩინეთის ხელისუფლება არასდროს ერევა კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის პროცესსა და მათ სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობაში. ჩინეთის მონაწილეობით საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები კანონის შესაბამისად ოპერირებენ, სოციალურ პასუხისმგებლობას იღებენ და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურად არიან ჩართულნი. თუ სხვა ქვეყნებში ჩინური კომპანიების წარმომადგენლობა გაიზარდა, ეს საბაზრო არჩევანია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის არჩევანია.
ამავდროულად, ჩინეთი მსხვილი, მულტინაციონალური კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია, ამიტომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას აღიარებენ საზღვარგარეთის ბაზრებზე, ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით კომპანიებს მთელი მსოფლიოდან და მათ შორის, საქართველოდან, მათ სურვილსა და ძალისხმევას, აჰყვნენ ეკონომიკური გლობალიზაციის ტენდენციებს და სრულად აჩვენონ თავიანთი უპირატესობები ჩინეთში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.
რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო ასევე ჩინური უმსხვილესი კომპანიის ჩაის ინდუსტრიაში შემოსვლაზე. ჩინეთი, როგორც ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა, საქართველოში ჩაის კულტურის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივას როგორ ხედავს?
ჩაის სმა ჩინელი და ქართველი ხალხის საერთო ჰობია. ჩაი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირის მოწმეცაა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცნობილმა ჩინელმა მეწარმემ – ლიუ ძძუინჭოუმ ჩაის მოყვანის ტექნოლოგია საქართველოში ჩამოიტანა, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურის გაცვლის საინტერესო ისტორიად იქცა. 2015 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩაის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარების თაობაზე მხარეებს შორის კონსენსუსი შედგა და შემდეგ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. საქართველოს მთავრობის მოწვევით, ამჟამად ჩინური ჩაის კომპანიები ჩაის პლანტაციებს აშენებენ, რათა საქართველოს ჩაის ინდუსტრიის აღდგენაში დაეხმარონ.
საქართველოს, როგორც რეგიონში ჩაის მნიშვნელოვან მწარმოებელს, მდიდარი ჩაის კულტურა და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს. ჩვენ მივესალმებით საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებასა და ზრდას, მზად ვართ, მომავალშიც მივიწვიოთ ქართველი მეწარმეები და ექსპერტები ჩინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ჩაის ინდუსტრიის სემინარებსა და გამოფენებზე დასასწრებად, სადაც მათ ჩინეთისა და მსოფლიოს ჩაის კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება ექნებათ; მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ჩაის სფეროში თანამშრომლობის დონის ზრდას.
მიმდინარე წელს რა გეგმები არსებობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით? მოსალოდნელია თუ არა თანამშრომლობის გაფართოება რომელიმე კუთხით?
კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ჩინეთი და საქართველო ამ სირთულეების დროს ერთმანეთს ეხმარებიან და მხარს უჭერენ. ეპიდემიის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ჩინეთმა ქვეყნის შიგნით ვაქცინის მიწოდებასა და მოთხოვნაზე არსებული სირთულეები დაძლია, იგი „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას იცავს და პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ ვაქცინების, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე გაცემულ დაპირებას აქტიურად ასრულებს, ამგვარად, წელს ჩინეთმა საქართველოს ვაქცინები უკვე ორჯერ მიაწოდა, რამაც საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის გეგმის განხორციელებას ხელი დიდად შეუწყო. შემდეგ ეტაპზე, ჩინური მხარე გააგრძელებს ქართულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციას და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სხვა სფეროებში კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ და თანამშრომლობის პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება. მომავალ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერებას, თანამშრომლობის პოტენციალის უკეთ ათვისებას, თანამშრომლობის არეალის გაფართოებას, ორ ერს შორის მეგობრობის გაღრმავებას, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით უფრო ნაყოფიერი შედეგების მიღწევას.
დატოვე კომენტარი