2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინიდან ექსპორტზე 35.59 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმპორტს, უკრაინაში 37.31 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა, რაც 8.45%-ით მეტია 2020 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე.
სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის 16 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ჩინეთია. უკრაინის სასაქონლო ვაჭრობა ჩინეთთან წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით გაიზარდა და 10.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი უკვე ზედიზედ მეორე წელია უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს. 2020 წელს ჩინეთსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 15.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარით მეტი იყო 2019 წლის მონაცემებზე. 2020 წელს უკრაინის მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ კი 103.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის დასაწყისიდან უკრაინიდან ექსპორტზე ჩინეთში 4.9 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, 5.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისა კი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც უკრაინას დასავლელ მეზობელ პოლონეთთან აქვს – მეზობელი სახელმწიფო უკრაინის მეორე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ პოლონეთთან 2021 წლის პირველ ნახევარში 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
სიაში მესამე ადგილს კი უკრაინასთან საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი რუსეთი იკავებს, რომელთან სავაჭრო ბრუნვაც მიმდინარე წელს 4.7 მილიარდი აშშ დოლარია.
აღნიშნულ სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილები გერმანიასა და თურქეთს უკავიათ.
დატოვე კომენტარი