რუსეთის შორეული აღმოსავლეთით არსებულმა Sakhalin-2-ის სახელწოდებით ცნობილმა თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ქარხანამ, დეკემბრის ჩათვლით მიწოდებისთვის, ჩინეთს გარკვეული მოცულობის LNG ტვირთი მიჰყიდა. საკითხში გაცნობიერებული მოვაჭრეების განცხადებით, აზიური ქვეყანა მის სანაცვლოდ სპოტ-ბაზარზე არსებული ფასის ნახევარს იხდის.
საინტერესოა, რომ გარიგება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია – ჩინეთს იაფი მიწოდების უზრუნველყოფა და ტვირთის ევროპისა და აზიის კომუნალურ კომპანიებში გადაყიდვა შეუძლია, ხოლო რუსეთს, მიუხედავად მისი ნახევარ ფასად გაყიდვისა, გლობალურად მოთხოვნის ზრდის გამო, საშუალება აქვს საწვავით ვაჭრობა კვლავ მოგების ნახვით გააგრძელოს.
თუმცა, ამის პარალელურად, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, რომლებიც ტრადიციულად Sakhalin-2-ის LNG-ის მთავარი მიმართულებები იყვნენ, ერთჯერადად შეთანხმებული ფასით ქარხნისგან ტვირთის შესყიდვა შეაჩერეს. ქვეყნების გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომია. შეგახსენებთ, რომ Sakhalin-2-ის ოპერატორი, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით Gazprom PJSC-ის მმართველობაში გადავიდა. შედეგად, გაერთიანებული სამეფოს ენერგოგიგანტმა Shell-მა პროექტში არსებულ 27.5%-იან წილზე უარი განაცხადა.
„როგორც ჩანს, ჩინეთი სიამოვნებით იღებს რუსეთის LNG ტვირთებს დაბალ ფასად, რომელსაც შედარებით მაღალი ღირებულებით შემდგომ უკვე ევროპაში გადაამისამართებს“, – განაცხადა Credit Suisse-ის ენერგეტიკულმა ანალიტიკოსმა საულ კავონიჩმა.
ცნობისთვის, აგვისტოში, ჩინეთში რუსეთის LNG იმპორტმა უკანასკნელი ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიწოდება შემცირდა.
დატოვე კომენტარი