გასულ თვეში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები მოსალოდნელზე მკვეთრად დაეცა. მიზეზი სუსტი გლობალური მოთხოვნაა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის პანდემიის შემდგომ აღდგენის პერსპექტივებს აფერხებს.
ოფიციალური მონაცემებით, ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 14.5%-ით, ხოლო იმპორტი – 12.4%-ით შემცირდა. ვაჭრობის სუსტი მაჩვენებლები ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ არსებულ შეშფოთებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმატებს საცხოვრებელი ხარჯები და, შესაბამისად, მომხმარებლები დიდი მოცულობის სესხებს იღებენ. ეს პროცესები ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩინეთის პოსტპანდემიურ მცდელობაზე, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა, რადგან ქვეყნის მიერ ექსპორტზე გატანილ პროდუქციაზე მოთხოვნა იკლებს.
მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნაა ჩინეთის მასშტაბითაც, სამწლიანი ჩაკეტვისა და კორონავირუსის გახანგრძლივებული რეგულაციების გავლენით, ეკონომიკური აღდგენა სწრაფი ტემპით ვერ ხერხდება. ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორია, შესაბამისად, მისი მონაცემები უარყოფით გავლენას გლობალურ ეკონომიკაზეც იქონიებს.
გასულ წელთან შედარებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ექსპორტი 23.1%-ითაა შემცირებული. 20.6%-ით იკლო ჩინეთის ექსპორტმა ევროკავშირში.