ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან, თუმცა, ის გზა, რომლითაც მთავრობამ ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა დაიწყო პანდემიის შემდეგ, შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვის „გამოსადეგი გაკვეთილი“ გახდეს. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ეკონომისტი აცხადებს.
როგორც ვიცით, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა, სანამ ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა. გამოდის რომ ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ვირუსმა დააზარალა და ასევე პირველი ქვეყანა, სადაც ვირუსის გავრცელება შენელდა.
ჩინეთში საკარანტინე შეზღუდვების მოხსნა სწორედ ქალაქ ვუჰანიდან დაიწყეს – რომელიც პანდემიის ეპიცენტრი იყო. თუმცა, ამ ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად გამოჩნდა, რომ ეკონომიკის სრულად აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, – აღნიშნა Goldman Sachs-ის ეკონომისტმა ენდრიუ ტილტონმა.
“ვფიქრობ, საკმაოდ გამოსადეგი გაკვეთილები აქვთ მათ. ჩემი აზრით, ინდუსტრიული სექტორი უფრო უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, ვიდრე მომსახურების სექტორი“, – განაცხადა ეკონომისტმა.
თილტონმა ასევე დასძინა, რომ ქვეყნები დაინახავენ მკვეთრ ცვლილებებს ეკონომიკაში, როდესაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, ვინაიდან ცალკეულ კომპანიებს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა სწრაფად შეუძლია. თუმცა, ზოგიერთ სექტორს, მაგალითად ტურიზმს, დიდი ხანი დასჭირდება ძალების აღსადგენად.
ჩინეთში მაგალითად, გადაწყვეტილების მიმღები პირები ფრთხილობდნენ ისეთი ბიზნესების გახსნაზე, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზები, კინო–თეატრები. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზაა იქამდე, რომ ქვეყანაში ყველაფრის ფუნქციონირება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. Goldman Sachs-ის ეკონომისტის თქმით, ეს შესაძლოა 2021 წლამდე ცალკეულ ქვეყნებში არც მოხდეს.
კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნებმა შეზღუდვების დაწესება და საზღვრების ჩაკეტვა თებერვალში დაიწყეს. ამ პროცესებმა გლობალური ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყნების ნაწილმა დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ეპიდემიოლოგები კი აცხადებენ, რომ შეზღუდვების სწრაფად მოხსნა კიდევ ერთ კორონავირუსის აფეთქებას გამოიწვევს.
დატოვე კომენტარი