შობადობის შენელების, ფინანსური სირთულეებისა და სოციალური ნორმების ცვლილების ფონზე, ჩინეთის მოსახლეობა უკანასკნელი ექვსი ათწლეულის განმავლობაში პირველად შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, ქვეყნის სამუშაო ძალა კი ბერდება, რამაც, ანალიტიკოსების გაფრთხილებით, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.
ანალიტიკოსები შობადობის შენელების მიზეზებს შორის, საცხოვრებელი ხარჯების ზრდასთან ერთად, უმაღლესი განათლების მიმღები და დასაქმებული ქალების რაოდენობის ზრდასაც ასახელებენ. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა 2021 წლის შემდეგ 850,000 ადამიანით შემცირდა და 2022 წლის ბოლოს დაახლოებით 1,411,750,000 შეადგინა. NBS-ის თანახმად, 2022 წელს დაბადებულთა რაოდენობა 9.56 მილიონს უდრიდა, მაშინ როდესაც გარდაცვლილთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა.
ბოლოს ჩინეთის მოსახლეობა 1960-იანი წლების დასაწყისში, ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში შემცირდა. მაშინ, მაო ძედუნის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც „დიდი ნახტომის“ სახელითაა ცნობილი, დამღუპველი აღმოჩნდა და ჩინეთს სასტიკი შიმშილობის პერიოდად დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა „ერთი შვილის პოლიტიკა“, რომელიც 1980-იან წლებში მოსახლეობის რაოდენობის გადაჭარბებული მატების გამო დაწესდა, 2016 წელს დაასრულა და 2021 წელს წყვილებს სამი შვილის გაჩენის უფლება დართო. თუმცა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები არც აღნიშნული პოლიტიკის გაუქმების შემდგომ გამოსწორდა ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკური ზრდა სწორედ მის უზარმაზარ სამუშაო ძალაზეა დამოკიდებული.
დატოვე კომენტარი