მსოფლიოში ნახშირის უმსხვილეს მომხმარებელს, ჩინეთს, ენერგორესურსის მიწოდება ესაჭიროება და მზადაა ამისათვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. ეს კი მის ენერგო მეტოქეებს დიდ საფრთხეს უქმნის. ზამთრის მოახლოებასა და ბუნებრივ აირზე ფასების რეკორდულად ზრდასთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ქვანახშირის მიწოდების კონკურენციაში არიან. ამ ბრძოლის ცენტრში კი ჩინეთი იმყოფება, ქვეყანა სადაც მარაგები ამჟამად ყველაზე დაბალია, მოთხოვნა კი ყველა დროის რეკორდს სცდება.
ჩინეთის ელექტროენერგიის საბჭომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი გააფართოებს ქვანახშირის შესყიდვის პროცედურებს ნებისმიერ ფასად, რათა უზრუნველყოს გათბობა და ელექტროენერგიის გამომუშავება ზამთარში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მიერ მოხმარებული საწვავის 90% ადგილობრივად მოიპოვება, წარმოების მოკლე დროში გაზრდა მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ევროპაში ზამთრის განმავლობაში ქვანახშირის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამას კი სფეროს ექსპერტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველი მიზეზი ზამთრის პერიოდში განახლებადი ენერგიის წყაროების დაბალი პროდუქტიულობაა. გარდა ამისა, ქვანახშირის მოხმარების ზრდაზე გავლენას იქონიებს ბუნებრივ აირზე არსებული მაღალი ფასებიც. და რაც ყველაზე მთავარია, ქვანახშირის მოხმარებას ბირთვული რეაქტორების გეგმიური დახურვაც გაზრდის. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ენერგო პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ყველა ბირთვული ელექტრო სადგურის დახურვას ითვალისწინებს.
მსოფლიოს ორ მთავარ ენერგო ბაზარზე ქვანახშირზე მოთხოვნის ზრდამ კი სახელმწიფოები შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენოს.
დატოვე კომენტარი