ბოლო თვეების განმავლობაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დღე, როდესაც საერთაშორისო მედიამ ჩინეთის მთავრობის მორიგი მარეგულირებელი გადაწყვეტილების შესახებ არ განაცხადოს.
მკაცრი ახალი რეგულაციების შემოღებამ და უკვე არსებული რეგულაციების ზედმიწევნითმა კონტროლმა მიზანში ჩინეთში არსებული დიდი კომპანიები ამოიღო. მკაცრი პოლიტიკა კი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ეკონომიკური ხედვის, „საერთო კეთილდღეობის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
აღნიშნული ხედვა სულაც არ წარმოადგენს სიახლეს და ის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში მაო ძედუნის მმართველობის პერიოდიდან იღებს სათავეს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სი ძინპინმა ქვეყნის პოლიტიკის მკაცრ მარყუჟებში მოქცევის გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო პარტიის 100 წლის იუბილეზე გააჟღერა. ეს კი, საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებით, შესაძლოა იყოს სიგნალი იმისა, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში.
სი ძინპინის პოლიტიკის მთავარი მიზანი მდიდარსა და ღარიბ ფენას შორის არსებული სივრცის ამოვსებაა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ზომები მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს დიდ და საშუალო ბიზნესკომპანიებს მთელ ჩინეთში.
„ადგილობრივ ზომებს გლობალური ეფექტი აქვს“
ყველა სახის ბიზნესი, დაწყებული სადაზღვევო აგენტებით, დასრულებული კერძო რეპეტიტორების ფირმებით, უძრავი ქონების დეველოპერებითა და სხვა კომპანიებით, რომლებიც საკუთარი აქციების აშშ-ში გაყიდვას გეგმავდნენ, სახელმწიფოს მხრიდან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მოექცა.
შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მძიმედ ტექნოლოგიური ინდუსტრია დაზარალდა. ზეწოლა შეეხო მრავალ ტექკომპანიას ელექტრონული კომერციის სფეროთი დაწყებული, ონლაინ საფინანსო მომსახურებით გაგრძელებული, სოციალური მედიაპლატფორმების ჩათვლით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდება სათამაშო ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებზე, გამოთვლის პროვაიდერებზე, კრიპტოვალუტების მომპოვებლებსა თუ გაცვლით კომპანიებზე და სხვა მრავალ ბიზნესგაერთიანებაზე.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის მთავარ ძრავას წარმოადგენს, აღნიშნულ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესზე, არამედ გლობალურადაც.
ძლევამოსილი ჭიანჭველას დამარცხება
ყველასათვის კარგად ცნობილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Alibaba-სთან აფილირებული კომპანიის, Ant Group-ის, წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ ყველაზე ადრე გაილაშქრა. გასულ წელს ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა საკუთარი კომპანიის საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავდა. Ant Group-ის IPO-ზე გატანისას კი მისი ღირებულება 34.4 მილიარდი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.
ეს ნაბიჯი ჯეკ მას აზიის ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევდა. თუმცა, საბედისწეროდ, მილიარდერმა ჩინეთის ფინანსური სისტემა საჯაროდ გააკრიტიკა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი მისი კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსება გადაიდო და საჯარო სივრციდან თავადაც გაუჩინარდა. მალევე 2.3 მილიარდი აშშ დოლარით Alibaba-ც დაჯარიმდა.
დავალიანების ცათამბჯენი
China Evergrande Group-ი კიდევ ერთი კომპანიაა, რომელმაც სულ ახლახან აღმოაჩინა, რომ მისი ბიზნესის ბედი პირდაპირაა გადაჯაჭვული სი ძინპინის საერთო კეთილდღეობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან.
კომპანიის ძირითად საქმიანობას უძრავი ქონება წარმოადგენს. თუმცა გარკვეული ინტერესები სიმდიდრის მართვის, ელექტრომანქანების, საკვებისა და სურსათის ინდუსტრიასა თუ სპორტულ სფეროშიც აქვს. მისი ხელმძღვანელი ჰუი კა იანია – Forbes-ის მონაცემებით, 2017 წლის უმდიდრესი აზიელი.
თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში კომპანია უდიდესი საშიშროების, გაკოტრების, წინაშე დადგა. მისთვის შექმნილმა სირთულეებმა კი გავლენა მსოფლიო ბაზარზე მოახდინა. აქციათა ფასები რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდებოდა. აღნიშნული საშიშროება კი კომპანიის მიერ წლების განმავლობაში აღებულ ვალს, 300 მილიარდ აშშ დოლარს უკავშირდება.
თუმცა, თუკი უფრო სიღრმეებში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ Evergrande-ის მსგავსი კომპანიებისათვის სესხების ლიმიტის შემცირება გახლდათ. ახლა კი ჩინეთის მთავრობა კომპანიის ნაცვლად, მისი ქონების, ანუ ბინების მყიდველებს ეხმარება.
ბრძოლა სათამაშო ინდუსტრიისათვის
აგვისტოში ჩინეთის სამთავრობო მედიამ სათამაშო ინდუსტრიას „სულიერი ოპიუმი“ უწოდა. ეს მინიშნება გახლდათ. ამავე თვის ბოლოს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალგაზრდებისათვის მეტი შეზღუდვების დაწესებას აპირებს სათამაშო დროისა თუ პლატფორმების გასაკონტროლებლად.
18 წლამდე მოზარდებს ჩინეთის მთავრობამ განუცხადა, რომ სათამაშო პლატფორმებით სარგებლობა მხოლოდ პარასკევს, შაბათს, კვირასა და არდადეგებზე შეეძლებოდათ ერთი საათის ხანგრძლივობით საღამოს 8-დან 9 საათამდე ინტერვალში. რეგულაციას კი მთავრობა ძალიან მკაცრად გააკონტროლებს.
საბოლოოდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შეიძლება იყოს ჩინეთის მთავრობის მომდევნო რეგულაცია, თუმცა ეს ტენდენცია რომ გაგრძელდება, ეს აშკარა და ეჭვგარეშეა.
დატოვე კომენტარი