ZILLOW.COM-ი ამბობს, რომ სილიკონის ველზე მდებარე ჩემი სახლი, რომელიც თანაბარი მანძილითაა დაშორებული სტენფორდს, Apple-სა და Google-ს, 2009 წლის მარტის შემდეგ ორჯერ გაძვირდა. ამ ბოლოდროინდელ გაზრდილ მოთხოვნას, ნაწილობრივ, ჩინელები განაპირობებენ. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, რომელიც ხეობაში ყველას უნახავს ან სმენია. სახლი ბაზარზე $3 მილიონად გადის (ტიპური ფასი აკრის მეოთხედზე განთავსებული 2,500 კვადრატული ფუტის სახლისთვის). ორ კვირაში სახლი იყიდება. მოგვიანებით იგებ, რომ მისი ფასი 20%-ით იზრდება და მყიდველი მასში თანხას ნაღდი ფულით იხდის. მყიდველი ჩინეთიდანაა.
ბაზარი რაღაცას ამბობს. მაგრამ კონკრეტულად – რას? გასულ თვეს სინგაპურსა და ტაივანში ვიყავი და ვისაუბრე ფაქტზე, რომ ჩინელი მყიდველები სილიკონის ველზე ფასებს ზრდიან. ამას სინგაპური და ტაივანიც ამჩნევს, სიდნეიც, სან-ფრანცისკოც, სიეტლიცა და ვანკუვერიც. კითხვა ასე დგას: ჩინელი სახლის მყიდველები ღონიერდებიან თუ საკუთარი თავებისა და შვილებისთვის გაქცევას გეგმავენ? რომელია – გეგმა A თუ გეგმა B?
პასუხი რომ იცოდეთ, ბევრ ფულს იშოვიდით. ჩინეთის დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, გამოიცნონ, რას მოასწავებს ჩინეთის საფონდო ბირჟის კატასტროფა და იუანის დევალვაცია – კორექციას თუ მიწისძვრას. თუ მარჯვე ჩინელები საფონდო ბირჟაზე გარკვეულ მოგებებს იღებენ და მათ რეინვესტირებას ახდენენ ამერიკისა და ავსტრალიის სანაპიროების უძრავ ქონებაში, მაშინ ჩინეთის 37-წლიანი ზრდის ისტორია კვლავ სტაბილურად გაგრძელდება. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მარჯვე ჩინელები გაქცევას გეგმავენ, მაშინ ჩინეთი, შესაძლოა, გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია.
წლევანდელი ზაფხულის პრობლემებმა ჩინეთის კრიტიკოსები თავის მოსაზრებათა სისწორეში დაარწმუნა. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩინეთის არაერთი ოპონენტი ჩინეთის კრახს დიდი ხანია, წინასწარმეტყველებს. უოლ-სტრიტის მილიარდერი, ჯეიმს ჩანოსი ინვესტორებს წლების მანძილზე აფრთხობს ჩინური ბაზრიდან. ამერიკელმა ჟურნალისტმა, გორდონ ჩანგმა დაწერა წიგნი – ,,ჩინეთის მოახლოებული კოლაფსი” (Random House, 2001), რომელშიც ჩინეთის კოლაფსს წინასწარმეტყველებს. ერთ რამეში ჩანგი მართალია. ჩინეთის ცენტრალურ მთავრობას – ვალებით გაბერილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკების ჩივილის პასუხად – ჩინეთის ისეთი სწრაფად განვითარებადი ონლაინბანკებისთვის უნდა სილის გაწვნა, როგორიცაა, მაგალითად, Alibaba-ს Alipay, რასაც 5,000-იუანიანი საკრედიტო ლიმიტის დაწესებით ცდილობს – თანხისა, რომელიც ერთი iPhone-ის საყიდლადაც შეიძლება, არ გეყოს. ეს ავტორიტარული ნაბიჯი Alibaba-ს, Tencent-სა და სხვა ჩინურ ონლაინვარსკვლავებს დაკოჭლებას უქადის.
ცნობა ჩინეთის სიკვდილის შესახებ გადაჭარბებულია
თუ ბიზნესის წარმომადგენელი, ინვესტორი, პოლიტიკოსი ან სამხედრო სტრატეგი ხართ, ჩინეთთან დაკავშირებით რაიმე სწორად რომ ვერ გაიგოთ, ნამდვილი სიბრიყვე იქნება, თავისი შედეგებითურთ. მე თუ მკითხავთ, საუკეთესო ადგილი, საიდანაც ჩინეთის შესახებ გარკვეული ცოდნის მიღებაა შესაძლებელი, ევროპა და შეერთებული შტატები (მათ შორის სილიკონის ველი, საიდანაც ჩინეთის საყურებლად, ამერიკაში საუკეთესო ხედი იშლება) როდია. არც ჩინეთი გახლავთ ასეთი ადგილი: იქ ინფორმაცია რთულად მოსაპოვებელია, თქვენი ლეპტოპის ჰარდ- დრაივის შიგთავსი თავისუფლად შეიძლება ამოიღონ და Google-ის Gmail-მაც, შესაძლოა, ჯადოსნურად შეწყვიტოს მუშაობა. საუკეთესო ადგილს ჩინეთის მეზობლად მდებარე პატარა ქვეყნები წარმოადგენს, სადაც თავისუფალი სიტყვა და კავშირები ნებადართულია. სინგაპური და ტაივანი სწორედ ორი ასეთი ადგილია. ეს ქვეყნები შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან, მაგრამ იმის ფუფუნება არა აქვთ, რომ სერიოზული ინვესტიციები განახორციელონ ან პოლიტიკური შეცდომები დაუშვან ჩინეთთან დაკავშირებით.
სინგაპურისა და ტაივანის მოსაზრება ჩინეთის შესახებ გეგმა A-სთან უფრო ახლოა, ვიდრე გეგმა B-სთან, ზემოთ რომ ვახსენე. სიტყვით გამოსასვლელად Temasek-ის (სინგაპურის $ 200-მილიარდიანი სუვერენული დოვლათის ფონდის) საბჭოს კვარტალურ შეხვედრაზე მიმიწვიეს. ფისკალური წლისათვის, Temasek-ის ფონდი, რომელიც საფონდო ბირჟების, უძრავი ქონებისა და ნედლეულის სახით გაფართოვდა, 19%-ით იყო გაზრდილი. ჭკვიანი ხალხია. Temasek-ის საბჭოს რამდენიმე წევრმა თქვა, რომ, მათი აზრით, ზაფხულში, ჩინეთის კაპიტალის გულის წასვლა კორექცია იყო. ვარდნა ჰონკონგის ბირჟების უფრო ადრინდელ კორექციას ასახავს. ჩინეთის დაგეგმილი მშპ-ის 7%-იანი ზრდა არ არის მირაჟი, როგორც ამას ჯიმ ჩანოსი და სხვა დასავლელი ექსპერტები ამტკიცებდნენ. ჩინეთის ზრდა რეალურია და, სხვა თუ არაფერი, სავარაუდოდ, კარგად არაა შეფასებული.
მთავარი შეცდომა, რომელსაც ამერიკელები ჩინეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით უშვებენ, ისაა, რომ ქვეყნის კერძო და სამეწარმეო სექტორების ძალას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს სექტორები – და მათი უმეტესობა მეტად ენერგიული ბიზნესია – ქვეყნის მშპ-ის 70%-ს ქმნის. ნებისმიერი სისუსტე კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დრომოჭმული საწარმოებიდან მოდის, რომელთა შორისაა ძველმოდური ბანკები, დაუფარავი კრედიტების კორიანტელით. ყურადღების მიღმა რჩებიან ისეთი მეწარმეები, როგორიც არის Xiaomi-ს ლეი ჯუნი, რომელსაც ჩინეთის სტივ ჯობსი შეარქვეს, და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების მზარდი ძალა, როგორიცაა Lenovo და Huawei. ყურადღების მიღმა რჩება ის როლიც, რომელსაც მილიონობით ბიზნესი ასრულებს, 12 ან კიდევ უფრო ნაკლებ ადამიანს რომ ასაქმებს. რიგითი ადამიანები შეიარაღებულნი არიან: მათ აქვთ სმარტფონები, კავშირები გლობალურ ბაზრებთან და (ჯერჯერობით) ონლაინბანკებსა და კრედიტებთან.
უფრო ცხადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რა ხდება ჩინეთში, გნებავთ – კარგი და გნებავთ – ცუდი, FORBES ASIA წაიკითხეთ. ასევე ძალიან გირჩევთ ბოლო დროს გამოსულ წიგნს – “ჩინეთის გარდამქმნელები” (Portfolio). წიგნი ედუარდ ცეს ეკუთვნის – მენეჯმენტის კონსულტანტს, რომელსაც ბოლო 20 წელი ქვეყნის საუკეთესო მეწარმეებთან ურთიერთობაში აქვს გატარებული.
რიჩ კარლგაარდი FORBES-ის ავტორია. მისი ყველაზე ახალი წიგნი, “გუნდის გენიალურობა: ნაყოფიერი ორგანიზაციების ახალი მეცნიერება”, ივლისში გამოვიდა. მისი ძველი სვეტებისა და ბლოგების სანახავად, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: WWW.FORBES/KARLGAARD.
დატოვე კომენტარი