ჩინეთისთვის რთულ პერიოდში სი ძინპინი მესამე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადება

ჩინეთისთვის რთულ პერიოდში სი ძინპინი მესამე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მმართველი „კომუნისტური პარტიის“ ისტორიული ყრილობის დასაწყებად ემზადება, სადაც აწ უკვე მესამე ვადით გამარჯვებას და მისი, როგორც მაო ძედუნის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი მმართველის სტატუსის განმტკიცებას გეგმავს.

კონგრესი კი ჩინეთისთვის საკმაოდ რთულ და მღელვარე პერიოდში ტარდება, მაშინ როდესაც სი ძინპინის ნულოვანი კოვიდპოლიტიკა ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას ანელებს, ხოლო მისი მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, დასავლეთისგან უფრო მეტად აშორებს. მიუხედავად ამისა, დიპლომატები, ეკონომისტები და ანალიტიკოსები ჩინეთის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან ძალაუფლების გაძლიერების მცდელობებს მაინც ელიან.

დაახლოებით ერთკვირიანი კონგრესი 2,300-მდე დელეგატთან ერთად გაიმართება, ძირითადად – დახურულ კარს მიღმა, თიანმენის მოედანზე, ჩინეთის „დიდ სახალხო დარბაზში“. ჩინეთის დედაქალაქმა გააძლიერა უსაფრთხოება და COVID-სკრინინგიც. ახლომდებარე ხეპეის პროვინციაში, ფოლადის ქარხნებს, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამუშაოების შემცირება დაევალათ.

ჩინეთის პოლიტიკის გაუმჭვირვალობა, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდა სი ძინპინის 10-წლიანი მმართველობის პერიოდში, პარტიის მეთვალყურეებს სპეკულირების საშუალებას აძლევს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვინ დაინიშნება მთავარ პოსტებზე და რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს დანიშვნები. მიუხედავად ამისა, ცოტა თუ ელის რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს სი ძინპინის მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში, უმეტესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტისთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება უსაფრთხოება, თვითდამკვიდრება, ეკონომიკის სახელმწიფო კონტროლი, ძლიერი არმია და მზარდი ზეწოლა ტაივანის ხელში ჩაგდების მიზნით.

კონგრესი შემდეგი „პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის“ (PSC) წარდგენით დასრულდება. ეს ელიტარული ორგანო ამჟამად შვიდ წევრს აერთიანებს. კონგრესი სავარაუდოდ სატელევიზიო გამოსვლაში სი ძინპინის ვრცელი მოხსენებით დაიწყება პრეზიდენტის მომდევნო ხუთი წლის პრიორიტეტების შესახებ. ქვეყანაში დაიწყება პარტიისა და მთავრობის სათავეში საკადრო ცვლილებების ერთთვიანი პროცესი, რომელიც მარტში პარლამენტის ყოველწლიურ სესიაზე დასრულდება.

მესამე ვადით არჩევით, სი ძინპინი ბოლო ათწლეულების ორვადიან პრეცედენტს, ამასთან ერთად კი ნორმებს არღვევს: 69 წლის პრეზიდენტის მემკვიდრის იდენტიფიცირება მოსალოდნელი არაა, რაც, ანალიტიკოსების ვარაუდით, მიუთითებს იმაზე, რომ ლიდერი ხელისუფლებაში დარჩენას უფრო გრძელვადიანი პერსპექტივითაც გეგმავს.

თუმცა საინტერესო ისაა, თუ ვინ დასახელდება PSC-ის წევრებს შორის შემდეგ პრემიერად. მარტში, ლი კიციანგის გადადგომის შემდგომ, სწორედ ახალ პრემიერს დაეკისრება მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მართვის რთული ამოცანა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ლის აშკარა მემკვიდრე არ ჩანს.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღესდღეობით რომელიმე ინდივიდის შეხედულებები ჩინეთში ნაკლებად ფასობს, თავად პრეზიდენტმაც გვერდი აუარა ე.წ. „რეფორმატორებად“ მიჩნეულ ხალხს და უფრო მეტად სახელმწიფოზე ორიენტირებულ და ნაციონალისტური ეკონომიკის პოლიტიკის მხარეს დადგა.

სი ძინპინის გახსნითი სიტყვა 2017 წლის ბოლო კონგრესზე იყო ფრიად ოპტიმისტური, მოიცავდა ამბიციურ გეგმებსაც და 2050 წლისთვის ჩინეთის წამყვან გლობალურ ძალად გადაქცევის მიზანსაც აერთიანებდა. პრეზიდენტმა, თითქმის სამსაათნახევრიანი გამოსვლისას, სიტყვა „რეფორმები“ 70-ჯერ ახსენა.

ამის შემდგომ კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ნულოვანი კოვიდპოლიტიკით ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, ხოლო სი ძინპინის ურთიერთობა დასავლეთთან საგრძნობლად გაუარესდა. ანალიტიკოსების აზრით, კონგრესის მხრიდან რაიმე დაუყოვნებლივი და დრამატული ცვლილებებიც ნაკლებად სავარაუდოა, მათ შორის ეკონომიკის აღდგენის მიზნით, რომელიც, როგორც ჩანს, მიმდინარე წელს დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. აღნიშნული ზრდა კი ბევრად ჩამოუვარდება ქვეყნის ოფიციალურ სამიზნეს – 5.5%-ს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *