ჩინეთმა ქალაქ უჰანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 290–ით გაზარდა, რაც დაახლოებით 50%–იანი ზრდაა. შედეგად, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უჰანში, რომელიც ვირუსის აფეთქების ეპიცენტრი იყო, საერთო ჯამში 3 869 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის მასშტაბით კი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 4 632–ია.
ხელისუფლება ამას აფეთქების პერიოდში სახლში დაღუპულების აღრიცხვის გამორჩენით ხსნის. კერძოდ, აცხადებენ, რომ ვირუსის აფეთქების დროს კლინიკები გადატვირთული იყო დაინფიცირებულთა რაოდენობით და შედეგად მათ ვერ მოახერხეს იმათი სრული აღრიცხვა, რომლებიც საავადმყოფოების გარეთ დაიღუპნენ.
“ზოგიერთი პაციენტი გარდაიცვალა სახლში, საავადმყოფოში მკურნალობის გარეშე. კლინიკები მათი შესაძლებლობების გადაჭარბებით მუშაობდნენ, სამედიცინო პერსონალი დაკავებული იყო ადამიანების გადარჩენით და მკურნალობით, რამაც გამოიწვია ის, რომ აღრიცხვა შეცდომით მოხდა და ცალკეული შემთხვევები გამორჩათ“, – განაცხადეს უჰანის მუნიციპალიტეტში ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ცენტრში.
დაკორექტირდა ასევე უჰანში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობაც და ის 325–ით გაიზარდა. ჯამში კი 50 333 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის დაკორექტირებამდე ჩინეთი მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსის მონაცემების დამალვაში დაადანაშაულეს.
დატოვე კომენტარი