24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ჩინეთმა და რუსეთმა პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო წვრთნა სამშაბათს შედგა.
ჩინეთისა და რუსეთის საჰაერო ძალებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება იაპონიის ზღვის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის თავზე განახორციელეს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერთობლივი პატრულირება ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისგან სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდა. უკრაინაში წამოწყებული ომის დაგმობისგან, რომელსაც თავად რუსეთი კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, პეკინმა თავი შეიკავა, თუმცა მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
რუსეთსა და ჩინეთს ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წლებშიც ჩაუტარებიათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2019, 2020 და 2021 წლების ერთობლივი წვრთნები წლის მეორე ნახევარში განხორციელდა.
დატოვე კომენტარი