ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ, წყნარი ოკეანის რეგიონს „ნაკლები შეშფოთებისკენ“ მოუწოდა მას შემდგომ, რაც მასა და ათი კუნძულოვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სავაჭრო და უსაფრთხოების კომუნიკეს განხილვა გადაიდო.
ვანგმა, რეგიონში მოგზაურობის შუა პერიოდში ჩინეთთან დიპლომატიურ კავშირში მყოფი წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეოშეხვედრას უმასპინძლა. პეკინის ამბიციამ, კუნძულოვან ქვეყნებთან უსაფრთხოების კავშირების გაფართოების შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. შეხვედრამდე, მოწვეულ ქვეყნებთან ჩინეთის მიერ გაგზავნილი კომუნიკეს პროექტითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით ირკვევა, რომ ჩინეთი რეგიონთან ფართო რეგიონულ ვაჭრობასა და უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევას გეგმავდა.
თუმცა, Reuters-ზე დაყრდნობით, გასულ კვირას გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, მინიმუმ ერთი მიწვეული ქვეყანა, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები, შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა. გარდა ამისა, წყნარი ოკეანის ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალური პირის ინფორმაციით, სხვა მონაწილე ქვეყნებს შეთანხმების ჩასწორება ან გადაწყვეტილების მიღების გადადება სურდათ. თავად ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კონსენსუსისთვის შემდგომი დისკუსიები იყო საჭირო.
ვანგის მიერ მოწვეულ ვიდეოშეხვედრას სამოას, ტონგას, კირიბატის, პაპუა-ახალი გვინეის, ვანუატის, სოლომონის კუნძულების, ნიუესა და ვანუატუს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვანგის თქმით, მონაწილეთა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა ჩინეთის მოტივები წყნარი ოკეანის კუნძულებზე აქტიურობის გამო, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩინეთი აფრიკაში, აზიასა და კარიბის ზღვის განვითარებად ქვეყნებსაც უჭერს მხარს, რადგან როგორც ჩინეთის, ასევე ყველა სხვა განვითარებადი ქვეყნის საერთო განვითარება და კეთილდღეობა მხოლოდ უფრო დიდ სამართლიანობას, პროგრესსა და ჰარმონიას ნიშნავს ყველა ქვეყნისთვის.
დატოვე კომენტარი