ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ზრდის შენელებასთან ერთად, ჩინეთს მიმდინარე წელს, მსოფლიო მასშტაბით, მილიონერთა ყველაზე მასშტაბური გადინება ემუქრება. ახალ მონაცემებს საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ი საკუთარ ანგარიშში აქვეყნებს.
Henley & Partners-ის სიმდიდრის მიგრაციის ანგარიშით, ჩინეთს მიმდინარე წელს 13,500 ადამიანი დატოვებს – თითოეული მათგანის საინვესტიციო ქონება $1 მილიონს აღემატება. საკონსულტაციო კომპანიის შეფასებით, მილიონერთა გადინებით მეორე ადგილზე ინდოეთია (6,500 ადამიანი), ხოლო მესამე პოზიციას გაერთიანებული სამეფო (3,200) იკავებს.
პრეზიდენტ სი ძინპინის „საერთო კეთილდღეობისკენ“ სწრაფვამ მილიონერთა მიგრაცია განაპირობა ისეთ ადგილებში, როგორიც, მაგალითად, სინგაპურია. ამას კი პანდემიის გავრცელების შესაკავებლად გახანგრძლივებული შეზღუდვები დაერთო, რამაც მილიონერთა სწრაფვა მიგრაციისაკენ კიდევ უფრო გააძლიერა.
სიმდიდრის შემსწავლელი ფირმა New World Wealth-ის შეფასებით, უკანასკნელ წლებში ჩინეთში საერთო სიმდიდრის ზრდის შენელების გავლენით, ქვეყნიდან მილიონერთა გადინების მაჩვენებელი შესაძლოა იმაზე მაღალი აღმოჩნდეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ჩინეთის გარდა, მილიონერთა გადინების მაღალი და გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელი შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდეს. გაერთიანებული სამეფო მესამე პოზიციით რუსეთს (მე-4 ადგილი) ასწრებს, რაც ძირითადად Brexit-თან დაკავშირებული საგადასახადო საკითხების დამსახურებაა.
მეორე მხრივ, მილიონერთა მოზიდვის მაჩვენებლით ლიდერი მიმდინარე წელს შესაძლოა ავსტრალია გახდეს. Henley & Partners-ის შეფასებით, ქვეყანა, 5,200 ახალმცხოვრები მილიონერით, 2023 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების გადასწრებას მოახერხებს.