ჩინეთში ახალი რეგულაციების მიხედვით რეპეტიტორობით ფინანსური სარგებლის მიღება აკრძალული ხდება. შედეგად კერძო რეპეტიტორობის $120-მილიარდიან ინდუსტრიას გაკოტრება ემუქრება. რეპეტიტორობის ან ტუტორინგის კომპანიების ღირებულება საფონდო ბირჟაზე წარმოუდგენელი სისწრაფით დაეცა, ხოლო ამ კომპანიების მფლობელები მილიარდებს კარგავენ.
მათ შორისაა ონლაინტუტორინგის კომპანია Gaotu Techedu Inc.-ის დამფუძნებელი ლარი ჩენიც, რომელმაც პანდემიის დროს ჩინეთში დისტანციური სწავლების დაწყების შემდეგ უდიდეს წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. თუმცა ახალი რეგულაციების შედეგად მისი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა და ჩენმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ, უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში კერძო რეპეტიტორების მომსახურებით მოსწავლეების 75% სარგებლობს. რეპეტიტორების ხარჯები ამ მოსწავლეების მშობლებს მძიმე ტვირთად დააწვა, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დაბალი შობადობის მაჩვენებელშიც აისახა. ახალი რეგულაციებით ყველა კერძო ტუტორინგის კომპანია არამოგებიან კომპანიად გადაკეთდება, ხოლო საჯარო რეპეტიტორობის პროგრამები უფასო გახდება. როგორც აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსწავლეების მშობლებისთვის ფინანსური წნეხის შემცირებაა, რის შედეგადაც ამ რეფორმებმა ქვეყანაში შობადობის გაზრდა უნდა გამოიწვიოს.
დატოვე კომენტარი