ჩინეთში წარმოებულ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მატარებელს 600 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. მატარებელი ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა კომპანიამ, China Railway Rolling Stock Corporation-მა, შექმნა. მატარებლის სტრუქტურა ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული და იგი გადასაადგილებლად მაგნიტურ ველს იყენებს.
ელექტრომაგნიტური ძალის საშუალებით მატარებელი საკუთარ გზაზე გადაადგილებისას ჰაერში იქნება. შესაბამისად, მისი მოჭიდებისა და ხახუნის არარსებობის გამო მატარებელს კიდევ უფრო დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
CRRC-ის მთავარი ინჟინრის განცხადებით, გარდა რეკორდული სიჩქარისა, მატარებლის მთავარ დადებით მხარეს ხმის გარეშე გადაადგილება წარმოადგენს.
აღნიშნული მატარებლის პროტოტიპის შესახებ ინფორმაცია მედიაში ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა. იმავე წელს ჩინეთის მთავრობამ საკმაოდ ამბიციური გეგმა დააანონსა, რომლის მიხედვითაც მთავარ მეგაპოლისებს შორის 3-საათიანი ტრანსპორტირების წრიული არეალები უნდა შექმნილიყო.
მაღალსიჩქარიანი მატარებლები ჩინეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის პრიორიტეტია. მისი განვითარების მთავარი მიზანი კი ჩინეთის დიდ ქალაქებს შორის გადაადგილების დროისა და ხარჯების შემცირებაა.
ამჟამად, ჩინეთში არსებული ყველაზე სწრაფი მატარებელი მაქსიმუმ 350 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. თვითმფრინავების გადაადგილების საშუალო სიჩქარე კი 800-დან 900 კმ/სთ-მდე მერყეობს. შესაბამისად, ახალი მაგნიტური ველის მქონე მატარებელი შუალედურ ზონას შეავსებს.
მთავარი პრობლემა ელექტრომაგნიტური ველის მქონე გზების ნაკლებობაა. ამჟამად ჩინეთს ასეთი მხოლოდ ერთი გზა აქვს, რომელიც შანხაის აეროპორტს ქალაქის სადგურთან აკავშირებს. გზის სიგრძე კი 30 კილომეტრს შეადგენს, რომლის დასაფარად მატარებელს მხოლოდ შვიდი წუთი და 30 წამი სჭირდება.
დატოვე კომენტარი