ჩინური Lenovo მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიისათვის განსაკუთრებით საინტერესო მეტავერსთან დაკავშირებული პროდუქტები და სერვისებია.
Lenovo-ს მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოში უდიდესი მწარმოებლის კვლევისა და განვითარების გუნდი იმუშავებს ტექნოლოგიაზე, რომელიც ბიზნესებს მეტავერსის ათვისებაში დაეხმარება.
Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Lenovo მომდევნო 5 წლის განმავლობაში მეტავერსში შესაბიჯებლად 15.7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განცხადებით, კვლევისა და განვითარების დანაყოფის განსავითარებლად Lenovo მომდევნო სამი წლის განმავლობაში 12,000 პროფესიონალს დაიმატებს.
შეგახსენებთ, რომ მეტავერსი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტექნოლოგიაა. ვირტუალური რეალობის სამყაროში ბიზნესსაქმიანობის წარმოება უკვე უამრავმა გიგანტმა კომპანიამ მოისურვა და ამისათვის ათეულობით მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციებიც განხორციელდა.
Lenovo მსოფლიო მასშტაბით პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებით ლიდერი კომპანიაა. აღნიშნული ტიტული მას 2012 წლიდან ეკუთვნის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინურ გიგანტზე ბაზრის 22.7% მოდიოდა.
დატოვე კომენტარი