ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Tencent-მა, ბრიტანული ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია, Sumo, 919 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
შეთანხმების თანახმად, Sumo ჩინურ კომპანიას საკუთარი თამაშების პორტფელებზე სრულ წვდომას აძლევს.
Tencent-ი მსოფლიოში ვიდეოთამაშების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა.. ის ისეთი პოპულარული თამაშების შექმნაში მონაწილეობდა, როგორიც Fortnite-ი და PlayerUnknown’s Battlegrounds-ია (PubG).
რაც შეეხება Sumo-ს, მას 5 ქვეყანაში 14 სტუდია აქვს და დაახლოებით 1200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბრიტანული კომპანიის შექმნილ თამაშებს Hotshot Racing-ი, Sackboy, Little Orpheus-ი და WST Snooker-ი მიეკუთვნება.
Sumo-ს აღმასრულებელი დირექტორის, კარლ ქეივერსის განცხადებით, Tencent-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა ხელიდან გასაშვები შანსი არ იყო. Sumo 18 წლის წინ დაარსდა და ქეივერსი მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. მან აღნიშნა, რომ შეთანხმება კომპანიას დაეხმარება, დაუბრუნდეს იმ ნიშს, რომელზეც ერთ დროს იყო.
Tencent-ის CSO-ს განცხადებით, კომპანია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა დააჩქაროს ბრიტანული ვიდეოთამაშების მწარმოებლის ზრდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, კომპანიის მიზანი იქნება გაერთიანებული სამეფო სათამაშო ინოვაციების ჰაბად აქციოს.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრია პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის განმავლობაში GameStop-სა და AMC-ის აქციათა ფასები საფონდო ბირჟაზე რამდენჯერმე გაიზარდა.
დატოვე კომენტარი