ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა: Alibaba-მ, ByteDance-მა და Tencent-მა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს ალგორითმების შესახებ ინფორმაცია პირველად მიაწოდეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ სწორედ ალგორითმი წყვეტს, თუ რა სახის ინფორმაციას ხედავენ მომხმარებლები და რა თანმიმდევრობით.
შესაბამისად, ალგორითმისა და მისი მონაცემების დაცვა ყველა კომპანიისათვის უმთავრესი პრიორიტეტია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში Meta-მ და Alphabet-მა მარეგულირებელ ორგანოებს დაუმტკიცეს, რომ ალგორითმი სავაჭრო საიდუმლოს წარმოადგენს და მისი გაზიარება არ შეიძლება.
თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთში ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციამ 30 ალგორითმის სია გამოაქვეყნა. მარეგულირებლის განცხადებით, აღნიშნული სია გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად განახლდება. ეს კი მონაცემთა გამჭვირვალობის მიზნობრიობით აიხსნება.
სიაში ერთ-ერთი ალგორითმი Alibaba-ს შვილობილ კომპანიას, ელ-კომერციის ვებგვერდს, Taobao-ს ეკუთვნის. ჩამონათვალში მოხვდა ByteDance-ის მიერ შექმნილი TikTok-ის ჩინური ანალოგის, Douyin-ის ალგორითმიც. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს, სიაში გვხვდება Tencent-ის, NetEase-ისა და Baidu-ს ალგორითმების შესახებ ინფორმაციაც.
სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სიაში ალგორითმების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, რეალურად, კომპანიებმა ჩინეთის მარეგულირებლებს უფრო დეტალური მონაცემები გადასცეს.
დატოვე კომენტარი