მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბორის ბეკერს პატიმრობა მიუსაჯეს. „დიდი სლემის“ ექვსგზის გამარჯვებული, ვალების გადახდის თავიდან აცილების მიზნით, 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების აქტივებისა და გადასახადების დამალვისთვის ლონდონის სასამართლომ ორი წლითა და ექვსი თვით ციხეში გაუშვა.
54 წლის გერმანელი დამნაშავედ ცნეს ოთხ ბრალდებაში. საქმე ეხება ბეკერის გაკოტრებას 2017 წლის ივნისში, რაც გამოწვეული იყო 3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირებულების გადაუხდელი სესხით.
აღსანიშნავია, რომ გადასახადების გადაუხდელობის გამო ბეკერი 2002 წელს გერმანიაშიც გაასამართლეს. მაშინ ყოფილ ჩოგბურთელს სასამართლომ პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
კანონის მიხედვით, ბეკერი გაკოტრების შემდეგ ვალდებული იყო გაემჟღავნებინა მთელი თავისი აქტივები, რათა ხელმისაწვდომი ფინანსური სახსრები მის კრედიტორებზე განაწილებულიყო, რომელთა მიმართაც ყოფილ სპორტსმენს თითქმის 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ვალი ჰქონდა გადასახდელი.
სასამართლო პროცესის დროს ბეკერმა განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული 50 მილიონი აშშ დოლარი „ძვირადღირებულ განქორწინებასა“ და შემოსავლების დაკარგვის შემდეგ აღებული ვალების გასტუმრებაში დახარჯა.
როგორც ცნობილია, ციხეში კარგად მოქცევის შემთხვევაში ბეკერს პატიმრობის ვადის ნახევარს პირობითი სასჯელით შეუცვლიან.
დატოვე კომენტარი