ჩრდილოეთ კორეამ, სახელისუფლებო მედიის ცნობით, ღამის აღლუმზე ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტები (ICBM) წარადგინა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, გასულ წელს სახელმწიფომ თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა განავითარა და ათობით რაკეტაც გამოცადა.
სახელისუფლებო მედიასაშუალება KCNA-ის მიერ გამოქვეყნებულ, ღამის აღლუმის ამსახველ ფოტოებზე თერთმეტი Hwasong-17 ჩანს, ჩრდილოეთ კორეის უდიდესი კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარტყმის შესაძლებლობა აქვს.
ცნობისთვის, Hwasong-17 პირველად გასულ წელს გამოცადეს. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, აღლუმზე ასევე წარმოდგენილი იყო იარაღმტყორცნში მოთავსებული ახალი კონტინენტთაშორისი მყარი საწვავის რაკეტების პროტოტიპი ანდაც მაკეტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი იარაღის განვითარება დიდი ხანია, ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სახელმწიფო მედია KCNA-ის ინფორმაციით, ფხენიანში აღლუმი ჩრდილოეთ კორეის არმიის დაარსებიდან 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა. კიმ ჩენ-ინი აღლუმს ქალიშვილთან ერთად დაესწრო, რომელიც მემკვიდრეობითი დიქტატურის მომავალ ლიდერად განიხილება.
ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო პროგრამა, ისევე როგორც ბირთვული იარაღის განვითარება, სრულად ექვემდებარება თავდაცვის სუვერენულ უფლებას. ამასთან ერთად კი მათი განვითარება აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ბირთვული პოლიტიკიდან გამომდინარე.
დატოვე კომენტარი