გუშინ, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ბირთვული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტესტირება აქამდე ყველაზე დიდ მანძილზე გასროლილი ბალისტიკური რაკეტა გახლავთ. საინტერესოა, რომ იაპონიის თავზე ჩრდილოეთ კორეას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი რაკეტა არ გამოუცდია.
აღნიშნული ფაქტი სატელეფონო საუბრისას დაგმეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. შეერთებულმა შტატებმა ფაქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის ჩანიშვნაც მოსთხოვა, თუმცა დიპლომატების ინფორმაციით, რუსეთმა და ჩინეთმა ამაზე უარი განაცხადეს.
როგორც აღვნიშნეთ, ჩრდილოეთ კორეას იაპონიის თავზე რაკეტა 2017 წლის შემდეგ არ გამოუცდია. მისი გასროლის რადიუსმა 4,600 კილომეტრი შეადგინა. საინტერესოა, რომ ჩვეულებრივ კიმ ჩენ ინის მიერ გამოცდილი რაკეტების ტრაექტორია ვერტიკალურია, რათა მეზობელ ქვეყნებთან უთანხმოება თავიდან აირიდონ. თუმცა, როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტის იაპონიის თავზე გამოცდა მიზანმიმართული ქმედებაა.
ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ სარაკეტო გამოცდები სამხრეთ კორეამაც ჩაატარა. ამერიკელ სამხედროებთან ერთად ჩატარებული წვრთნებისას, სამხრეთკორეელებმა რაკეტები ზღვის მიმართულებით გამოცადეს.
დატოვე კომენტარი