ახალი კანონმდებლობით, ჩრდილოეთ კორეამ, თავდაცვითი საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული ბირთვული თავდასხმების განხორციელების უფლება დაამტკიცა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყნის ბირთვულ სტატუსს განამტკიცებს და დენუკლეარიზაციისთვის მოლაპარაკებებს კრძალავს.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ 2017 წლის შემდგომ პირველად, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული გამოცდის განახლებისთვის ემზადება. შეგახსენეთ, რომ 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან გამართულ ისტორიულ სამიტზეც კი ვერ დაარწმუნეს კიმ ჩენინი, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის განვითარებაზე.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა, „უზენაესმა სახალხო კრებამ“, ახალი წესებით, სახელმწიფოს ბირთვული სტატუსის შესახებ 2013 წლის კანონი ჩაანაცვლა. კიმ ჩენინის განცხადებით, ახალ კანონმდებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და არავითარ შემთხვევაში, თუნდაც მის ქვეყანას 100-წლიანი სანქციები დაემუქროს, იარაღის დათმობას არ აპირებს.
ცნობისთვის, იმ სცენარებს შორის, რასაც კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა ბირთვული თავდასხმა მოჰყვეს, იქნება: გარდაუვალი ბირთვული შეტევის საფრთხე, ომის დროს უპირატესობის მოპოვება და შემთხვევა, როდესაც საფრთხის ქვეშ მთავრობა, მოსახლეობა ანდაც არსებობის საკითხი დადგება.
დატოვე კომენტარი