აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში ჩვილს, რომლის ოჯახშიც ბიბლია აღმოაჩინეს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შემთხვევა 2009 წელს მოხდა, თუმცა დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიშში ამ თვეში გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციის წყარო არასამთავრობო ორგანიზაცია Korea Future-ია. აშშ-ის დეპარტამენტის ცნობით, რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ბიბლიის ფლობის საფუძველზე ჩრდილოეთ კორეაში ოჯახი 2009 წელს დააკავეს. ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის ორი წლის ბავშვს, პოლიტპატიმრების ბანაკებში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
არსებული მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში, ძირითადად მის დასავლეთ ნაწილში, 200,000-დან 400,000-მდე ფარული ქრისტიანი ცხოვრობს. Korea Future-ის მოხსენება რელიგიური დევნის 244 მსხვერპლთან 2007-2020 წლებში ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. რესპონდენტები, შამანიზმისა და ქრისტიანული რწმენის გამო, ჩრდილოეთ კორეაში დაკავების, იძულებითი შრომის, წამების, სამართლიან სასამართლოზე უარის თქმის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
Open Doors USA-ს თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში ქრისტიანული რწმენის გამო 50,000-დან 70,000-მდე ადამიანი ციხეში იმყოფება. რელიგიური შეხედულებების გამო ჩრდილოეთ კორეაში ათეულობით ადამიანი სიკვდილითაც დასაჯეს, მათი ოჯახების ასეულობით წევრი კი სამუშაო ბანაკებში გაგზავნეს.