ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აზიაში, NATO-ს მსგავსი სამხედრო ალიანსის შექმნას ცდილობს, რაც მთავრობის თქმით, მათ ქვეყანას თავდაცვის გაძლიერებისკენ უბიძგებს.
ჩრდილოეთ კორეის განცხადება, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირველად, ქვეყნის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლთან შეთანხმებაც გააფორმა, რაც ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად, აუცილებლობის შემთხვევაში სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე უფრო მეტი ამერიკული იარაღის განთავსებას ითვალისწინებს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ჩატარებული ერთობლივი წვრთნებით, ამერიკის შეერთებული შტატები აზიაში NATO-ს ტიპის სამხედრო ალიანსის ჩამოსაყალიბებლად ემზადება. ცნობისთვის, აშშ-მა წვრთნები სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებთანა ერთადაც ჩაატარა, რომელშიც, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის ავიამზიდი მონაწილეობდა.
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეისგან ბირთვულ იარაღზე უარის თქმას უკვე წლებია, მოითხოვს, თუმცა ჩრდილოეთი კორეა თემის განსახილველად ოფიციალური შეხვედრების ჩატარებაზე უარს ამბობს. მთავრობის განცხადებით, ქვეყანას თავდაცვის მიზნით ბირთვული იარაღის შექმნის სუვერენული უფლება აქვს, რაც საერთაშორისო საფრთხეებისგან სახელმწიფოს დასაცავად აუცილებელია. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, სახელმწიფო გლობალური უსაფრთხოების დაცვისთვის საკუთარი როლის გასაზრდელად, NATO-სთან პარტნიორობის გაძლიერებასა და ბრიუსელის შტაბ-ბინაში დელეგაციის შექმნას გეგმავს.
დატოვე კომენტარი