ჩრდილოვანი ბანკირი

ჩრდილოვანი ბანკირი

იდუმალი ჯონ გრეიკენი FORBES-ის მილიარდერების რეიტინგში მისი $6.3-მილიარდიანი ქონების წყალობით მოხვდა. ეს კერძო კაპიტალის ბიზნესში რიგით მეორე უდიდესი ქონებაა. ეპოქაში, როცა მტაცებლური საბანკო საქმე დემონიზებულია, ულმობელი, ეგოისტი, არაპატრიოტი გრეიკენი გადასახადებს გაქნილად არიდებს თავს. და მაინც, საპენსიო ფონდის თითქმის ყველა მენეჯერი ცდილობს, ამ გაამერიკელებულ ირლანდიელს მისცეს ფული.

“გაჭირვებულის ინვესტორი” უოლ-სტრიტის განსაკუთრებული სახეობაა: „ფსკერზე მოთევზავეები“, რომელთაც ფოლადის აღნაგობა აქვთ და სწრაფად გაყიდვის მიდრეკილებები გამოარჩევთ. საბირჟო ფასდაკლებაზე მოთამაშე მოვაჭრეების მსგავსად, ვერც „გაჭირვებულ ინვესტორებს“ იტანენ: ისინი სუსტებზე ნადირობენ – ინდივიდებსა და კომპანიებზე, რომლებმაც არასახარბიელო ინვესტიცია გააკეთეს ან გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ. „გაჭირვებულის ინვესტორი“ უოლ-სტრიტის ძველი, ნაკლებად სასიამოვნო ტერმინების – მტაცებლები, საფლავზე მოცეკვავენი, მძარცველი მესვეურები – შელამაზებულ ვერსიას წარმოადგენს.

ახალი ათასწლეულის მძარცველ მესვეურთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი (და, ასევე, ყველაზე შეძულებული და წარმატებული) Lone Star Funds-ის ჯონ გრეიკენია. 59 წლის ინვესტორი, კერძო კაპიტალის მეორე უმდიდრესი მენეჯერი (პირველი Blackstone-ის სტივენ შვარცმანია), $6.3-მილიარდიანი ქონებით, FORBES-ის მილიარდერების რეიტინგში პირველად მოხვდა. Lone Star-მა $64 მილიარდის აქტივები დააგროვა. დაარსებიდან, 1995 წლიდან, მის 15 ფონდს წლიურად საშუალოდ 20%-იანი წმინდა მოგება მოაქვს და საბანკო ვალი არც ერთ წელს არ ჰქონია.

შვარცმანის Blackstone-ი $336 მილიარდის აქტივებს ფლობს, მისი საშუალო წლიური მოგება კი 17%-ია.

შვარცმანის პროფესიონალების პატარა არმია კომპანიის იმიჯზე საქველმოქმედო აქციებით ზრუნავს, გრეიკენს კი რეპუტაცია არ ანაღვლებს. მისი სახელობის ბიბლიოთეკებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს ვერსად ნახავთ. უორენ ბაფეტის Giving Pledge-ზე ხელი არ მოუწერია. პატრიოტის გარდა ყველაფერია: გადასახადების თავიდან ასაცილებლად, 1999 წელს, ამერიკის მოქალაქეობაც კი დათმო. ჩვენს რეიტინგში ის ირლანდიის მოქალაქეა.

გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გრეიკენმა სახელმწიფო სააგენტოებისა და მსოფლიო ბანკებისგან უძრავი ქონების გადაუხდელი სესხების შესყიდვა დაიწყო. მალე მოკლევადიანი სესხების კრედიტორი, ესპანური სამშენებლო ფირმა და ირლანდიური სასტუმრო ქსელიც შემოიერთა. მას მარეგულირებული ორგანოების თანამშრომლები აბრკოლებენ, უძრავი ქონების მფლობელები (რომელთა სესხებიც მან შეიძინა) კი მის ტაქტიკებს ვერ იტანენ. პრინციპში, ცილისწამებასა და ნიუ-იორკის, ბერლინისა თუ სეულის პროტესტებს გრეიკენი უკვე შეეჩვია. შარშან ნიუ-იორკის მთავარმა პროკურორმა, ერიკ შნაიდერმანმა გრეიკენის დესპოტური ტაქტიკების, მათ შორის, დაგირავებული ქონების გამოსყიდვის უფლების აგრესიულად წართმევის ტენდენციის, გამოძიება დაიწყო – იმ ყველაფრისა, რაც უძრავი ქონების მესაკუთრეების, ადვოკატებისა და სავაჭრო გაერთიანების პროტესტს იწვევს.

„Lone Star Funds-ის ბიზნესსაქმიანობებით გამოწვეული ადამიანური მსხვერპლი სერიოზულ კითხვებს ბადებს“, – ამბობს ელიოტ მალენი, Unite Here-ის (270,000 სასტუმროსა და ინდუსტრიული მუშების წარმომადგენელი გაერთიანების) კვლევის ანალიტიკოსი.

საეჭვოა, რომ გრეიკენი, რომელმაც ჩვენი სტატიისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, საკუთარ ფირმაში მაინც სარგებლობდეს პოპულარობით. საპენსიო ფონდის დოკუმენტების მიხედვით, ის Lone Star-ისა და აქტივების მართვის პარტნიორი ფირმის, Hudson Advisors-ის ერთადერთი მფლობელია. უდიდესი კერძო კაპიტალის ფირმებისგან განსხვავებით, რომელთა კაპიტალსაც პარტნიორები ინაწილებენ, გრეიკენი თავის ქონებას დამოუკიდებლად განაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ფირმის ზოგი თანამშრომელი მულტიმილიონერი გახდა, კომპანია არაერთმა წამყვანმა თანაშემწემ დატოვა, რადგან გრეიკენს არც ერთი მათგანი საკმარისად არ დაუფასებია, რომ თანამფლობელობა შეეთავაზებინა.

გრეიკენის მოყვარული ჯგუფიც არსებობს: საპენსიო ფონდის მენეჯერები. ისინი მას ალფა-ღმერთად მიიჩნევენ და მის ცოდვებზე თვალს ხუჭავენ. „ბოლო ათწლეულებში ჯონს ფენომენალური მოგება ჰქონდა და ძალიან დისციპლინირებული საინვესტიციო სტრატეგია შეიმუშავა – მას ვერავინ შეედრება, – ამბობს ნორი ჯერარდო ლიტსი, Harvard Business School-ის პროფესორი, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ფირმას ხელმძღვანელობდა, რომელიც საპენსიო ფონდებს კერძო კაპიტალის ინვესტირებაში კონსულტაციას უწევს. – სინამდვილეში, უძრავი ქონებისა და კერძო კაპიტალის უდიდეს მოთამაშეებს შურთ ჯონ გრეიკენის“.

The Oregon Public Employees Retirement System-მა Lone Star-ის ფონდებში $2.2 მილიარდი დააბანდა. 2013 წელს, მაგალითად, სააგენტომ Lone Star Fund VIII-ში $180 მილიონის ინვესტიცია განახორციელა და უკვე 29%-იან წლიურ წმინდა მოგებას იღებს. 2010 წელს, გრეიკენის მიერ შეგროვებული $4.6 მილიარდით ორეგონის პენსიონერებს, წლიურად, 52% უნაზღაურდებათ.

მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლები ბანკებს სარისკო ბიზნესებისგან თავის შორს დაჭერას ურჩევენ, ჰეჯ-ფონდები და Lone Star-ის მსგავსი კერძო კაპიტალის ფირმები კი ბანკებისგან იაფი აქტივების შესყიდვით დიდ ფულს აკეთებენ. გრეიკენის მსგავსი სპეციალისტები, Oaktree Capital-ის ჰოვარდ მარკსი და Apollo Group-ის ლეონ ბლექი, „ბნელით მოცული“ ბანკირების ძლევამოსილ კლასს წარმოადგენენ. ჯონ გრეიკენი მათ შორის ყველაზე ბნელია.

 

გასულ წელს ბრიტანული ტაბლოიდები დაინტერესდნენ, თუ ვინ იყიდა დიდი ბრიტანეთის ზოგიერთი უძვირესი სახლი ლონდონის ჩელსის უბანში. 9-საძინებლიანი, 9-სააბაზანოიანი, 17,500 კვადრატული ფუტის აგურის სახლი შუშის ლიფტით, სარდაფის აუზით, კინოთეატრითა და წყლის იაპონური ბაღით $70 მილიონად ბერმუდულმა კომპანიამ შეიძინა. საიდუმლოებით მოცულ მყიდველზე ინფორმაციას მასაჩუსეტსის შტატის სასამართლო ინახავს: სახლი ანდერძის არქივებში გრეიკენის მისამართადაა რეგისტრირებული. ლონდონთან ახლო, გრეიკენი 15-საძინებლიან სახლსაც ფლობს 20-აკრიან მიწაზე, რომელშიც 1976 წელს გრეგორი პეკის მონაწილეობით საშინელებათა ფილმი, „ომენი“, გადაიღეს. კორპორაციის საქმიანი ქაღალდების მიხედვით, გრეიკენს ჟენევის ტბასთან უზარმაზარი შვეიცარიული მამულიც აქვს.

მართალია, გრეიკენის ფირმის სათავო ოფისი დალასშია, თავად ჯონი ლონდონში ცხოვრობს, რადგან შტატებში 120 დღეზე მეტი დროის ყოფნის შემთხვევაში, გადასახადების გადახდა მოუწევს. მისი ნაცნობების თქმით, გრეიკენს ზაფხულის გატარება ოჯახთან ახლო, ბოსტონის გარეუბანში – კოჰასეტში (მასაჩუსეტსი) უყვარს, სადაც გაიზარდა კიდეც. კოჰასეტში, პატარა, კერძო უაიტ-ჰედ-აილენდი, რომელიც ატლანტის ოკეანეში ტივტივებს და ხმელეთს პატარა ხიდით უკავშირდება, გრეიკენის ბერმუდულ კომპანიას ეკუთვნის. ფირმამ სახლი $16.5 მილიონად 2004 და 2007 წლებში ორი ტრანზაქციით იყიდა.

გრეიკენი კოჰასეტის ნაკლებად ელიტარულ ნაწილში გაიზარდა. სკოლაში და ყინულის მოედანზე დიდ წარმატებას აღწევდა. ეკონომიკა University of Pennsylvania-ში ისწავლა, სადაც ჰოკეის გუნდში მცველად თამაშობდა. გასაკვირი არაა, რომ გუნდში ჯარიმების რეკორდი მოხსნა. ბაკალავრიატის შემდეგ, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრატურა (M.B.A.) Harvard Business School-ში 1982 წელს დაასრულა, შემდეგ კი Morgan Stanley-ში საინვესტიციო საბანკო საქმეში ამოყო თავი.

გრეიკენს უძრავი ქონების დეველოპერობა უნდოდა და ბოლოს, ტეხასელ მილიარდერთან, რობერტ ბასთან დაიწყო მუშაობა ნეშვილის საოფისე ცათამბჯენის პროექტზე. პროექტს დიდი წარმატება არ მოუტანია, მაგრამ ტენესიში მუშაობის შედეგად, გრეიკენი ბასს დაუახლოვდა და თავისი პირველი ცოლი, ნეშვილის მკვიდრი, გაიცნო.

ამ დროისთვის ბასის ერთ-ერთი ძმა უოლ-სტრიტის მომავალი ნიჭიერი ტიტანების ჯგუფის, მათ შორის, დევიდ ბონდერმანისა და თომას ბარაკის, დახმარებით თავის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას წარმატებით აბანდებდა. ეს უვარგისი ობლიგაციებით გამოწვეული დანაზოგებისა და სესხის კრიზისის შემდგომი დღეები იყო, როდესაც სახელმწიფოს მიერ სანცქირებულმა Resolution Trust Corporation-მა ასობით წარუმატებელი ინსტიტუციის ლიკვიდაცია მოხდინა.

1988 წელს, მათგან ერთ-ერთმა უმსხვილესმა, კალიფორნიულმა American Savings Bank of Stockton-მა, ბასის ყურადღება მიიპყრო. მან ბანკი იყიდა და ბარაკის დახმარებით აქტივების დიდი მოგებით გაყიდვა დაიწყო. ბასის დავალებით, გრეიკენი სამხრეთ კალიფორნიაში ბარაკს შეუერთდა და ბასის ფილიალში, მომავალ Colony Capital-ში დაიწყო მუშაობა.

ნაცნობების თქმით, ბარაკი და გრეიკენი ერთმანეთს ვერ უგებდნენ. ბასმა მალე გრეიკენი $130-მილიონიანი კომპანიის – Brazos-ის (რომელსაც სახელი ბასების ოჯახის მშობლიური ტეხასური მდინარის პატივსაცემად დაერქვა) – ხელმძღვანელად დანიშნა. ფირმამ FDIC-სთან თანამშრომლობით, 1,300 „ცუდი ბანკის“ აქტივები იყიდა. გრეიკენმა ისინი მალევე გაყიდა და ათობით მილიონი დოლარის მოგებაც დარჩა. ბასი მალე გრეიკენს კიდევ უფრო დიდი სასესხო ფონდის ყიდვაში დაეხმარა, საიდანაც გრეიკენმა $160 მილიონი დაიტოვა. სარგებლის დიდი წილი მაინც ბასს რჩებოდა.

შემდეგ გრეიკენი და ბასი ფონდში მოგების გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ და 1996 წელს თანამშრომლობა შეწყვიტეს. გრეიკენი დალასში დარჩა, $400 მილიონი შეაგროვა და ახალი ბიზნესი წამოიწყო და მას Lone Star Funds-ი უწოდა. მისი სპეციალობა შეუსრულებელი იპოთეკური სესხების ყიდვა იყო, მაგრამ მალე გირაოს გაცემა და უძრავი ქონების შესყიდვაც დაიწყო. კანადით დაწყებული, მალე გრეიკენი საერთაშორისო ბაზარსაც გადასწვდა.

გრეიკენის რამდენიმე თავდაპირველმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ ის კონკურენტებისგან გამოარჩია და წარმატებაც მოუტანა. Colony, Apollo და სხვა ფონდები დანაზოგებისა და სესხის კრიზისის დროს გაჩნდა და სხვა სფეროებშიც გაფართოვდა, გრეიკენმა კი უძრავი ქონების გაღარიბებულ აქტივებზე გააგრძელა მუშაობა. ამერიკული ეკონომიკის აღმავლობის პერიოდში ის კრიზისის მქონე ქვეყნებში გადაინაცვლებდა ხოლმე. 1998 წელს Lone Star-ი იაპონიაშიც ჩავიდა, სადაც განადგურებულ ბანკებს ერჩივნათ, პრობლემური სესხები, სამარცხვინო საჯარო აუქციონებზე მაღალ ფასად გაყიდვის ნაცვლად, ფასდაკლებით, ჩუმად, გაეყიდათ და რეპუტაცია შეენარჩუნებინათ. 1990-იანების ბოლოსთვის, გრეიკენმა გერმანიისა და საფრანგეთის მსგავს, გასაჭირში მყოფ ევროპულ ქვეყნებში გადაინაცვლა.

გრეიკენმა „ფლიპერის“ რეპუტაციაც შეიქმნა: მისი ფონდების სიცოცხლის ციკლი მოკლეა – სამ- ან ნაკლებწლიანი საინვესტიციო პერიოდი. აქტივები შემოდის, მუშავდება და იყიდება. გრეიკენის ფილოსოფიის მიხედვით, ბაფეტის მეთოდი – ყიდვა და დალოდება – იდიოტებისთვისაა. Lone Star-ში გრძელვადიანი ინვესტირების პრეტენზია ან აქტივებისადმი სენტიმენტალური დამოკიდებულება არა აქვთ, მაშინაც კი, როდესაც რამდენიმე თვით ან წლით გვიან გაყიდვა მეტ მოგებას მოიტანდა. სხვისთვის ძვალზე ცოტაოდენი ხორცის დატოვება პრობლემა არაა. გრეიკენისთვის კი ნებისმიერ ტრანზაქციაში მნიშვნელოვანი – შესყიდვის დაბალი ფასია და არა რაიმე სასწაული, რაც შემდგომ ხდება. აქტივების მორთვა-მოკაზმვის გზები სხვებმა ეძებონ, თუ უნდათ. „ჩვენ მოგებას ყიდვისას წარმოვქმნით, – ასე აღწერა ფირმის სტრატეგია 2016 წლის თებერვლის შეხვედრაზე Lone Star-ის პრეზიდენტმა, ანდრე კოლინმა. – ღირებულების გასაზრდელად შიგადაშიგ რაღაც-რაღაცებს ვაკეთებთ, თუ თავიდანვე ასე გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ კარგ ფასად გაყიდვის შანსი გვიჩნდება თუ არა, ვყიდით“.

სწრაფი მუშაობა სასწაულებს ახდენს Lone Star-ის ფონდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლის შიდა ნორმებზე. აქტივების შენახვის მოკლე პერიოდი ინვესტორებს შორის მეტ დისტრიბუციას გულისხმობს, ეს უკანასკნელნი კი, მადლობის ნიშნად, გრეიკენთან თანამშრომლობას მომავალშიც აგრძელებენ. გრეიკენის მომსახურების საფასური საკმაოდ მაღალია. Lone Star-ის ტიპური გარიგება აქტივების 0.6%-დან და 1%-მდე გადასახადს გულისხმობს. მას შემდეგ, რაც აქციის უკუგება 8%-სა და 20%-ს შორის მოექცევა, Lone Star-ი მოგების 50%-ს თავისთვის იტოვებს. უკუგების 20%-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში, Lone Star-ი მოგების 20-25%-ს იტოვებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ გრეიკენი აქტივების ყიდვა-გაყიდვის პროცესს საოცრად ამარტივებს, – ამბობს დევიდ ჰუდი, რომელმაც Lone Star-ის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა და ფირმაში ექვსი წელი იმუშავა. – ის ფსონს მოცულობაზე აკეთებს, რათა შექმნას ლიკვიდურობა, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა, და სათქმელსაც პირდაპირ ამბობს. როგორც ჰოკეის მოთამაშე, მზადაა, ბრძოლაში ჩაერთოს“.

Lone Star-ის ამხელა მოგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გრეიკენის აქტივების დალასური მენეჯმენტი და აუცილებელი ზრუნვის იარაღი, Hudson Advisors-ია. Hudson-ის გუნდი ვალდებულია, Lone Star-ის მენეჯერების მიერ აღმოჩენილი პოტენციური ინვესტიციების სრული ფინანსური ანალიზი და მიმოხილვა ჩაატაროს. გარიგების დასრულების შემდეგ Hudson-ი სესხის დაფარვის გრაფიკს შეიმუშავებს და გადასახადს კრეფს. ის გრეიკენს იურიდიულ და საბუღალტრო დახმარებასაც უწევს. Hudson-ს 865 თანამშრომელი, მსოფლიოში მიმოფანტული ოფისები და მხოლოდ ერთი კლიენტი – Lone Star-ი – ჰყავს. სუბსტანდარტული იპოთეკის ბიზნესში აქტივების კარგი მონაცემთა ბაზა აქტივების ფასწარმოქმნისთვის აუცილებელია. Hudson-ი გრეიკენის ძვირფასი ბაზა და მისი უპირატესობის მიზეზია. ის, აგრეთვე, არის გრეიკენის საშულება, Lone Star-ის აქტივებიდან ზედმეტი მოგება თავისთვის დაიტოვოს. გრეიკენი კომპანიის 100%-ს ფლობს და Lone Star-ის აქტივების 0.55%-ს – მენეჯმენტის საფასურს – წლიურად იჯიბავს.

 

პენსიის მენეჯერები გრეიკენისგან ჩეკებს სულმოუთქმელად ელოდებიან, ხოლო იმ უძრავი ქონების მდგმურები და მფლობელები, რომელსაც ის თვალს ადგამს, ახალ მეპატრონეს უფრთხიან. ფინანსური კრიზისის შემდეგ გრეიკენმა მანჰეტენის Washington Heights-ის რაიონში Anglo Irish Bank-ისგან 10 საცხოვრებელი კორპუსის ფასდაკლებული იპოთეკები შეიძინა. მცხოვრებლებმა ფანჯრებიდან თეთრეული გადმოფინეს წარწერით, „უფრთხილდით სპეკულანტებს“. როდესაც Lone Star-ი იაპონურ ბაზარზე შევიდა, მას „ჰაგეტაკად“, ანუ, სვავად, მოიხსენიებდნენ. სამხრეთ კორეაში მის ფირმას „მეოკტვის“ – სწრაფი კვების კაპიტალის – სახელით იცნობენ. გერმანულმა პრესამ Lone Star-ს „ჯალათი ტეხასიდან“ უწოდა მას შემდეგ, რაც ფირმამ შეუსრულებელი სესხების უზარმაზარი რაოდენობა იყიდა, რამაც ქონების გამოსყიდვის უფლების დაკარგვა და სასამართლო პროცესები გამოიწვია.

გერმანიაში საქმე იქამდე მივიდა, რომ გრეიკენს ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში თავის მართლება მოუწია. „სადაც უნდა ვიყოთ, ადგილობრივ კანონმდებლობას ვემორჩილებით, – განაცხადა მან. – Lone Star-ის ინტერესებში ვინმეს გადახდისუუნარობამდე მიყვანა არ შედის. გვირჩევნია, ადამიანებმა საკუთარი ვალი დაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატური ზომების მიღება გვიწევს“. ინტერვიუს შემდეგ, 2012 წელს, გრეიკენმა TLG Immobilien-ი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 800 შენობის აღმოსავლეთგერმანული მფლობელი, $775 მილიონად შეიძინა. სამ წელიწადში ქონება გაყიდა და მოგება აიღო. გერმანელი პოლიტიკოსების თქმით, გადასახადების გადამხდელები „გააცურეს“.

გერმანიის ზიზღი გრეიკენის მიმართ არაფერია მის სამხრეთკორეულ რეპუტაციასთან შედარებით. გვიანდელი 1990-იანების აზიური ფინანსური კრიზისის შემდეგ, 2003 წელს, Lone Star-მა Korea Exchange Bank (KEB)-ის საკონტროლო აქციები $1.8 მილიარდად შეიძინა. 2007 წლისთვის, Lone Star-მა KEB-ის აქციებისთვის არაერთი შემოთავაზება მიიღო (ერთ-ერთმა $6.4 მილიარდსაც მიაღწია). გარიგებამ სეულის აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, აზიური ფინანსური კრიზისის ყველაზე მტკივნეული ასპექტები უცხოური ინტერესების ბრალი იყო. სამართლებრივი და რეგულაციური გამოძიებების მიზანი იყო, ეპოვა აქტივების ფასის დაწევის მიზნით KEB-ის სააქციო ფასებითა და საკრედიტო ბარათების ოპერაციებით მანიპულაციის კვალი. კორეამ გაყიდვა დაბლოკა და Lone Star-ის კორეული ფილიალის მთავარი წარმომადგენელი, პოლ იუ, საკრედიტო ბარათის აქციებით მანიპულაციისთვის 3 წლით დააპატიმრა. და, თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, Lone Star-ის კორეული ფილიალის კიდევ ერთი თანამშრომელი ფირმის $11 მილიონის გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

გრეიკენმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ კორეის მთავრობის ქმედებები დესპოტური და დისკრიმინაციული იყო და ფირმის მიერ დიდი ბანკის გადარჩენას უგულებელყოფდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, გრეიკენი კორეაში დარჩა, KEB-ის მფლობელობა 2012 წელს Hana Financial-ს მიჰყიდა და $4 მილიარდის მოგება დაიტოვა, რაც, ცხადია, არ იკმარა და დღეს ის სამედიატორო სასამართლოს დახმარებით იმ მილიარდების დაბრუნებას ცდილობს, რომლებიც თავდაპირველი გარიგებით დარჩებოდა.

ტყუილად გეგონათ, რომ ამერიკული ბანკების უზნეო ქცევა წარსულს ჩაჰბარდა. გრეიკენის ტეხასური იპოთეკური კომპანია, Caliber Home Loans-ი, ცნობილია სუბსტანდარტული სესხის გაცემის ამორალური ტაქტიკებით (ზოგი მათგანი ფინანსურ კრიზისამდეც შეიმუშავა). Caliber-ი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი იპოთეკური კომპანიაა: 325,000-ზე მეტ გირაოს განაგებს და დაახლოებით $70 მილიარდი ღირს. Caliber-ის იპოთეკების დიდი ნაწილი Lone Star-მა დიდი ფასდაკლებით – 70 ცენტი დოლარზე – შტატის მეურვეობის ქვეშ მყოფი Fannie Mae-ს, Freddie Mac-ისა და საცხოვრებლისა და Department of Housing & Urban Development-ის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე იყიდა.

გენიალური ფინანსური მანევრირების შედეგად, Lone Star-მა იპოთეკები გააერთიანა, ობლიგაციების სახით ინვესტორებს მიჰყიდა და მალევე დიდი მოგება ნახა. ამავდროულად, Caliber-ი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ მსესხებლებს სესხში „დროებით“ ცვლილებებს ჰპირდებოდა, რაც 5 წლის მანძილზე მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდას გულისხმობდა, თუმცა ქონების მფლობელებს რეალურ ფასდაკლებას ვერ სთავაზობდა. 5 წლის შემდეგ სესხის გეგმა თავდაპირველ პირობებს უბრუნდებოდა და მანამდე გადაუხდელი თანხის დაფარვასაც ითხოვდა.

„Lone Star-მა ეს სესხები მთავრობისგან ფასდაკლებით შეიძინა – თავდაპირველი შემცირების პროგრამით იხეირა. ამ უპირატესობით სარგებლობის შანსს ქონების მფლობელებსა და საზოგადოებას არ აძლევენ“, – ამბობს ლიზა დონერი, Americans for Financial Reform-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ტექნიკურად, სახელმწიფო გრეიკენს თავდაპირველი შემცირების სხვებისათვის შეთავაზებას არ სთხოვს, მაგრამ, უკმაყოფილო საზოგადოების აზრით, ფირმა ამას თავის სასარგებლოდ იყენებს. თებერვალში National Housing Resource Center-მა უძრავი ქონების არაკომერციული მრჩევლების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, Caliber-ი ქვეყნის ყველაზე უარყოფითად შეფასებული გამსესხებელი აღმოჩნდა და ერთ-ერთი კომპანია, რომელიც „მომსახურების წესებს ყველაზე უხეშად არღვევს“. პროფესიული გაერთიანება Caliber-ს ახალი Countrywide Financial-ის აშენებაში ადანაშაულებს, რადგან მისი აღმასრულებელი დირექტორი და სხვა ხელმძღვანელები ფირმას უძრავი ქონების კრიზისის წამქეზებელთა რიგებიდან შეუერთდნენ.

სექტემბერში New York Times-მა განაცხადა, რომ Lone Star-ის ნაყიდი გადაუხდელი იპოთეკების დიდი ნაწილის საქმე გამოსყიდვის უფლების დაკარგვით დამთავრდა. გაზეთის რედაქტორთა საბჭომ Lone Star-ი „სახლების გამოსყიდვის უფლების წართმევითა და გაყიდვით ფულის კეთებაშიც“ დაადანაშაულა. ნიუ-იორკის მთავარმა პროკურორმა, ერიკ შნაიდერმანმა საგამოძიებო საქმეც კი გახსნა. Lone Star-მა და Caliber-მა ამაზე კომენტარი არ გააკეთეს.

ამ ყველაფერს გრეიკენი არ შეუფერხებია. ფინანსური კრიზისიდან მოყოლებული, მან $120 მილიარდის აქტივები მოაგროვა, მათ შორის Home Properties-ი ოქტომბერში – $7.6-მილიარდიანი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრესტი (REIT) როჩესტერში, ნიუ-იორკში. მისი უძრავი ქონების ბოლო ფონდი ახლა $5 მილიარდს იზიდავს ევროპაში, სადაც ბანკები ჯერ კიდევ აქტიურად ამცირებენ სესხის სარგებლის პროცენტს. გრეიკენმა ამ, რიგით მეთექვსმეტე, ფონდში თავად დააბანდა $250 მილიონი. სხვა ფონდებში მას უკვე ჯამში $130 მილიარდი აქვს დაბანდებული.

მის საპენსიო კლიენტებს, მათ შორის Employees’ Retirement System of Rhode Island-ს, New York State Teachers’ Retirement System-სა და Dallas’ Fire & Police Pension System-ს ჯერ კიდევ არ გაუპროტესტებიათ გრეიკენის ამორალური სუბსტანდარტული იპოთეკური ოპერაციები. ამ ამერიკაში დაბადებულ ირლანდიელ ოქროს ბატზე მათაც თუ გაუჩნდებათ პრეტენზიები, ამას Lone Star-ის წარმატება და გრეიკენის ჯანმრთელობა უკვე ვეღარ გადაიტანს.

წლების განმავლობაში Lone Star-ის თითქმის ყველა ნიჭიერი პარტნიორი – ლამის ყველა, ვისთანაც კი გრეიკენს მჭიდროდ უთანამშრომლია – უსამართლოდ დაბალი ანაზღაურების ან კი გრეიკენთან უთანხმოების გამო, ფირმიდან მიდის. მისმა მარჯვენა ხელმა, ელის შორტმა, რომელმაც Lone Star-ის დაფუძნებაშიც მიიღო მონაწილეობა, კომპანია 2007 წელს დატოვა. შორტმა Lone Star-ში საკმარისი ქონება დააგროვა იმისთვის, რომ ინგლისური პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბი, Sunderland-ი ეყიდა. კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, რენდი უორკის განქორწინების საქმეში აღმოჩნდა, რომ მან $225-მილიონიანი ქონება დააგროვა.

და მაინც, მათი სიმდიდრე არაფერია გრეიკენის მონაპოვართან შედარებით, რომელიც ფირმას რკინის მუშტით მართავს და შეცდომას არავის ჰპატიობს. „ქვეშევრდომების ჩანაცვლება მისთვის მარტივი საქმე იყო“, – ამბობს Lone Star-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი (ცვლილებები გრეიკენის პირად ცხოვრებაშიც მოხდა: მას შემდეგ, რაც „გადასახადების ლტოლვილი“ გახდა, პირველ ცოლს დაშორდა. მალევე გადაიფიქრა, განქორწინების საბოლოო ბრძანებულების გამოცემიდან ერთ თვეში, ცოლი დაიბრუნა და ექვს თვეში ისევ დაშორდა. ბოლოს ლონდონის ფილიალში მომუშავე თავის მდივანზე დაქორწინდა და ოთხი შვილი ეყოლა).

ცოტა ხნის წინ, ფირმის მომავალი მმართველობის შესახებ შიშის გაფანტვის მიზნით, გრეიკენი სამხრეთ დაკოტაში საპენსიო კლიენტს ესტუმრა. სამხრეთ დაკოტის საინვესტიციო საბჭოს წევრის თქმით, „მეშინია, რომ ჯონის გარდაცვალების შემდეგ, შეიძლება, ყველაფერი დამთავრდეს“. სანამ ეს მოხდება, საპენსიო ფონდები სიამოვნებით აგრძელებენ საპენსიო თანხის ამ ირლანდიელი მილიარდერის ბნელით მოცულ ბანკში ჩადებას. შეხვედრის დასრულებისთანავე, სამხრეთი დაკოტა დათანხმდა Lone Star-ის უახლეს ფონდში $300 მილიონის დაბანდებაზე. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *