კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Cisco Systems-ი კიბერუსაფრთხოების ფირმა Splunk-ის $28 მილიარდად შესყიდვას დათანხმდა. ეს გარიგება კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდია და ის Cisco-ს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებების განვითარებაში დაეხმარება.
გარიგება მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოცულობის ტექნოლოგიური ტრანზაქციაა, რომელიც Cisco-ს ბოლო წლებში მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და მოთხოვნის შემცირებით დაზარალებული, ქსელური აღჭურვილობის ბიზნესზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.
ცნობისათვის, Cisco უკვე წლებია, ცდილობს, შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ფიზიკურ აღჭურვილობაზე და სანაცვლოდ გაზარდოს ინვესტიციები პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების შეთავაზებებში.
Splunk-ი გახლავთ კიბერუსაფრთხოების ფირმა, რომელიც კომპანიებს თავიანთ სისტემებში არსებული კიბერუსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების გამოვლენაში ეხმარება. ცნობილია, რომ კომპანიებს გარიგების შესახებ მოლაპარაკებები ადრეც ჰქონიათ.
Cisco-ს მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული შესყიდვებიდან აღსანიშნავია 2012 წელს $5 მილიარდად სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია NDS-ის და 2017 წელს $3.7 მილიარდად ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა AppDynamics-ის შესყიდვა. Splunk-თან გარიგება კომპანიის არსებობის 40-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი შესყიდვაა.