Forbes-ის ინფორმაციით, Clubhouse-ი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, პლატფორმის საშუალებით ფული გადაურიცხონ ფავორიტ შემქმნელებსა და სპიკერებს.
როგორც აპლიკაციის წარმომადგენლები ამბობენ, ოპერაციის შესრულება ძალიან მარტივი იქნება და, რაც მთავარია, ადრესატამდე თანხის 100% მივა.
„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს, რომ, ერთი მხრივ, შემოიკრიბონ აუდიტორია, მეორე მხრივ კი ფული გამოიმუშაონ. ახალი ფუნქციის გამოცდას პატარა ჯგუფზე დღესვე ვიწყებთ“, – ვკითხულობთ Clubhouse-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აუდიოაპლიკაცია პირველად 2020 წლის აპრილში გამოჩნდა. ჯერ კიდევ ამ დრომდე Clubhouse-ი მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. გამოსვლიდან 1 თვეში აპლიკაცია $100 მილიონად იყო შეფასებული, რამაც 2021 წლის 21 იანვრისთვის 1 მილიარდს მიაღწია.
პლატფორმა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ილონ მასკთან ინტერვიუ გამოჩნდა. მოგვიანებით კი თავად მასკმა Clubhouse-ში სასაუბროდ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მიიწვია.
დატოვე კომენტარი