როგორც ირკვევა, $44-მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი Twitter-ის დროებითი აღმასრულებელი ხელმძღვანელი გახდება, – ამ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ამ სიახლის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ Twitter-ის შესყიდვის დასაფინანსებლად ილონ მასკმა არაერთი ახალი ინვესტორი მოიზიდა, მათ შორის Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი, ფინანსური სერვისების მომწოდებელი Fidelity Investments-ი, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა Binance-ი და საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდი, რომელთა მიერ განხორციელებული საერთო ინვესტიცია $7.14 მილიარდს უდრის.
The New York Times-ის ტექნოლოგიური მიმომხილველის, მაიკ აიზეკის თქმით, ილონ მასკის ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან კომპანიების ასეთი გზით გადალაგება მილიარდერს აქამდეც უცდია. მოსალოდნელია, რომ Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტზე მასკი მხოლოდ რამდენიმე თვეს დაყოფს, რის შემდეგაც კომპანიის მართვას სანდო პირს გადააბარებს. იქნება თუ არა ეს პირი კომპანიის ამჟამინდელი მმართველი პარაგ აგრავალი, ჯერჯერობით უცნობია.
დატოვე კომენტარი