CNN-ის მიერ მოპოვებული ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის დათვლებით, აშშ-მ ავღანეთში 7.12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება და აღჭურვილობა დატოვა. აღნიშნულ შეიარაღებაში კი შედის ყველა ის სამხედრო საშუალება, რაც ამერიკელებმა 30 აგვისტოს ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ ავღანეთის მთავრობას დაუტოვეს.
უფრო კონკრეტულად, თავდაცვის დეპარტამენტის მიერ კონგრესისათვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია საბრძოლო თვითმფრინავებზე, ჯავშანტექნიკასა და ჯავშანტრანსპორტიორებზე, იარაღზე, ტყვია-წამალსა და საკომუნიკაციო საშუალებებზე. ჯერჯერობით შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს აღნიშნული დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია.
თუმცა, საინტერესოა, რამდენად შეძლებს თალიბანი ამერიკელების მიერ დატოვებული სამხედრო ტექნიკის გამოყენებას. მოგეხსენებათ, სამხედრო შეიარაღებას გარკვეული პერიოდულობით სპეციალური სერვისი სჭირდება, რისი გაწევის საშუალებაც თალიბანს არ აქვს. ცნობისათვის, წინა ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებდნენ მას შემდეგ, რაც ამერიკული სამხედრო კონტრაქტორები მათ მომსახურებას აღარ გაუწევდნენ.
აგვისტოში, გენერალი კენეთ მაკენზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა 170-მდე ერთეული საბრძოლო თვითმფრინავისა თუ ჯავშანტექნიკის დემილიტარიზაცია მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ 2005-დან 2021 წლამდე შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის მთავრობას სამხედრო შეიარაღებისა და სფეროსთან დაკავშირებული სხვა საჭიროებების სახით 18.61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.
დატოვე კომენტარი