Coinmania.ge 7 წლისაა | კომპანიის მიერ განვლილი გზა და მიზნები

Coinmania.ge 7 წლისაა | კომპანიის მიერ განვლილი გზა და მიზნები

ქართული კრიპტობირჟა Coinmania.ge 7 წლის გახდა. 2017 წლის თებერვალში დაფუძნებულმა კომპანიამ სანდო პარტნიორის სახელი მალევე მოიპოვა და დღეს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

ტექნოლოგიური ინოვაციების კვალდაკვალ, Coinmania წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ყველაფერი კი რევოლუციური ტექნოლოგიით დაინტერესებული ორი თანადამფუძნებლით დაიწყო.

განვლილი გზა Coinmania-ს თანადამფუძნებელმა სულხან ჯაშმა შეაჯამა და კომპანიის მომავალ გეგმებზეც გვესაუბრა.

Coinmania-ს მიერ განვლილი გზა დღემდე

შვიდი წლის განმავლობაში გზად არაერთ გამოწვევას გადავაწყდით და ამასთან, მრავალ წარმატებას მივაღწიეთ. ბლოკჩეინსტარტაპის წამოწყება, ბანკებთან ურთიერთობა, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა, პოტენციურ მომხმარებლებამდე ჩვენზე ინფორმაციის მიტანა, გამოწვევების მხოლოდ ნაწილი იყო. ერთგული მომხმარებლებისა და თანამშრომლების შეძენა, სანდო კრიპტობირჟის რეპუტაციის მოპოვება კი ის წარმატებაა, რომლითაც ვამაყობთ.

2017 წელს კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ბლოკჩეინტექნოლოგიით დაინტერესებულთა შორის ვიყავით ჩვენც, მე და Coinmania-ს თანადამფუძნებელი ზურა კერძევაძე. რაც უფრო ახლოს და სიღრმისეულად გავეცანით ამ ტექნოლოგიას, მით უფრო აშკარა იყო მისი უზარმაზარი პოტენციალი. გვინდოდა, ახალი ფინანსური რევოლუციის ნაწილი და ხელშემწყობები ვყოფილიყავით და ასე გაჩნდა იდეა. იდეა პროექტად იქცა, პროექტი – სისტემად. გაეშვა ვებგვერდი და შეიქმნა ქართული კრიპტობირჟა – Coinmania.ge. 

პირველ ეტაპზე, ამოცანად ქართველი კრიპტოენთუზიასტებისა და მაინერებისათვის კრიპტოვალუტაში შემოსავლის მიღებისა და ყიდვა-გაყიდვის გამარტივება დავისახეთ. კომპანიისა და გუნდის ზრდასთან ერთად გაიზარდა ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების რაოდენობა და მომსახურების მასშტაბები.

დაფუძნების დღიდან, ჩვენი მიზანი კრიპტოვალუტის საყოველთაო გავრცელების ხელშეწყობა და ბაზარზე საუკეთესო, მოხერხებული, სანდო მომსახურების გაწევაა. მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი უკუკავშირი გვიჩვენებს, რომ ამ მიზნისკენ სწორი გზით მივდივართ.

Coinmania დღეს

საკუთარი გამოცდილებისა და ბლოკჩეინის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გამუდმებით ვზრუნავთ სიახლეების დანერგვაზე, სისტემების დახვეწასა და გამარტივებაზე.

თუ საწყის ეტაპზე თითოეული ტრანზაქციის ხელით ადმინისტრირება გვიხდებოდა და პროცესი დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა, დღეს ოპერაციები თანამედროვე ავტომატიზებული სისტემით, თითქმის მომენტალურად სრულდება.

ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემებს ეთმობა. ჩვენს მომხმარებელს აქვს საფულის უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმებით დაცვის შესაძლებლობა.

Coinmania-ში გვჯერა, რომ კომპანია იმდენად კარგია, რამდენადაც მისი გუნდის თითოეული წევრი. პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა ის ღირებულებებია, რომელიც გვაერთიანებს და გამოიხატება ერთმანეთთან და მომხმარებელთან ურთიერთობისას. გვაქვს ამბიცია, რომ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო მომსახურება მივაწოდოთ. მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩვენი გუნდი მზადაა დასახმარებლად 24 საათის განმავლობაში.

Coinmania.ge-ზე ამჟამად ხელმისაწვდომია როგორც მსოფლიოში პოპულარული კრიპტოვალუტები, ისე Coinmania-ს ემიტირებული ლარის, დოლარისა და ევროს ეკვივალენტური სტაბილური კოინები – nGEL, nUSD და nEURO. პლატფორმაზე კრიპტოვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია კომპანიის ტარიფით და, ასევე, ბირჟაზე საფასო განაცხადის განთავსებით. ამასთან, Coinmania-ს მომხმარებლებს შორის შესაძლებელია უფასო, მომენტალური და ულიმიტო ექსპრესგადარიცხვა.

Coinmania რიცხვებში

პირველ წელს ჩვენს პლატფორმაზე 900-მდე მომხმარებელი დარეგისტრირდა, 2022 წელს კი ახალი მომხმარებლების პიკური მატება – 75 763 – დაფიქსირდა. 2024 წელს, ორ თვეში, რეგისტრაცია უკვე 1182-მა ახალმა მომხმარებელმა გაიარა.

ბოლო წლებში მკვეთრად იმატა ტრანზაქციების რიცხვმაც. მხოლოდ 2024 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა თითქმის უტოლდება პირველი ხუთი წლის ჯამურ ტრანზაქციებს.

Coinmania-ს სამომავლო მიზნები

ამჟამად ვმუშაობთ ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერის ლიცენზიის მიღებად, დარგის ახალი რეგულაციების შესაბამისად. ეს მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, სისრულეში მოვიყვანოთ ქართულ და უცხოურ ბაზრებთან დაკავშირებული გეგმები და მომხმარებელს ახალი, მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ.

ვმუშაობთ აპლიკაციაზე, ახალი კრიპტოვალუტების დამატებასა და სისტემების ოპტიმიზაციაზე. ჩვენი და პარტნიორების პლატფორმების მეშვეობით აქტიურად ვზრუნავთ Web3 სფეროს გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მათ რეალიზებას მალე შევძლებთ. 

S