Colossal - კომპანია, რომელსაც ბეწვიანი მამონტის გაცოცხლება სურს

Colossal - კომპანია, რომელსაც ბეწვიანი მამონტის გაცოცხლება სურს

ჰარვარდისა და MIT-ის მეცნიერმა, გენეტიკოსმა ჯორჯ ჩერჩმა და სერიულმა ანტრეპრენიორმა ბენ ლემმა კომპანია Colossal-ი დააარსეს, რომელიც ცხოველთა გადაშენებული სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს. კომპანიის პროექტებს შორის ერთი განსაკუთრებით ამბიციურია: მეცნიერები ციმბირის ტუნდრაში მამონტის დაბრუნებას აპირებენ. „ბევრის აზრით, ამ არსებამ სამუდამოდ დაგვტოვა. თუმცა ეს არც ჩვენი მეცნიერების გონებაში მომხდარა და არც ჩვენი კომპანიის ლაბორატორიებში. გადაშენებული ბეწვიანი მამონტის დაბრუნებაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა დნმ-ის გაღვივების უნარის მქონე ნიმუშები აიღეს და მათ ისეთნაირად ცვლიან, რომ ამ საოცარმა არსებამ არქტიკის ბუნებაში ხელახლა გაინავარდოს“, – ვკითხულობთ Colossal-ის ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ინვესტიციის სახით Colossal-მა $15 მილიონი მოიზიდა, რაც ჯორჯ ჩერჩსა და მის გუნდს ბოსტონისა და დალასის ლაბორატორიებში მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემს. დოქტორ ჩერჩის ლაბორატორიას მისი ყოფილი მკვლევარი, ერიონა ჰაისოლი უხელმძღვანელებს. მამონტის გაქვავებული ქსოვილებიდან გენომის ნიმუშების აღების შემდგომ, დოქტორ ჰაისოლიმ და მისმა თანაშემწეებმა მამონტსა და სპილოს შორის არსებული მთავარი განსხვავებები ჩამოწერეს – ექსპერიმენტების გზით მათ იმ სამოც გენს მიაკვლიეს, რომლებიც, მათი აზრით, მამონტის ხშირ ბალანს, ცხიმოვან აგებულებასა და განსაკუთრებულად მაღალ თავის ქალას განაპირობებენ.

ბეწვიანი მამონტების გაცოცხლების იდეა ჯორჯ ჩერჩმა პირველად 2013 წელს,  აშშ-ის გეოგრაფიული ნაციონალური საზოგადოების ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟღერა. იმ დროს მეცნიერები ნამარხებში აღმოჩენილი ანაბეჭდებიდან გადაშენებული ცხოველების გენომის რეკონსტრუქციას სწავლობდნენ – მოგვიანებით მათ გენეტიკურ ცვლილებებზე პასუხისმგებელი გენების აღმოჩენა და შეცვლა დაიწყეს. დოქტორ ჩერჩი, რომელიც იმ დროს დნმ-ის წაკითხვითა და მოდიფიკაციით იყო დაკავებული, ფიქრობდა, თუ როგორ შეეძლო გადაშენებული ცხოველის გაცოცხლება მისი გადარჩენილი ნათესავის გენების ცვლილებით – მისი აზრით, სპილოს გენების გამოყენებით ბეწვიანი მამონტის გაცოცხლება შეიძლებოდა.

გარდა წმინდა სამეცნიერო ცნობისმოყვარეობისა, დოქტორ ჩერჩს სხვა მიზანიც ამოძრავებდა. მისი თქმით, მამონტებს ტუნდრის გარემოს გაუმჯობესება შეუძლიათ – გლობალური დათბობის შედეგები იქ განსაკუთრებით იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ეს ეკოსისტემა, რომელიც ახლა ხავსითაა დაფარული, ოდესღაც უმეტესწილად მინდორ-ველებით დაფარული ადგილი იყო. მეცნიერების ვარაუდით, თავის დროზე, ბეწვიანი მამონტები ამ ეკოსისტემის ერთგვარი ინჟინრები იყვნენ, რომლებიც ხავსითა და ხის ნაყოფით იკვებებოდნენ, ხოლო ფეკალიებით ნიადაგს ანაყოფიერებდნენ. ამგვარ მიდგომას რუსი ეკოლოგებიც იზიარებენ, რომლებმაც ციმბირის ეკოსისტემის აღორძინების მიზნით იქ ბიზონები და სხვა სახეობის ცხოველები ჩაასახლეს. ჯორჯ ჩერჩის აზრით, მამონტების გაცოცხლებით ციმბირის მინდორ-ველებად გადაქცევას მეცნიერები უფრო ეფექტიანად  შეძლებენ, რითაც მიწის გალღობის პროცესს შეაჩერებენ.

თავდაპირველად ჯორჯ ჩერჩი მამონტების მომრავლებას სპილოების ინ ვიტრო განაყოფიერებით აპირებდა, მაგრამ ამ იდეის არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე, ის მალევე უკუაგდო და მამონტების გაზრდა ხელოვნურ საშვილოსნოში გადაწყვიტა. ეს მიდგომა უპრეცედენტო არ გახლავთ: ფილადელფიის საბავშვო საავადმყოფოს მეცნიერებმა დიდი ზომის ჩანთის მსგავსი სივრცე შექმნეს, რომელშიც ბატკნის ემბრიონი ოთხი კვირის განმავლობაში ცოცხლობს.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჯორჯ ჩერჩის იდეას მეცნიერები და ფილოსოფოსები ორი ძირითადი არგუმენტის მოშველიებით ეწინააღმდეგებიან: ერთნი ფიქრობენ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ნებისმიერი სარგებელი ამ მამონტების მიერ განცდილი ტანჯვის საპირწონედ უნდა განიხილებოდეს. „როგორც ჩანს, მამონტს ჯერ კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ“, – სკეპტიკურად აღნიშნავს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბეთ შაპირო. თუმცა, მიუხედავად მისი სკეპტიციზმისა, შაპირო Colossal-ის გამოჩენით გახარებულია და იმედს იტოვებს, რომ მათი აღმოჩენები მეცნიერებს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენაში დაეხმარება – მათ  ამ ცხოველების ისეთნაირად გაძლიერება შეუძლიათ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ აქამდე არნახულ პათოგენებსა და დაავადებებს გადაურჩნენ.

ჰარვარდის ბიოლოგის, ედვარდ ოსბორნ უილსონის დათვლებით, ყოველწლიურად, გადაშენებისაკენ ცხოველთა საშუალოდ ოცდაათი ათასი სახეობა მიექანება – ყოველდღე  ცხოველთა 150 სახეობა გადაშენებისაკენ ერთი ნაბიჯს დგამს. „ცხოველთა მსოფლიო ფონდის“ ვარაუდით, 2050 წლამდე დღეს არსებული ცხოველთა სახეობების ნახევარი გადაშენდება. „გაეროს“ დათვლებით, გადაშენების პირას მცენარეთა და ცხოველთა ერთი მილიონი სახეობა დგას, მათ შორის ამფიბიათა 40% და მარჯნის  33%.

Colossal-ის მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ რამდენიმე წელიწადში მამონტის მსგავს სპილოს ემბრიონებს შექმნიან და მათ ციმბირის ტუნდრების ეკოსისტემაში მოამრავლებენ. „ეს დიდი მიღწევაა, რომელიც მსოფლიოს შეცვლის“, – აღნიშნა ჯორჯ ჩერჩმა The New York Times-თან საუბრისას. მსგავსი პათოსის ტექსტს ვკითხულობთ Colossal-ის ვებგვერდზე: „ადამიანის აქტიურობის დამსახურებით არაერთი საოცარი აღმოჩენა გავაკეთეთ, თუმცა მათი უმრავლესობა ჩვენი პლანეტისა და მასზე ათასწლეულების განმავლობაში არსებული  რესურსების  ხარჯზე მოხდა. Colossal-ი იღვწის არა მხოლოდ აწ უკვე დაკარგულის აღდგენისათვის, არამედ გაუჩინარების პირას მყოფის გადარჩენისათვის“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *