„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia (CMG) საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმ-ბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR-ი, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. მანამდე კი CMG-მ უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები, BOMAG-ი და MARINI შემოიყვანა. თუმცა როგორც კომპანიაში Forbes Infrastructure-ს განუცხადეს, სამომავლო გეგმებშია როგორც პორტფელის გაფართოება, ისე რეგიონის მასშტაბით ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი რესპონდენტი Construction Machinery Georgia-ს დირექტორი, ნიკა აბესაძეა.
ნიკა, Construction Machinery Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ ბოლოს შექმნილი ერთ-ერთი კომპანიაა. დავიწყოთ ამ კომპანიის საქმიანობით და მიზნებით… რა მიმართულებებს ფარავთ თქვენს პორტფელში არსებული მსოფლიო ბრენდებით?
სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ორი ძირითადი მიმართულებით გამოიყენება. ესენია საგზაო სამშენებლო და საკარიერო სამუშაოები. CMG-ს აქვს შესაძლებლობა, დამკვეთს, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტისათვის, სპეცტექნიკის მრავალფეროვანი სპექტრი შესთავაზოს; რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი ერთ კომპანიასთან თანამშრომლობით სრულად ფარავს საგზაო-სამშენებლო ციკლს. ამასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, უმოკლეს ვადებში იღებს შესაბამის სერვისს.
ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობიდან გამომდინარე, დავინახეთ საჭიროება, რომ ეს მიმართულება „თეგეტაში“ ცალკე განგვევითარებინა. ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა. ჰოლდინგი მასშტაბურად ვითარდება და ჩვენ ყველა ბიზნესპროცესს რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ, ავითვისეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენს მიმართულებას თავისი გუნდი ჰყავდეს და თავისი მიზნები ჰქონდეს, რომელთაც მუდმივად განავითარებს.
თქვენ საქართველოში სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს წარმოადგენთ. Fayat group-ი, ასევე Liebherr-ი… რა ნიშნით აირჩიეთ ეს ბრენდები?
Fayat Group-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესგაერთიანებაა საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ტექნიკისა და დანადგარების სრულ ციკლს ფარავს. ეს კომპანია ორ დიდ ბრენდს მოიცავს: Bomag-ს და Marini-ს. გერმანული კომპანია Bomag-ი საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით ლიდერია, კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომლებიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს მოიცავს. აღსანიშნავია ასევე Bomag-ის საწარმოო ხაზისა და ბაზრის დაფარვის მასშტაბები: კომპანია 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Marini კი ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოების ეფექტიანობით გამოირჩევა, რომელიც ხარისხისა და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.
რაც შეეხება Liebherr-ს, მათთან პარტნიორობის დაწყების მცდელობა რამდენიმეჯერ გვქონდა, ამჯერად შეთანხმების მიღწევა შევძელით. ამ ბრენდზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სამშენებლო ტექნიკის ხარისხისა და ტექნიკური სრულყოფილების ეტალონია. ნებისმიერი პროდუქტი, რასაც Liebherr-ი აწარმოებს, გამოირჩევა ეფექტიანობით – გაზრდილი საექსპლუატაციო ვადით და შემცირებული დანახარჯებით. ჩვენს რეგიონში წარმოვადგენთ სამ მიმართულებას: სამშენებლო, საპორტო დანადგარებს და სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკას.
საგულისხმოა ისიც, რომ ამ დრომდე Liebherr-ს საქართველოში არ ჰყავდა წარმომადგენელი. ჩვენ შევისწავლეთ ქვეყანაში არსებული Liebherr-ის სპეციალური ტექნიკის პარკი და მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ სრულყოფილ სერვისზე. ამისათვის ვამზადებთ სათადარიგო ნაწილების შესაბამის სასაწყობე მარაგს. ამასთან მუდმივად განვაახლებთ სერვისის პერსონალის კვალიფიკაციას და ცოდნას. Liebherr-ის გადაწყვეტილებაც პარტნიორის არჩევასთან დაკავშირებით, დიდწილად იყო დამოკიდებული საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურების გამოცდილებასა და ხარისხზე. საამაყოა, რომ Liebherr-ის პირველი წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთშიც სწორედ ჩვენ ვართ.
რატომ სომხეთიც? თავად Liebherr-სგან იყო შემოთავაზება?
სომხეთი ძალიან აქტიური ბაზარია. ახლა იქ საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ბუმია. პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, არაერთი პროექტი ხორციელდება. ჩვენი ბიზნესპარტნიორი სომხეთში Premium Machinery Armenia-ა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ სერვისს შესთავაზებს.
საინტერესოა ისიც, რომ Liebherr-ი, საგზაო-სამშენებლო მიმართულების გარდა, სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის სრულ ხაზსაც ფარავს. რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად სამთო-მოპოვებითი სამუშაოების მიმართულებით ტექნიკის უზრუნველყოფა?
ამიერკავკასიის რეგიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით და ძალიან ბევრი კომპანიაა, რომლებიც ჩვენს რეგიონში ღია კარიერული წესით მოიპოვებს მას. სამთომომპოვებელი ტექნიკა Liebherr-ის პორტფელის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულებაა, რომელიც თვისებრივად განსხვავდება სხვა დანარჩენებისგან და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. აქაც Liebherr-ი უდავოდ ერთ-ერთი ლიდერია მაღალტექნოლოგიური ტექნიკისა და 24/7-ზე სერვისის მიწოდების გამოცდილების კუთხით, რაც, თავის მხრივ, უდიდეს უპირატესობას გვაძლევს კონკურენტებთან მიმართებით.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, რატომ ვართ საინტერესო ამ წამყვანი ბრენდებისთვის?
ეს არის მზარდი და განვითარებადი ბაზარი. ჯერ კიდევ ბევრია ჩვენს რეგიონში გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული კუთხით. შესაბამისად, დიდია მსოფლიო ბრენდების დაინტერესებაც. „თეგეტა ჰოლდინგი“ მათთვის სანდო და გამოცდილი პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, Liebherr-ის პოლიტიკა არ არის ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში საქმიანობა, შევძელით და მასშტაბურად დავანახეთ ის სარგებელი, რასაც ჩვენთან თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონში მიიღებდნენ.
მეორე მხრივ, მსგავსი ბრენდების შემოსვლა რას ნიშნავს ქვეყნისთვის?
ეს ნიშნავს უფრო გამართულ ავტოპარკს, რითაც ჩვენი მომხმარებლები კიდევ უფრო უკეთესი სერვისის განხორციელებას შეძლებენ. ჩვენი საქმიანობით, რეალურად ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ვმონაწილეობთ, რაც, ბუნებრივია, დიდი პასუხისმგებლობაა. ბიზნესებისთვის, ჩვენი ხარჯეფექტიანი შეთავაზებები, გრძელვადიან პერსპექტივაში მათ წარმატებას ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში საგზაო-სამშენებლო პროექტები ბევრია, როგორია ტენდენცია სამშენებლო კომპანიების მხრიდან ახალი ტექნიკის შესყიდვის კუთხით? იზრდება მოთხოვნა?
ბოლო ოთხი-ხუთი წელია, გვაქვს მეორადი ტექნიკის შეძენის მზარდი ტენდენცია. მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ ბიუჯეტური ქვეყანა ვართ და მომხმარებლის ქცევა ძირითადად აქტივის სასტარტო ღირებულებით განისაზღვრება. თუმცა ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში იცვლება მენტალიტეტი და მიდგომები. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი თავის საქმიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში აფასებს და გეგმავს. ითვლის ფლობისა და მოცდენის ხარჯებს და შემდგომ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ეს რამ განაპირობა?
ზოგად ჭრილში საქართველოში არსებული პარკი ამორტიზებულია და დროის გასვლასთან ერთად, აღნიშნული ტექნიკის მოვლა-შენახვა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ევროპის ბაზარზე და თურქეთში, რომელიც მეორადი სამშენებლო ტექნიკის იმპორტიორი იყო, აღარ არის ჩვენი ბაზრისთვის საინტერესო ტექნიკა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ფასით. მთავარი მიზეზი ემისიების კუთხით არსებული რეგულაციებია. სხვადასხვა სპეციალური ტექნიკის მწარმოებლები უკვე გადავიდნენ ახალ სტანდარტებზე და მათი ახალი ტექნიკა ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. ევროპის ბაზარზე წარმოებული ტექნიკა ძირითადად ევრო 3, 4 ან 5-ია, რომელიც არ არის ადაპტირებული ჩვენს რეგიონში არსებულ საწვავზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადრე თუ გვიან ჩვენთანაც დაწესდება შესაბამისი რეგულაციები, რაც თავისთავად გამოიწვევს მოთხოვნის ზრდას ახალ, თანამედროვე სტანდარტების ტექნიკაზე.
დაბოლოს, გეგმებზე ვისაუბროთ. რა შედის თქვენს უახლოესი წლების გეგმაში? უკავშირდება თუ არა ის ახალი ბრენდების შემოყვანას?
პირველ რიგში, რეგიონალური მასშტაბით კიდევ განვითარებას ვგეგმავთ. ვაპირებთ სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში კონკრეტული მიმართულებების გაფართოებას. ჩვენს პორტფელში უახლოეს მომავალში რამდენიმე დიდ ბრენდს დავიმატებთ, რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ამიერკავკასიის ბაზარზე კიდევ უფრო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავერთოთ.
დატოვე კომენტარი