CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia-ის ექსკლუზიურმა ღონისძიებამ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები დააკავშირა

CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia-ის ექსკლუზიურმა ღონისძიებამ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები დააკავშირა

20 ივნისს Stamba Hotel Rooftop-ზე Forbes Georgia-მ ექსკლუზიური ღონისძიება CREATIVITY MEETS TECH გამართა. ღონისძიება Global Tech Weekend 2025-ის ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებამ თავი მოუყარა ტექნოლოგიური, ფინანსური და შემოქმედებითი ინდუსტრიების ლიდერებს. შეხვედრის მიზანი სხვადასხვა სექტორის გავლენიანი ფიგურების დაკავშირება და ცოდნის გაზიარება იყო.

Forbes Georgia-ის მთავარმა რედაქტორმა, შოთა დიღმელაშვილმა, ღონისძიების კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა:

“ტექნოლოგიები არა მხოლოდ ცხოვრების წესს ცვლიან, არამედ იმასაც, თუ როგორ ვყვებით ამბავს, როგორ ვუკავშირდებით ერთმანეთს და როგორც ვუძღვებით საქმეებს. Forbes Georgia-ში ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ ციფრული და ტექნოლოგიური ხედვის დაპრიორიტეტება, არა მარტო საგამომცემლო საქმეში, არამედ იმაშიც, როგორ ვაკავშირებთ ადამიანებს, იდეებსა და ინდუსტრიებს”

მისივე თქმით, CREATIVITY MEETS TECH ბუნებრივი გაგრძელებაა იმ ხედვისა, რომლის მიხედვითაც Forbes Georgia ცდილობს არა მხოლოდ ტენდენციებზე რეაგირებას, არამედ რეგიონის ტექნოლოგიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ორ მნიშვნელოვან ნაწილს:

  • Superstar Panel, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა ინოვაციასა და ტექნოლოგიებზე საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს დამსწრეებს.
  • Ask Me Anything: კითხვა-პასუხის ფორმატი, რომელშიც ინვესტორები მონაწილეობდნენ.

პანელში მონაწილეობდნენ:

  • ჰელენ ჰუანი – Enrich Fiscal Fitness-ის დამფუძნებელი, რომელიც წლებია ფინანსური განათლებისა და სოციალური გავლენის სფეროში მოღვაწეობს;

  • ტომო მორივაკი – Hyperkinetic Studios-ის დიზაინის დირექტორი და ისეთი ლეგენდარული ვიდეოთამაშების ერთ-ერთი ავტორი, როგორებიცაა Call of Duty, Spider-Man და Medal of Honor;

  • დენ ჰერმანი – ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი და სტრატეგიული მრჩეველი, რომლის მუშაობის სფეროები ტექნოლოგია, გეოპოლიტიკა და კულტურა მოიცავს.

პანელის მოდერატორი იყო თენგიზ მესხი, Conceptdigital-ის დამფუძნებელი და CEO.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს შემდეგმა ინვესტორებმა:

  • ისრაელ პონსი – Pitch to the World / CCG Labs-ის თანადამფუძნებელი;

  • ბიბი უიკმენი – PlayCap Investments-ის დამფუძნებელი;

  • მარსელ დრიჯე – EBAN-ის საბჭოს წევრი.


CREATIVITY MEETS TECH-ის სტუმრების თქმით,  მსგავსი ინიციატივები აუცილებელია რეგიონის ტექნოლოგიური და კულტურული ეკოსისტემის გასაძლიერებლად.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ: BAG, NS Studio, Project X და Schuchmann.


2025 წლის დასაწყისში  Forbes Georgia-მ ღონისძიებები პრიორიტეტულ მიმართულებად დასახა. უკვე გამართულმა ღონისძიებებმა, მათ შორის: Forbes Georgia Kickoff 2025-მა, ქალი ლიდერების გაძლიერებისაკენ მიმართულმა 2025 წლის ქალთა კონფერენციამ, Forbes Georgia საბანკო კონფერენციამ და Global Tech Weekend Tbilisi-ს ფარგლებში ჩატარებულმა Creativity Meets Tech ღონისძიებამ ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და გამოცდილების გაზიარებით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს მოუყარა თავი.

ეს ინიციატივები ეხმიანება Forbes-ის გლობალურ მისიას — მისცეს ადამიანებს ცოდნა, რესურსები, შთაგონება და კავშირები, რომელიც წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. ინდუსტრიის ლიდერების, ინოვატორი მეწარმეებისა და გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებით, Forbes Georgia აგრძელებს დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმების შექმნას, რომელთა არსებობაც რეგიონის მომავალს განსაზღვრავს.