Credit Suisse Research Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 2026 წელს, გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით, 40%-ით მეტი მილიონერი ეყოლება. საინვესტიციო ბანკის ეკონომიკისა და კვლევის მიმართულების გლობალურმა ხელმძღვანელმა ხუთწლიანი პერსპექტივა „სიმდიდრის ზრდის გაგრძელებად“ შეაფასა.
Credit Suisse-ის პროგნოზით, 2024 წლისთვის გლობალური სიმდიდრე ერთ ზრდასრულ პირზე $100,000-იან ბარიერს გადალახავს, ხოლო მილიონერთა რაოდენობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 87 მილიონს გადააჭარბებს. „გლობალური სიმდიდრის 2022 წლის ანგარიშის“ თანახმად, აქციების ფასების ზრდისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების შედეგად, გლობალური სიმდიდრე გასულ წელს 9.8%-ით გაიზარდა და $463.6 ტრილიონი შეადგინა. ერთ ზრდასრულზე სიმდიდრე 8.4%-ით, $87,489-მდე გაიზარდა.
გლობალური სიმდიდრის ზრდა ყველა რეგიონზე აისახა, თუმცა გამორჩეული ჩრდილოეთი ამერიკა და ჩინეთი არიან, რომელთაც, პროცენტული თვალსაზრისით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპიც დააფიქსირეს, თითოეულში დაახლოებით 15%. ცნობისთვის, გლობალურად მსოფლიოს 5.2 მილიონი ახალი მილიონერი შეემატა, რომელთა ნახევარიც სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის პროგნოზით, მომავალ ხუთ წელიწადში მილიონერი მოსახლეობის ზრდა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებსაც უფრო მეტად შეეხება. ამჟამად ამ ტიპის სახელმწიფოებზე სიმდიდრის 24% მოდის, თუმცა მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნები გლობალური სიმდიდრის ზრდის 42%-ს შეადგენენ.
ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. კერძოდ აშშ-ში 140,000-ზე მეტი პირის ქონება $50 მილიონს აღემატება, შემდგომ მოდის ჩინეთი 32,710 ადამიანით. Credit Suisse-ის ამჟამინდელი შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით, 2021 წლის ბოლოს მილიონერი მოსახლეობის რიცხვმა 62.5 მილიონს მიაღწია.
დატოვე კომენტარი