შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით Forbes Georgia-სთან განმარტებას აკეთებს. ბანკი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი მასზე „პოლიტიკურ ზეწოლას“ ახორციელებს არის სრულიად უსაფუძვლო. პასუხში ასევე, ნათქვამია, რომ შეფერხებებს არ ჰქონია ადგილი.
ამასთანავე, ბანკი აღნიშნავს, რომ მათ გასაჩივრებული აქვთ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ივანიშვილის სასარგებლოდ $500 მილიონზე დიდი კომპენსაცია დაეკისრათ.
„ნებისმიერი ბრალდება, რომ Credit Suisse-ი ახორციელებს “პოლიტიკურ ზეწოლას”, არის სრულიად უსაფუძვლო. არ ყოფილა არანაირი შეფერხებები. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს განცხადებას, ბერმუდის სასამართლოს მიერ მიღებულ ვერდიქტთან დაკავშირებით. განაჩენი არ არის საბოლოო, რადგანაც ჩვენ ის გავასაჩივრეთ“ – ნათქვამია ბანკის წერილობით პასუხში.
რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse-მა მის ტრასტს საბანკო გადარიცხვები შეუყოვნა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილმა ბანკს დისკრიმინაციისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის უჩივლა.
გუშინ ივანიშვილის ადვოკატმაც, ვიქტორ ყიფიანმაც გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ისგან პრობლემები შეექმნა არამხოლოდ ფულად გადარიცხვებში, არამედ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილების პროცესშიც. საუბარია ბანკის მხრიდან ივანიშვილის ტრასტისთვის მომსახურების გაწევის უგულვებელყოფაზე და შეყოვნებაზე.
„თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა“ – ნათქვამია განცხადებაში.
დატოვე კომენტარი