უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი კვლავ ინვესტორთა ყურადღების ცენტრშია. Credit Suisse-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ბანკის ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელად ფინანსისტი ულრიხ კორნერი დაინიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგება.
59 წლის კორნერი გამოცდილი ფინანსისტი და ბანკირია, ის ათწლეულების განმავლობაში UBS-სა და Credit Suisse-ში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და Credit-ში აქტივების მენეჯმენტის დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ Credit Suisse-ის აწ უკვე ყოფილმა CEO-მ, თომას გოტშტაინმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს, კომპანიის კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად გახდა ცნობილი.
გოტშტაინი შვეიცარიული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას 2020 წლის შემდეგ იკავებს და მას ამ მოკლე პერიოდში არაერთ სკანდალთან და იმედგამაცრუებელ კვარტალურ შედეგთან მოუწია გამკლავება.
გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ზარალის უდიდესი ნაწილი ტრეიდინგ აქტივობის შემცირებითა და საინვესტიციო ბანკინგის შედეგების გაუარესებითაა განპირობებული. გარდა ამისა, ბანკს არაერთ საერთაშორისო სკანდალთან და სასამართლო დავასთან მოუწია გამკლავება, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა შვეიცარიული ფინანსური გიგანტის რეპუტაციასა და სანდოობაზე.
საერთო ჯამში, მეორე კვარტალში Credit Suisse-ის შემოსავლები 29%-ით შემცირდა, აქედან 43%-ით დაეცა საინვესტიციო ბანკინგის შემოსავლები; აქტივებისა და ქონების მენეჯმენტის მიმართულებით კი 25-35%-იანი ვარდნაა.
დატოვე კომენტარი