გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მცირდება.
საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციების ღირებულება თითქმის 7%-ით დაეცა და ამჟამად, ერთი აქციის სავაჭრო ფასი 4.3 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ერთწლიან ჭრილში ბანკის საბაზრო ღირებულება 52%-ითაა შემცირებული, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებიდან დღემდე კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ამჟამად Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.5 მილიარდ ფრანკს შეადგენს, რაც აგრეთვე ისტორიული მინიმუმია.
მართალია, Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ჰყავს, თუმცა საბჭოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინვესტორების დასარწმუნებლად და მათი სამომავლო პროგნოზების გასაუმჯობესებლად.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ზარალის უდიდესი ნაწილი ტრეიდინგ აქტივობის შემცირებითა და საინვესტიციო ბანკინგის შედეგების გაუარესებითაა განპირობებული, გარდა ამისა, ბანკს არაერთ საერთაშორისო სკანდალთან და სასამართლო დავასთან მოუწია გამკლავება, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა შვეიცარიული ფინანსური გიგანტის რეპუტაციასა და სანდოობაზე.
საერთო ჯამში, მეორე კვარტალში Credit Suisse-ის შემოსავლები 29%-ით შემცირდა, აქედან 43%-ით დაეცა საინვესტიციო ბანკინგის შემოსავლები; აქტივებისა და ქონების მენეჯმენტის მიმართულებით კი 25-35%-იანი ვარდნაა.
რაც შეეხება საფონდო ბირჟაზე დღეს დაფიქსირებულ ვარდნას, ის საინვესტიციო ბანკთან მიმართებით დაგეგმილ პოტენციურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, კერძოდ, მარეგულირებლის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, იზრდება იმის შანსი, რომ Credit Suisse-მა ამ მიმართულებით აშშ-ის ბაზარი დატოვოს, ბანკის ძირითადი საქმიანობის პროფილი კი შეცვალოს.
დატოვე კომენტარი